ქობულეთის შემოვლით გზაზე, ბოლო შვიდ წელში, ავარიის შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა და 212 დაშავდა. ეს ორზოლიანი გზა ორ ნაწილად – 2014 და 2018 წლებში გახსნეს. 2023 წელს კი შემოვლითი გზის ოთხზოლიან მაგისტრალად გადაკეთებაზე დაიწყეს მუშაობა. ქობულეთის შემოვლითი გზის სიგრძე [შეკვეთილიდან ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებამდე] 31,7 კილომეტრია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და „ბათუმელების“ მონაცემებით, მთლიანობაში, 2018 წლიდან – 2025 წლის 17 ივნისამდე პერიოდში – ქობულეთის შემოვლით გზაზე 101 ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა 27 და დაშავდა სულ ცოტა 212 ადამიანი. ქობულეთის შემოვლით გზაზე 2014 წლიდან 2018 წლამდე პერიოდში მომხდარი ავარიების შესახებ კი, მონაცემები არ გვაქვს.

„ბათუმელებს“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში უთხრეს, რომ აღნიშნული გზის ოთხზოლიან მაგისტრალად მოდერნიზების პროექტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის [გზშ] დოკუმენტის მომზადება. გზშ-ზე „მიმდინარეობს სამუშაოები და შემოდგომაზე უნდა დასრულდეს“, – მოგვწერეს 17 ივნისს დეპარტამენტიდან.

როდის დაიწყება უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები ამ ეტაპზე უცნობია, ვინაიდან გზშ-ს დოკუმენტის დამტკიცების შემდეგ, მოსაძიებელი იქნება მშენებლობისთვის საჭირო თანხა, სამუშაოების შესყიდვაზე კი, შემდეგ ტენდერი უნდა გამოაცხადონ.

ქობულეთის შემოვლითი გზის ოთხზოლიანად გადაკეთებისთვის რომ გზშ იყო საჭირო, ეს გადაწყვეტილება [სკოპინგის დასკვნა] გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 2024 წლის 27 ნოემბერს მიიღო. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გზშ-ის ანგარიში სწორედ ამ სკოპინგის დასკვნის შესაბამისად უნდა მოამზადოს.

სკოპინგის დასკვნის მიხედვით, „სამი ალტერნატიული ვარიანტიდან უპირატესობა მიენიჭა II ალტერნატივას, რაც დამატებითი ორზოლიანი გზის მოწყობას ითვალისწინებს კომბინირებულად, არსებული ორზოლიანი გზის როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა მხარეს.

ასაშენებელი გზა, პროექტის მიხედვით, მიუყვება არსებულ ორზოლიან გზას პარალელურად თითქმის მთლიან სიგრძეზე მარცხენა მხრიდან და მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთებში გადადის არსებული გზის მარჯვენა მხარეს, მრუდების გაუმჯობესების მიზნით.

ქობულეთის შემოვლითი გზის პარალელური ახალი გზის სიგრძე 30.37 კილომეტრი იქნება.

საავტომობილო გზის დერეფანში ასევე გათვალისწინებულია ორი დამატებითი კვანძის მოწყობა და არსებული გვირაბების პარალელურად 2 ახალი, ორზოლიანი გვირაბის მშენებლობა. გვირაბები აშენდება სოფ. ქვედა აჭყვასთან და დაბა ჩაქვთან. პირველი გვირაბის [ქვედა აჭყვასთან] სიგრძე შეადგენს 250 მეტრს, ხოლო მეორე გვირაბის [ჩაქვთან] – 164 მეტრს.

ასევე დაგეგმილია ახალი ხიდების და გზაგამტარების ბურჯების მოწყობა, რომლებიც განთავსებული იქნება, არსებული ხიდებისა და გზაგამტარების ბურჯების გასწვრივ. საპროექტო კვანძების ადგილმდებარეობები, კონსტრუქციული გადაწყვეტები და შესაბამისი საპროექტო ნახაზები წარდგენილი იქნება გზშ-ის ეტაპზე.

საპროექტო გზაზე მაქსიმალური დასაშვები სიჩქარე იქნება 120 კმ/სთ.

