„კიევს ჯერ კიდევ სტუმრობს აშშ-ს პრეზიდენტის წარმომადგენელი. ამ პერიოდში კიევში დარტყმა არ ყოფილა. თუ ასეთი უშიშარია რუსეთი და ამერიკის არ ეშინია, მაშინ რატომ არ ახორციელებს დარტყმებს?“ – კითხვა უჩნდება გადამდგარ გენერალს, ვახტანგ კაპანაძეს, რომელიც ისევ აქტიურად აკვირდება რუსეთ-უკრაინის ომს.
გადამდგარი გენერლის დაკვირვებით, ფრონტის ხაზზე მნიშვნელოვნად არაფერი იცვლება, თუმცა რუსების ისედაც მდორე ტემპი კიდევ უფრო შენელდა, უკრაინელები კი, თავის დაცვას ისევ მედგრად ახერხებენ:
„წინა კვირას თუ რუსებმა დაიკავეს 200 კვადრატული კილომეტრი, ამ კვირაში 120-130 კვადრატულ კილომეტრამდე აქვთ წინსვლა. გაითვალისწინეთ, რომ საუბარია 2 ათას კილომეტრიან ფრონტის ხაზზე….
ჩრდილოეთ კორეის დასახმარებელი რომ გახდება რუსეთი, გასაგებია, რასთანაც გვაქვს საქმე,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალი და ყურადღებას დაზვერვის მონაცემზე ამახვილებს – რუსეთის საბრძოლო მარაგის 40% უკვე ჩრდილოეთ კორეიდან მიღებულიაო.
რუსების სისუსტის ხაზგასასმელად გადამდგარი გენერალი წინა ინტერვიუს გვახსენებს და ეცინება, მაშინ თუ მოტიციკლებით გადაადგილდებოდნენ რუსი ჯარისკაცები, ახლა უკვე ხოხვაზე არიან გადასულებიო: „…საგანგებო მასკ-ხალათებს იყენებენ, რომ შეუმჩნეველი იყვნენ და ასევე სითბოს არ ამჟღავნებს. დრონებმა ვერ უნდა დაადგინოს მათი მდებარეობა, შეუმჩნევლები არიან, მაგრამ ხოხვით რამდენს ივლი?“
„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.
- ბატონო ვახტანგ, პირველ რიგში, ტრამპის შესახებ მინდა გკითხოთ – მან 50-დღიანი ვადა მისცა პუტინს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისთვის. რა იცვლება ამით რუსეთ-უკრაინის ომში?
50 დღე ის პერიოდია, რაც პრაქტიკულად დარჩენილიa ამინდის გაფუჭებამდე, ანუ შემოდგომამდე. ფაქტობრივად, ტრამპმა რუსებს დრო მისცა: თუ რამე შეგიძლიათ, გააკეთეთ და თუ ვერაფერს შეძლებთ, ვისაუბროთ ცეცხლის შეწყვეტაზეო. ჩემი გადასახედიდან ასეა.
- აშშ-ს რატომ შეიძლება აწყობდეს ეს: რუსეთს კიდევ მისცეს შანსი უკრაინაში ბრძოლის გაგრძელებისთვის?
აქ ტრამპზეა საუბარი, ამერიკაზე – ნაკლებად, ტრამპი კი, ბოლომდე არ წირავს პუტინს. როგორც ჩანს, თავისი განცხადებების მიუხედავად, ტრამპი გარკვეულ გზას მაინც იტოვებს პუტინთან.
ფაქტობრივად, ტრამპის ყველა მოქმედება მიმართულია პუტინის „გასათეთრებლად“, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა დაინახა – პუტინი ეთამაშება და ეს მის ეგოზე მოქმედებს. ზოგადად, გარკვეული სიმპატიები, ჩემი აზრით, ტრამპს ჯერ კიდევ გააჩნია პუტინის მიმართ და ეს იგრძნობა.
50 დღე ის დროა, რომლის შემდეგაც საომარი მოქმედების ინტენსივობა ისედაც შემცირდება დიდი ალბათობით: დაიწყება წვიმები, „რასპუტიცა“, ისევ ის მდგომარეობა შეიქმნება, რაც იყო წინა წლების ანალოგიურ პერიოდში.
- ცნობილია, რომ უკრაინა მიიღებს შორეული მოქმედების რაკეტებს, რომლითაც მას შეუძლია დაარტყას რუსეთს ტერიტორიის სიღრმეში, მათ შორის, მოსკოვს. მედიის ცნობით, ტრამპმა ჰკითხა ზელენსკის, შეეძლო თუ არა დაერტყა მოსკოვისთვის… რისკენ იყო მიმართული ეს აქცენტი?
გაზვიადებულია ეს და კონტექსტიდან ამოგლეჯილი. გააჩნია, რა კონტექსტით იკითხა, რა დატვირთვით?
ფაქტი ისაა, რომ ტრამპი რასაც აძლევს უკრაინას, ყველაფერი ნაყიდია და ამით ფული შედის ამერიკაში. ამას არც მალავს ტრამპი. კარგად ჩანს ამერიკული სამხედრო-სამრეწველო კომლექსის ზეწოლა ტრამპზე, როცა მან გადაწყვიტა, საერთოდ აღარ მიეწოდებია იარაღი უკრაინისთვის. ეს ძალიან დიდი გამოწვევა იყო სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის, რომელიც ძალიან დიდ თანხას შოულობს.
ამჯერად ტრამპი არც მწვადს წვავს და არც შამფურს: ამერიკა მოგებას ნახულობს, უკრაინა – იარაღს იღებს.
რაც შეეხება იმას, თუ რას აწვდიან უკრაინას: საუბარია JASS რაკეტების მიცემაზე. ეს არის ჰაერი-ხმელეთის ფრთოსანი რაკეტები, რომლის გაშვებაც შეიძლება F 16-დან, რომელსაც ზოგადად დაახლოებით 300 კილომეტრამდე დაფარვა შეუძლია. თუმცა გააჩნია, რომელ მოდიფიკაციას მისცემენ – ეს დაახლოებით იგივეა, რაც ფრანგული „სკალპი“ და ინგლისური „შტორმ შედოუ“ – თუმცა მათ ზოგიერთ მოდიფიკაციას 900 კილომეტრამდე შეუძლია ფრენა.
მნიშვნელოვანია, ასევე რაოდენობა.
ასევე, ცხადია, რომ „პატრიოტის“ მიცემით ომი არ მოიგება, მაგრამ ამით გაიზრდება დაცულობა. გაურკვევლად გაჟღერდა, რამდენ ერთეულ „პატრიოტს“ აძლევენ უკრაინას: ტრამპმა თქვა 17, თუმცა ალბათ საუბარია 3 კომპლექსზე, სადაც რამდენიმე გამშვებია თავისი მართვის და კონტროლის სისტემებით. ეს არის სავარაუდოდ 3 ბატარეა.
გერმანია და ნორვეგია აპირებდა ამის ყიდვას უკრაინისთვის, უფრო სწორად, ახლის ყიდვას თავისთვის და რაც ამჟამად აქვთ, იმის გადაცემას უკრაინისთვის. ეს ძალიან გაზრდის უკრაინის დაცულობას განსაკუთრებით კი დასახლებული პუნქტების, რასაც რუსები ასე აქტიურად უტევენ.
ასევე, გაჟღერდა, რომ შვეიცარიას მოუწევს თავისი რიგის დათმობა [2022 წლიდან ელოდება].
აშშ-ზე თუ ვსაუბრობთ, საუბარია „ატაკამსების“ მიწოდებაზეც, [გერმანული „ტაურუსის“ მიწოდებას კი არ დაადგა საშველი]. რა თქმა უნდა, რაკეტების მიწოდება მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს მეორე ოპერატიულ ეშელონს ურტყამს და ზურგის კომუნიკაციებზე დარტყმის საშუალებასაც იძლევა. ეს საკმაოდ დაასუსტებს ფრონტის წინა ხაზზე მყოფ რუსეთის ძალებს.
