მთავარი,სიახლეები

„მზია ისეთივე ტყვეა, როგორი ტყვეც ასლან აბაშიძეს ჰყავდა“- ადვოკატი მაია მწარიაშვილი

23.06.2025
„მზია ისეთივე ტყვეა, როგორი ტყვეც ასლან აბაშიძეს ჰყავდა“- ადვოკატი მაია მწარიაშვილი

„მზია ისეთივე ტყვეა, როგორი ტყვეც ასლან აბაშიძეს ჰყავდა [გულისხმობს თენგიზ ასანიძეს] და არაფრის ძალით არ ათავისუფლებდა“- განაცხადა მზია ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა 23 ივნისს, სასამართლო სხდომის შემდეგ მედიასთან საუბრისას.

23 ივნისს, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ხელახლა განიხილა აღკვეთის საკითხი და მზია ამაღლობელი ისევ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა თქვა, რომ ყველა ჯერზე აქვს მოლოდინი, რომ სასამართლო ამდენ უსამართლობას ვეღარ დაძლევს, თუმცა ყველა ჯერზე იმედგაცრუებულია:

„ყველა ჯერზე მაქვს რაღაც პროფესიული მოლოდინი, რომ ადამიანი ამას უკვე ვეღარ იზამს, აი, ამას ვეღარ დაძლევს, ასეთ უკანონობაზე ვეღარ წავა, მაგრამ ყველა ჯერზე იმედგაცრუებული ვარ. სასამართლო მოიქცა ისე, როგორც იქცევა ყველა სასამართლო ამ ქვეყანაში და დატოვა მზია ამაღლობელი პატიმრობაში.

აი, მე გამახსენდა ასლან აბაშიძე, რომელსაც ჰყავდა ტყვე და არაფრის ძალით არ უშვებდა, აი, ასეთი ტყვეა მზია ამაღლობელი.

მოსამართლემ თქვა, ამ კატეგორიის საქმეებზე პატიმრობის გადაწყვეტილებას ვიღებთო, ეს არის სამართლებრივად უდიდესი აბსურდი, იმიტომ, რომ აღმკვეთისთვის არა აქვს მნიშვნელობა დანაშაულს, ბათუმის საქმეა იმავე კვალიფიკაციით, სადაც ბრალდებული გირაოთი ჰყავთ გაშვებული“.

შერჩევით სამართალზე საუბრისას ადვოკატს ჰკითხეს ასევე შინაგან საქმეთა მინისტრის, გელა გელაძის მამის მიერ ჩადენილი დანაშაულისა და მისი გირაოთი გათავისუფლების შესახებ. შს მინისტრის მამამ, პოლიციელმა დავით გელაძემ, 18 წლის ბიჭი დაჭრა, სასამართლომ კი ის 15-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

„დიახ, ამ შემთხვევაში გამოიყენა გირაო სასამარლომ, მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურა ითხოვდა პატიმრობას და რისი ნიშანია ეს? – რა თქმა უნდა, ამას დიდი გამოცნობა არ სჭირდება. აი, იმის ნიშანია, რაც ხდება დღეს ჩვენს მართლმსაჯულებაში, როგორც გაუხარდებათ ისე ჭრიან და კერავენ. გასაგებია, რომ ეს ლამაზი თვალების გამო არ არის და ამის უკან სხვადასხვა ინტერესია. ახსნაც უხერხულია, ზედაპირზე დევს.

მზიამ, ასე ვთქვათ, ერთხელ მსუბუქად გაულაწუნა ბატონ დგებუაძეს და დღემდე იმყოფება ტყვეობაში, მაშინ როდესაც ეს საქმე და სხვა არაერთი საქმე, რაც უფრო მძიმე შემთხვევა იყო… მე ვიცი ბათუმში იმავე კვალიფიკაციის საქმე, სადაც შორს რომ არ წავიდეს სამართალწარმოება, გირაო გამოიყენეს, იმავე კვალიფიკაციით, იმავე მუხლის შემთხვევაში, იქ კაცია. კაცი გირაოთი გამოუშვეს გარეთ, მზია ქალია და ამასთან – პირადი ტყვეა“.

ადვოკატმა ასევე განმარტა, რატომ არ არის მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვების არგუმენტი დანაშაულის შესაძლო ჩადენა, რასაც ასახელებს პროკურორი და ეყრდნობა მოსამართლეც.

„პატიმრობის შეფარდების, შენარჩუნების მტკიცების ტვირთი ევალება პროკურორს და არა დაცვას. საერთოდ რომ არ ჰყავდეს ადვოკატი ბრალდებულს, ბრალმდებელმა უნდა გასწიოს ეს მტკიცების ტვირთი და მტკიცებისთვის მას აქვს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი.

მოსაზრებებს კი არ უნდა გვიზიარებდეს პროკურორი, მე მიმაჩნია, რომ მზია ჩაიდენს დანაშაულსო. პროკურორს რა გონია, არავის არ აინტერესებს, მან მტკიცებულებებით უნდა გასწიოს მტკიცების ტვირთი, მაგრამ უბედურებაც იმაშია, რომ არც სასამართლოს აინტერესებს, პროკურატურა აწევს თუ არა ამ ტვირთს, არც ეკითხება და არც პროკურორი იწუხებს თავს, მანაც იცის, რომ სასამართლო ისედაც გააკეთებს ამას.

ასე რომ, ჩვეულებრივი ფარსია, ახალი და დასაბუთებული არაფერია“ – ამბობს მაია მწარიაშვილი.

ამავე თემაზე: 

მზია ამაღლობელი მოსამართლემ უკანონო პატიმრობაში დატოვა – რეპორტაჟი სასამართლოდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: