მოსკოვის ოლქში დრონები თავს დაესხა უპილოტო საფრენი აპარატების ქარხანას – ინფორმაცია ამის შესახებ რუსულ წყაროებში ვრცელდება.
მოსკოვის მერი, სერგეი საბიანინი ტელეგრამზე წერს, რომ „წინასწარი ინფორმაციით, სერიოზული ნგრევა ან მსხვერპლი არ არის“ და „ჩამოვარდნილი ნამსხვრევების ადგილზე სასწრაფო დახმარების სპეციალისტები მუშაობენ“.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში, 27 მაისს და 28 მაისს, დილის 7:00 საათამდე, საჰაერო თავდაცვის განგაშის სისტემებმა მოსკოვის ოლქის, ბრიანსკის, ბელგოროდის, ვლადიმირის, ვორონეჟის, ივანოვოს, კალუგის, კურსკის, ორიოლის, რიაზანის, სმოლენსკის, ტვერისა და ტულის ოლქების ტერიტორიებზე 296 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
ამავე დროს, რუსულ ტელეგრამ არხებზე ქვეყნდება დრონების და დარტყმის შემდეგ აფეთქებისა და ხანძრის ამსახველი ვიდეოები.
ვიდეოში ისმის, როგორ ამბობენ ადგილობრივი მაცხოვრებლები, რომ „კრონშტადტს კვლავ დარტყმა მიაყენეს“. „კრონშტადტის“ ვებგვერდზე მითითებულია, რომ კომპანია ქმნის უპილოტო საფრენ აპარატებსა და საავიაციო აღჭურვილობას.
ტელეგრამ-არხები: ASTRA და Baza იუწყებიან, რომ დრონმა ზელენოგრადში [მოსკოვის ოლქი] ელმას ტექნოლოგიურ პარკს შეუტია. გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს დაზიანებული შენობის ფასადი და ჩამსხვრეული ფანჯრები.
____________
ფოტოზე: კადრი ASTRA-ს ტელეგრამზე გამოქვეყნებული ვიდეოდან