„ტომაჰაუკებზეა“ თითქოსდა ასევე საუბარი, მაგრამ, როგორც ვიცი, „ტომაჰაუკის“ გამშვები სისტემა არ გააჩნია უკრაინას.
ფაქტია, რომ ტენდენცია არის შეიარაღების მიწოდების. უნდა დაველოდოთ მოქმედებებს. ამოცანა არის ის, რომ უკრაინა არ უნდა დამარცხდეს და რუსეთმა არ უნდა მოიგოს. ყველაფერი დანარჩენი მიდის იქეთკენ, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკებები შედეგზე გავიდეს.
- თქვენი აზრით, ტრამპს ისევ სჯერა, რომ მიღწევადია ცეცხლის შეწყვეტა?
მე აქამდე ხაზს ვუსვამდი თქვენთან ინტერვიუში და ახლაც მგონია, რომ წლის ბოლომდე იქნება მიღწეული ცეცხლის შეწყვეტა. ეს არ არის მშვიდობის დამყარება, ან ომის დამთავრება, მაგრამ რაც უფრო ხანგრძლივვადიანი იქნება ეს მშვიდობა, მით უფრო კარგია, რა თქმა უნდა, უკრაინისთვის.
მშვიდობის პერიოდში შეჯიბრის პირობებში ევროპას უფრო მეტად შეუძლია დაეხმაროს უკრაინას, ვიდრე ჩრდილოეთ კორეა – რუსეთს.
- მოსკოვისთვის მუქარები მიუღებელიაო, მარია ზახაროვა ამბობს. თქვენთვის რას აჩვენებს მოსკოვის რეაქცია, როცა დასავლეთი უკრაინისთვის მხარდაჭერის გაძლიერებასა და სანქციების გამკაცრებაზე საუბრობს?
კიევს სტუმრობს ჯერ კიდევ აშშ-ს პრეზიდენტის წარმომადგენელი. ამ პერიოდში კიევზე დარტყმა არ ყოფილა. თუ ასეთი უშიშარია რუსეთი და ამერიკის არ ეშინია, მაშინ რატომ არ ახორციელებს დარტყმებს?
ასევე, კელოგი როცა ჩავიდა კიევში, ზელესკი ხუმრობდა კიდეც CNN-თან ინტერვიუში, მოქალაქეობა უნდა მივცეთ კელოგს, კიევზე დარტყმები რომ აღარ იყოსო.
ასე რომ, ისე არაა, რომ წარბშეუხრული სახით გამოვიდეს ნაბახუსევზე მედვედევი და დაემუქროს ევროპას და სამყაროს განადგურებით, ან კიდევ სალავიოვმა თავის სტუდიაში რაღაცები ილაპარაკოს: რა თქმა უნდა, რუსეთი ანგარიშს უწევს ამ ძალას. საკმაოდ შეშფოთებული არიან ამ დახმარებით, რასაც უკრაინა მიიღებს.
- რაც შეეხება ევროკავშირის ახალ სანქციებს რუსეთის მიმართ – ეს როგორ აისახება რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებზე?
რუსეთის პოტენციალი ისეთია, რომ მან შეძლო გადაეწყო თავისი მრეწველობა სამხედრო ყაიდაზე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სანქციები არ მოქმედებს. ამ ვითარებაში სხვა სფეროები სუსტდება – რუსეთის ეკონომიკა სუსტდება, მისი ფინანსური მდგომარეობა, მარაგები იცლება. მაგალითად, მათი ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ნავთობისა და გაზის პროდუქტების გაყიდვიდან მოგება შემცირებულია 17%-ით. ბოლო 6 თვეში ექვსჯერ გაიზარდა ბიუჯეტის დეფიციტი. ბარელი ნავთობი წლის დასაწყისში 70 $ რომ ღირდა, ახლა 58 $ ღირს და ა.შ.
