9 აპრილს ბათუმში „თავისუფლების მოედნის“ წარმომადგენლები აჭარაში, მოქალაქეებთან ერთად აპირებენ, რომ ადრიანი დილიდან შეიკრიბონ 9 აპრილის მემორიალთან ბათუმში და ასე სოლიდარობა გამოუცხადონ პოლიტპატიმრების ოჯახებს.

„მთელი დღის განმავლობაში ვიქნებით მემორიალთან და არ ვაპირებთ, ფარისევლებს და რუსული მთავრობის წარმომადგენლებს დავუთმოთ ეს ისტორიული დღე.

გთავაზობთ ყველა მსურველს, დილის 8:00 საათიდან შემოგვიერთდეთ მემორიალთან და დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ღირსება.

ჩვენ შევძლებთ დავიბრუნოთ ქვეყანა“ – წერია სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

დღეს, 8 აპრილს, ღამით, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სადაც 9 აპრილის მემორიალი დგას, სინდისის პატიმრების მშობლები და ოჯახის წევრები დარჩებიან ღამის გასათევად.

ტრადიციულად, 9 აპრილს მემორიალთან ხელისუფლების წარმომადგენლები მიდიან ხოლმე, რათა ამ დღეს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგონ.

„რუსული რეჟიმის ვერცერთი წარმომადგენელი, თავისი ფარისევლური ცერემონიებით მემორიალს ვერ მოუახლოვდება” – ამბობენ პატიმრების მშობლებისა და ოჯახის წევრები განცხადებაში.

რეჟიმის ერთ-ერთი ტყვე საბა სხვიტარიძე ციხიდან მოწერილ წერილში ხალხს მიმართავს: „სინდისის პატიმრების სახელით მინდა მივმართო ხალხს: გთხოვთ, გვერდით დაუდგეთ და დაიცვათ ჩვენი მშობლები. ძნელია საკნიდან უყურო ბრძოლის წინა ხაზზე მდგომ მშობელს და ვერ შეძლო მის გვერდით ყოფნა. ამიტომ, 8 აპრილს ძალიან ბევრი უნდა იყოთ რუსთაველზე!”.

Published by ია ფრანგიშვილი

ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან

Exit mobile version