მთავარი,სიახლეები

„უკრაინელებმა დროულად გაიგეს რუსების ჩანაფიქრი და აღკვეთეს“ – ინტერვიუ პოლკოვნიკთან

28.03.2025
„უკრაინელებმა დროულად გაიგეს რუსების ჩანაფიქრი და აღკვეთეს“ – ინტერვიუ პოლკოვნიკთან

მოლაპარაკების მიუხედავად, ცეცხლის შეწყვეტას რუსეთ-უკრაინის ომში არ ელოდება პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე. რუსეთს ტერიტორიების დაკანონება სურს, რასაც უკრაინა ხელს არ მოაწერს, მხოლოდ სანქციების მოხსნას კი, პუტინი წარმატებად რუსეთშიც ვერ გაასაღებსო – თავის დაკვირვებას გვიზიარებს პოლკოვნიკი.

„ეს ძალიან გრძელი ომი იქნება. გრძელ ომში ყოველთვის რომელიღაც იღლება და იფიტება. აქაც ეს იქნება მთავარი მომენტი – რომელი ქვეყანა გამოიფიტება პირველი… უკრაინამ სერიოზული მსხვერპლი გაიღო, მაგრამ ძალიან ძლიერი სახელმწიფოა – ევროპელები გიჟები უნდა იყვნენ, უკრაინა ახლა რომ მიატოვონ. მორალური მხარის გარდა, პრაქტიკულ მხარეს ვგულისხმობ. უკრაინა არის ქვეყანა, რომელსაც რუსეთის დამარცხება ბრძოლის ველზე შეუძლია,“ – გვიყვება პოლკოვნიკი.

პოლკოვნიკი ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ ბოლო დროს რუსეთი ძირითადად საჰაერო რაკეტებით და დრონებით იბრძვის, პოლკოვნიკის თქმით, ასე იმიტომ ხდება, რომ მას სახმელეთო ძალების რესურსი აღარ ჰყოფნის, კურსკის ოლქში შეჭრილი უკრაინელები კი, რუსებმა ვერ გამოდევნეს და ვერც ალყაში მოაქციესო.

„კურსკის ოლქში რუსების ძირითადი გეგმა იყო ზურგიდან მოჰქცეოდნენ უკრაინულ ქვედანაყოფებს და ალყაში მოექციათ, მაგრამ უკრაინელებმა დროულად გაიგეს რუსების ეს ჩანაფიქრი და აღკვეთეს,“ – გვითხრა პოლკოვნიკმა.

„ბათუმელებმა“ პოლკოვნიკ ლაშა ბერიძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი მოადგილეა.

  • ბატონო ლაშა, რა გაირკვა რუსეთსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკების მორიგი რაუნდით, რომელიც ისევ საუდის არაბეთში გაიმართა?

მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა ჯერჯერობით შედეგი არ არის. მე აქამდეც ვამბობდი, რომ რუსეთს არ აწყობს ცეცხლის შეწყვეტა.

ერთადერთი, რუსეთს შეიძლება აწყობდეს ცეცხლის შეწყვეტა პირობების გარეშე, რაც მიღწევადია და უკრაინასაც დაიყოლიებდნენ ამაზე, მაგრამ რუსეთს სურს ტერიტორიების დაკანონება, სანქციების მოხსნა და ასე შემდეგ. თქვეს, შავ ზღვაზე შევწყვეტთ ცეცხლსო, ანუ იქ, სადაც აშკარა უპირატესობა – სტრატეგიული და ოპერატიულიც, უკრაინას აქვს. თუმცა, ამ ნაწილშიც რუსეთი ამბობს, რომ შავ ზღვაზე ცეცხლის შეწყვეტას სანქციების მოხსნის შემთხვევაში დათანხმდება.

რუსეთის პოზიციაა, რომ შავ ზღვაზე ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება იმ შემთხვევაში, თუ სანქციებს მოუხსნიან რუსულ ბანკებს.

რაც შეეხება ტერიტორიების დაკანონებას, ამას რუსეთი ვერ მიიღებს. ეს არის საკითხი, რასაც უკრაინა არასდროს მოაწერს ხელს. თანაც, საკმაოდ დიდი კოალიცია შეკრიბა უკრაინამ ევროპაში. ტრამპმა ზეწოლა რომც განახორციელოს უკრაინაზე, მაინც შეძლებენ ამის დაბალანსებას. მეორეცაა: ტრამპისთვის წამგებიანია უკრაინა აიძულოს, ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს. მე არა მგონია, რომ ასეთი ზეწოლა იყოს აშშ-ს მხრიდან.

