„ოცნების“ თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ლევან მაჭავარიანი 8 სექტემბერს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის შტაბთან „ოცნების“ აქტივისტების მიერ საპროტესტო აქციის მონაწილეების ცემასა და დარბევაზე ამბობს, რომ „რთულია შტაბში მყოფი ადამიანების მოთოკვა“.
„აქ არის „ქართული ოცნების“ თბილისი საარჩევნო შტაბი, სადაც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ და იკრიბება ძალიან ბევრი ხალხი, ჩემი თაობა, ჩემზე პატარა და დიდი თაობა, კაცები, ქალები, გოგოები, ბიჭები და მიდის ძალიან აქტიური მუშაობა. დაგეგმილად მოდის ის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა და არიან ლიბერალური ფაშიზმის მიმდევრები საქართველოში, აორგანიზებენ კარგად გააზრებულ პროვოკაციას შტაბის წინ.
ამ შტაბში იმყოფება ძალიან ბევრი ადამიანი და შესაბამისად ძალიან რთულია ამ ადამიანების მოთოკვა, ვინაიდან ჩვენ ვართ ქართველები და ჩვენი გენეტიკური კოდის განუყოფელი ნაწილია ღირსება და როდესაც ეხებიან შენს ღირსებას და ამას აკეთებენ გამიზნულად, რაღაც საშინელი სიტყვებით ხდება შეძახილები, ძალიან რთულია შტაბში მყოფი ადამიანების მოთოკვა, მიუხედავად იმისა, რომ ამით ვართ დაკავებული.
დღეს რა რაოდენობის ახალგაზრდებიც გარეთ გავიდნენ, ხუთჯერ მეტი შტაბში იმყოფებოდა აქედან გამომდინარე, რომ ჩვენ დაკავებული ვიყავით მოთოკვით და რაღაცნაირად გავაჩერეთ შტაბში, მაგრამ ძალიან რთულია ეს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, რა თქმა უნდა, მოვუწოდებ ყველა ჩვენ მხარდამჭერს, რომ თავი შეიკავოთ, ვინაიდან ეს პირდაპირ გამიზნულია და ემსახურება მათ დღის წესრიგს. ამით უნდათ, რომ დუღილის ტემპერატურა აწიონ“, – ციტირებს ლევან მაჭავარიანს „ინტერპრესნიუსი“.
- რა ხდება?
8 სექტემბერს, საღამოს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, სადაც კახა კალაძის საარჩევნო შტაბია, დაპირისპირება მოხდა. „ქართული ოცნების“ პარტაქტივი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან რუსთაველის გამზირისკენ მიმავალი მარშს ფიზიკურად გაუსწორდა. კალაძის შტაბიდან აქციის მონაწილეებს სხვადასხვა ნივთებს, მათ შორის, წყლით სავსე ბოთლებს ესროდნენ.
დაპირისპირებისას დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტები. რამდენიმე მათგანს კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახა კალაძის შტაბთან მომდიხარ დაპირისპირებაზე გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით დაიწყო.
_____________
ფოტოზე: ლევან მაჭავარიანი. „ოცნების“ პარლამენტარი; ფოტოზე მარჯვნივ – „ოცნების“ მხარდამჭერი კალაძის შტაბის წინ შეურაცხმყოფელი ჟესტით, საკუთარ გენიტალიებზე უთითებს აქციის მონაწილეებს – კადრი ვიდეომასალიდან.