პროექტის შერჩეული ვარიანტით ახალი გზის ზემოქმედების ქვეშ ხვდება – 581 მიწის ნაკვეთი საერთო ფართობით – 10 031 191 კვ.მ. აქედან კერძო საკუთრების მიწის ნაკვეთების რაოდენობაა – 193; მთლიანი ფართობი – 2 491 944 კვ.მ.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ უკვე გამოსყიდული ნაკვეთების რაოდენობა [სკოპინგის ანგარიშის მიხედვით] იყო – 246. სულ სავარაუდო განსახლების ღირებულება კი შეადგენდა – 19 252 485 ლარს.

„ოცნების“ მთავრობის 2025 წლის 7 აპრილის განკარგულებით კომპენსაცია გაიცემა თვითნებურ სარგებლობაში არსებულ დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთებზეც, რომლებსაც ეს პროექტი შეეხება.

ამ თემაზე ვრცლად: კომპენსაცია თვითნებურად დაკავებულ მიწებზეც გაიცემა – სარფისა და ქობულეთის ავტობანის პროექტები

გზშ-ის ანგარიშში, დეპარტამენტის მიერ ასევე წარმოდგენილი უნდა იყოს:

„დაგეგმილი საქმიანობების დეტალური აღწერა; საჭიროების დასაბუთება; მთლიანი გზის და საპროექტო გზის გენერალური გეგმა, მაღალი გარჩევადობით, სადაც დატანილი იქნება გზის შემადგენელი ინფრასტრუქტურული ობიექტები; უახლოეს საცხოვრებელ სახლამდე, მდინარემდე და სხვა შესაძლო ზემოქმედებას დაქვემდებარებულ ობიექტებამდე დაზუსტებული მანძილები;

ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელების მოწყობის შესახებ ინფორმაცია;

დეტალური ინფორმაცია/გეგმა ბურღვა-აფეთქებების სამუშაოების სიხშირის შესახებ. დაზუსტებული ინფორმაცია ფერდობის მოხსნის საჭიროების შესახებ, შესაძლო გეოდინამიკური რისკების გააქტიურებისა და მათი მართვის ღონისძიებების მითითებით;

ევაკუაციის შემთხვევაში საჭირო გასასვლელების მოწყობის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია;

ინფორმაცია ფიზიკური/ეკონომიკური განსახლების შესახებ [არსებობის შემთხვევაში]; ზემოქმედებას დაქვემდებარებული მიწის ნაკვეთების მფლობელების ინფორმირებისა და მათთან შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

ინფორმაცია პროექტთან დაკავშირებით ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირების, ასევე საჯარო განხილვაზე გამოთქმული მოსაზრებების/შენიშვნების დეტალურად განხილვისა და მათი გათვალისწინების შესახებ;

ბიომრავალფეროვნებაზე მოსალოდნელი ზემოქმედების დამატებითი კვლევა, რომლის ფარგლებშიც საჭიროა დეტალურად აღიწეროს საპროექტო ტერიტორიაზე არსებული ფლორა და ფაუნა… კვლევის შედეგების მიხედვით, განახლდეს შემარბილებელი ღონისძიებები და შემუშავდეს ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის გეგმა;

ხმაურის გავრცელებით მოსალოდნელი ზემოქმედება დეტალურად შეფასებული უნდა იქნaს გარემოს სხვადასხვა კომპონენტზე, შესაბამისი შემარბილებელი და პრევენციული ღონისძიებების მითითებით;

შესაძლო პირდაპირი და არაპირდაპირი ზემოქმედების შეფასება ისტორიულ, კულტურულ და არქეოლოგიურ ძეგლებზე, შემარბილებელი ღონისძიებების მითითებით;

სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, საპროექტო მონაკვეთზე იკვეთება არქეოლოგიურად სენსიტიური რამდენიმე წერტილი, შესაბამისად გზშ-ის ანგარიშში წარმოდგენილი უნდა იყოს არქეოლოგიური კვლევის ანგარიში;

წარმოდგენილი უნდა იქნას ინფორმაცია ცხოველთა გადასასვლელების მოწყობის შესახებ [არსებობის შემთხვევაში] და ა.შ.“

რაც შეეხება სკოპინგის ანგარიშს, ის მომზადებული იყო ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების პროექტის საფუძველზე.

ამ თემაზე ვრცლად:

„დასრულდება ავტობანის მშენებლობა“ – „ოცნების“ შეუსრულებელი საარჩევნო დაპირება

 

 

Published by თედო ჯორბენაძე

თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com

Exit mobile version