დღეს ცეცხლის შეწყვეტაზე სხვადასხვა რიტორიკა გვესმის. როგორც ჩანს, ტრამპის გუნდშიც განსხვავებული აზრებია, მაგრამ მიღწევადი ჩანს მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტა 30 დღით პირობების გარეშე. რუსეთი ახლა ისე მოქმედებს, როგორც ისტორიულად მოქმედებდა: წელავს დროს და ცდილობს, მოიგოს დროს. რუსეთი არასახარბიელო სიტუაციაშია და ცდილობს, რაღაცას მაინც გამორჩეს ამერიკას – მინიმუმ საკუთარ იზოლაციას მაინც. ამ დროის განმავლობაში რუსეთი უკვე ესაუბრება ძლიერი სახელმწიფოს ლიდერებს დასავლეთში.

  • თქვენი აზრით, შეიძლება სანქციები მოუხსნან რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ? 

ვფიქრობ, ამაზე შეიძლება წავიდეს დასავლეთი, თუმცა არ ვიცი, რა ფასად, ტერიტორიების დათმობა კი, არის სრული წითელი ხაზი და ეს კარგად ესმით რუსეთში. ამიტომაც ვფიქრობ, რომ რუსეთისთვის ერთადერთი ალტერნატივა ომის გაგრძელებაა. სხვაგვარად რა უნდა უთხრას პუტინმა თავის აუდიტორიას, ამხელა ომი იმიტომ ვაწარმოვე, სანქციები რომ მოეხსნათო?

პუტინი ცდილობს, შეცვალოს მსოფლიოს წესრიგი რუსეთის სასარგებლოდ. მას სურს, რუსეთი გამოჩნდეს რელევანტურ მოთამაშედ. პუტინს სურს ისე წარმოჩნდეს სიტუაცია, რომ აი, ნატოს ხელი გადაუგრიხა თითქოს. ვიზუალურად შესაძლოა რაღაც ჩანდეს, რომ მოქმედებს, მაგრამ რეალურად რუსეთმა ვერავის ვერაფერი ვერ გადაუგრიხა. ეს აბსურდია.

ის მოსაზრებაც, რომ რუსეთი აშშ-ს დათმობას აიძულებს, აბსურდია. შესაძლოა, რაღაც დათმობა იყო კონკრეტული პირობის მიღების სანაცვლოდ, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ მოლაპარაკებაა, რეალური დათმობა მე არ მინახავს.

რუსეთს კი, ტერიტორიული დათმობის გარდა სხვა რამ არ აინტერესებს. შავ ზღვაზე ისედაც ვერაფერს აკეთებს და დასავლეთი თუ ამის ფასად სანქციებს მოუხსნის რუსეთს, ეს წაგებული დათმობა იქნება.

თუმცა არ გამოვრიცხავ, ეს მოხდეს. სანქციები მაინც ისეთი თემაა, რომ შესაძლოა, გარკვეული შერბილებები.

  • თქვენთვის რაზე მიუთითებს ცვლილება რუსეთის დელეგაციის შემადგენლობაში? ლავროვი და უშაკოვი ჩაანაცვლეს ფსბ-ს მე-5 განყოფილების ყოფილმა უფროსმა – სერგეი ბესედამ და გრიგორი კარასინმა – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ.

ამით მნიშვნელოვნად არაფერი იცვლება, უბრალოდ დაბალი იერარქიის პირები გაუშვეს მოლაპარაკებაში. რუსეთი ისეთი სახელმწიფოა, რას შეცვლის კარასინი, ან ლავროვი? ერთი შეწვი, მეორე – მოხრაკე.

  • თქვენი ვერსიით, რაზე შეიძლება ჰქონდეს გათვლა პუტინს, აქვს ომის გაგრძელების რესურსი? 

პუტინის გათვლაა, რომ ტურბულენციას მიაღწიოს ყველაფერში, პრობლემები შექმნას. პუტინი ფიქრობს, რომ თუ ომს გააგრძელებს, მას რაღაცას დაუთმობენ, რაღაც მის სასარგებლოდ მოხდება.

ომის შეწყვეტით კი, მის სასარგებლოდ არაფერი იცვლება.

  • ამასობაში, უკრაინა რამდენად ძლიერდება? სამშვიდობო ძალების შესვლა უკრაინაში რას ცვლის? 

სამშვიდობოების შესვლას უფრო სიმბოლური და პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს: ევროპელ და ნატოს ჯარისკაცებზე თავდასხმა ძალიან რთული იქნება. მეორე მხრივ, ეს იქნება პუტინისთვის სახეში გალაწუნება, რომ ნატოს ქვეყნის ჯარისკაცები მისი ქვეყნის საზღვართან უფრო ახლოს მივლენ.

ევროპელი ჯარების გაგზავნა უკრაინაში ასევე არის კონტრბალანსი ტრამპის ცნობილი განცხადებების შემდეგ. გასაგებია, რომ სამშვიდობო ძალებს წინა ხაზზე არ შეიყვანენ, მაგრამ ეს არის პოლიტიკური მხარდაჭერის აქტიური ფორმა, რომ უკრაინა იღებს და მიიღებს იმას, რაც მას სჭირდება. უკრაინას რეალურად სჭირდება ბევრი შეიარაღება და თავდაცვის საშუალებები, რომ ომი გააგრძელოს რუსეთთან.