ჩრდილოეთ კორეის დასახმარებელი რომ გახდება რუსეთი, გასაგებია, რასთანაც გვაქვს საქმე. საუბარია არამარტო 152-მილიმეტრიან ჭურვებზე, რომელიც 12 მილიონი მიაწოდა რუსეთს ჩრდილოეთ კორეამ, ასევე ბალისტიკური რაკეტები NK-23 მიაწოდა ჩრდილოეთ კორემ რუსეთს. როგორც სადაზვერვო წყაროებიდან გამოდის ინფორმაცია, დაახლოებით 40 % საბრძოლო მარაგების, რუსეთისთვის ჩრდილო კორეიდან არის მიწოდებული.
ამას ემატება 30 ათასამდე კაცი ჩრდილოეთ კორეიდან, რომელიც იგზავნება რუსეთში, როგორც მუშახელი – სხვადასხვა ინფორმაციით, თითქოსდა დრონებზე მომუშავე ქარხნებში ასაქმებენ. სანქციები, ცხადია, მოქმედებს, მაგრამ ამ ტემპით და ინტენსივობით – თუ რამე მნიშვნელოვანი არ შეიცვალა – რუსეთს შეუძლია აი, ასეთი მდორედ მიმდინარე საომარი მოქმედებები კიდევ რამდენიმე წელი აწარმოოს.
- ფრონტის ხაზზე რა ცვლილებებია?
ჩამოყალიბებულია სტრატეგიული ჩიხი: რუსებს არ შეუძლიათ მნიშვნელოვანი გარღვევის განხორციელება, უკრაინელები კი, მნიშვნელოვნად ვერ ამცირებენ რუსების სამხედრო პოტენციალს; პუტინს ომის დასრულება არ შეუძლია, ვინაიდან არ უნდა, რომ უმართავი მასა მოუტრიალდეს ფრონტის წინა ხაზიდან და დაბრუნდეს რუსეთის სიღრმეში.
ეს სამხედრო მოსამსახურეები ხელფასს იღებენ ფრონტის წინა ხაზზე ყოფნის დროს და როცა დაბრუნდებიან, მათ შემოსავალი არ ექნებათ. ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაშიც კი, ეს მასა იძულებული იქნება დარჩეს ფრონტის ხაზზე, რაც წესით უნდა აწყობდეს პუტინს.
ოპერატიულ დონეზეც პრინციპულ ცვლილებებს არ აქვს ადგილი: ისევ გრძელდება 5 მიმართულებაზე რუსების შეტევა, თუმცა ისევ ვერ ახერხებენ რომელიმე მიმართულებაზე გარღვევას და კონცენტრირებას.
სუმის, ლიმანის, კუპიანსკის, პოკროვსკის და კონსტანტინოვკის მიმართულებებზე რუსების გაზრდილი აქტიურობა შეინიშნება, რუსები გააქტიურდნენ ხერსონის მიმართულებაზეც – აქ მდინარის დელტაში პატარ-პატარა კუნძულებია და ამ კუნძულების დაკავებას ცდილობენ რუსები საკმაოდ წარუმატებლად: თითოეული კუნძული შემდგომ აღმოჩნდება ხოლმე „სიკვდილის ზონა“, სადაც უკრაინელები არტილერიის ცეცხლით და დრონებით ანადგურებენ იქ შესულ მცირე ჯგუფებს.
რუსების შეტევების მცდელობა გააქტიურებულია პოკროვსკის სამხრეთით – დონეცკის და დნეტროპეტროვსკის ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის მახლობლად, პაკროვკსის ჩრდილოეთით რუსებმა დაიკავეს რამდენიმე დასახლებული პუნქტი.
უკრაინელები რუსების სრულად შეჩერებას ვერ ახერხებენ, თუმცა ვერც რუსები მიდიან აქტიურად წინ. წინა კვირასთან შედარებით შეტევის ტემპი შემცირებულია ორჯერ. მაგალითად, წინა კვირას თუ რუსებმა დაიკავეს 200 კვადრატული კილომეტრი, ამ კვირაში სადღაც 120-130 კვადრატულ კილომეტრამდე აქვთ წინსვლა.
გაითვალისწინეთ, რომ საუბარია 2 ათას კილომეტრიან ფრონტის ხაზზე. ეს ციფრებია მხოლოდ და არაფრის მანიშნებელი არაა. ეს ციფრები მხოლოდ აჩვენებს იმ დაბალ ტემპს, რომელიც რუსებს გააჩნიათ.
სხვა რომ არაფერი, ტორეცკს უტევენ რუსები უკვე ერთი წელია, რაზეა ლაპარაკი? ტორეცკის „აზოვი“ იცავს და მიუხედავად დასახლებულ პუნქტში მიმდინარე ბრძოლებისა, წარმატება არ აქვთ რუსებს.
- უკრაინელებს არ აქვთ შეტევა რომელიმე მიმართულებით?
უკრაინელები აქტიურობენ ბრიანსკის ოლქში. საუბარია უკრაინელების შეჭრაზე – სადაზვერვო ჯგუფების მოქმედება გააქტიურებულია.
სუმშიც შეაჩერეს უკრაინელებმა რუსების წინსვლა, სადაც 2 კილომეტრით იყვნენ შესული და შეაჩერეს.
კურსკში უკრაინელები ინარჩუნებენ დაკავებულ ტერიტორიას, ბელგოროდშიც ინარჩუნებენ და გარკვეულწილად კონტრშეტევასაც ახორციელებენ – აქვთ მცირე წინსვლა.
მეტრებზეა ძირითადად საუბარი: შეტევა – კონტრშეტევა. პრინციპულ ცვლილებებს ადგილი არ აქვს.
წინა ინტერვიუში მოტოციკლეტებზე ვსაუბრობდით, როცა რუსები მოტიციკლეტებით გადაადგილდებოდნენ, ახლა ისინი უკვე ხოხვით გადაადგილდებიან. საგანგებო მასკ-ხალათებს იყენებენ, რომ შეუმჩნეველი იყვნენ და ასევე სითბოს არ ამჟღავნებს. დრონებმა ვერ უნდა დაადგინოს მათი მდებარეობა, შეუმჩნევლები არიან, მაგრამ ხოხვით რამდენს ივლი?
ადრეც გამოიყენებოდა ეს მეთოდი, მაგრამ ამხელა ფრონტზე ამ ძალისხმევით ეს არ გამოუყენებია არავის. რუსები ცდილობენ, როგორმე ჯავშანტექნიკის ნაკლებობა შეავსონ ხალხის ხორცის ე.წ. შტურმებით, თუმცა სამი და ხუთი კაცით შეიძლება რაღაც პოზიცია დაიკავო, მაგრამ გარღვევას ვერ მოახდენ.
- ვიდრე უკრაინა შეიარაღების ახალ მარაგს მიიღებს და კარგი ამინდია, რა შესაძლებლობა აქვს რუსეთს იმ ჩიხიდან გამოვიდეს, რაც თქვენ ახსენეთ?
კარგ ჯარზე ამინდი არ მოქმედებს, როგორც წესი. ვნახოთ, 50 დღე ზუსტად ამისთვის მისცეს რუსეთს, რომ ჩიხიდან გამოვიდეს.
რუსები თითქოს ემზადებიან 16o-ათასიანი დაჯგუფების შექმნაზე, რათა გარდატეხა შეიტანონ დაპირისპირებაში, რაშიც ეჭვი მეპარება. ეს უფრო ან შემოგდებული ინფორმაციაა, რომ მოლოდინი გააჩინონ, ან ჩაანაცვლონ ფრონტის წინა ხაზზე მყოფი არაქათგამოცლილი ნაწილები. ყოველ შემთხვევაში, რომელიმე მიმართულებაზე კონცენტრირება არ ჩანს.
რუსებს, ჩემი აზრით, კიდევ შეუძლიათ წინ წაიწიონ, კიდევ რამდენიმე დასახლებული პუნქტი აიღონ [ან ის, რაც მათგან დარჩა], მაგრამ ეჭვი მეპარება დონბასის საზღვარზეც რომ გავიდნენ.
სავარაუდოდ, დაახლოებით იგივე ვითარება იქნება 50 დღის შემდეგაც. ყოველ შემთხვევაში ტრამპმა უკვე მისცა ფორა რუსებს და ვნახოთ.