უკრაინამ უნდა შეინარჩუნოს დასავლეთის მხარდაჭერით ტექნოლოგიური უპირატესობა, რაც მას ამ ომში აქვს.

დღეს უკრაინაში ამერიკულ შეიარაღებას ალტერნატივა არ აქვს, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვით სისტემებზე თუ ვისაუბრებთ, თუმცა ვხედავთ ევროპელების ფინანსურ აქტიურობას, თავიანთი ქვეყნების უსაფრთხოების გაზრდას. ვფიქრობ, უკრაინა ევროპისგან უფრო და უფრო მეტ მხარდაჭერას მიიღებს.

  • რამდენად იცვლება უკრაინის რესურსები ისე, რომ მან უახლოეს წლებში ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება შეძლოს? 

ეს ძალიან გრძელი ომი იქნება. გრძელ ომში ყოველთვის რომელიღაც იღლება და იფიტება. აქაც ეს იქნება მთავარი მომენტი – რომელი ქვეყანა გამოიფიტება პირველი.

ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინა გაძლიერდეს შეიარაღების თვალსაზრისით და ეკონომიკურად არ გამოიფიტოს. უკრაინამ სერიოზული მსხვერპლი გაიღო, მაგრამ ძალიან ძლიერი სახელმწიფოა. ევროპელები გიჟები უნდა იყვნენ, უკრაინა რომ ახლა მიატოვონ. მე მორალური მხარის გარდა, პრაქტიკულ მხარეს ვგულისხმობ. წინა ინტერვიუშიც გითხარით და ახლაც ვიმეორებ: უკრაინა არის ქვეყანა, რომელსაც რუსეთის დამარცხება ბრძოლის ველზე შეუძლია.

ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ უკრაინა შექმნის დიდ ჯარს და ოკუპირებულ ტერიტორიებს გაათავისუფლებს. ეს მოხდება ისე, როგორც აქამდე ხდებოდა – რუსები გამოიფიტებიან და ნელ-ნელა, მეთოდურად ოკუპირებულ ტერიტორიებს დათმობენ.

  • უკრაინის პრეზიდენტმა, ზელენსკიმ ფრანგულ გამოცემა Le Figaro-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამ გაზაფხულზე რუსეთი კვლავ გეგმავს სუმისა და ხარკოვის რეგიონებზე თავდასხმას. ზელენსკი მიიჩნევს, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკების ფონზე, პუტინი „ცდილობს მოიგოს დრო“ სუმისა და ხარკოვის რეგიონებზე თავდასხმისთვის მოსამზადებლად. რამდენად რეალურია, პუტინს ამ ეტაპზე ეს გეგმა ჰქონდეს? 

რეალურია, კი.

როგორც უკრაინელები ცდილობენ ბელგოროდოზე თავდასხმას და ახალ დარტყმებს, რუსეთი ცდილობს, რომ მოსაზღვრე რაიონებს დაარტყას, სადაც ამის შესაძლებლობა მიეცემათ. იმდენად გაწელილია ფრონტის ხაზი, რომ მასშტაბური ოპერაციის ჩატარება, ან ძლიერ ალყაში უკრაინელების მოქცევა არ შეუძლიათ, მაგრამ ასეთ დარტყმას ეცდებიან. ამ ომმა ისეთი სახე მიიღო, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ერთი სოფელი აქეთ იქნება, თუ იქეთ, მაგრამ ეს მდგომარეობა თუ შენარჩუნდება, რუსეთს გამარჯვება არ უწერია.

  • რა სიტუაციაა უშუალოდ ფრონტის ხაზზე? ბოლო მონაცემებით, რუსეთის ჯარებმა 28 მარტს უკრაინაზე იერიში მიიტანეს უპილოტო საფრენი აპარატებით ოდესაზე, დნეპროპეტროვსკზე, პოლტავაზე.

ეს უფრო ტაქტიკური მოქმედებებია. მნიშვნელოვანი არაფერი ხდება.

რუსებმა სცადეს უკრაინელების გამოდევნა კურსკის ოლქიდან, წარმატებას მიაღწიეს კიდეც მთელ რიგ მონაკვეთზე, მაგრამ უკრაინელებმა შეძლეს ძალების მოკრება ძალიან რთულ მომენტში. უკრაინელებმა შეძლეს პოზიციების შენარჩუნება.

ჩემი აზრით, ადრე თუ გვიან უკრაინელებს მოუწევთ ამ ტერიტორიის დატოვება და სხვა მიმართულებაზე გადაჯგუფება. უკრაინელებმა გამოიცნეს რუსების შეტევის მიმართულება, მათი გეგმა და საწინააღმდეგო ზომები მიიღეს. კურსკის ოლქში რუსების ძირითადი გეგმა იყო ზურგიდან მოჰქცეოდნენ უკრაინულ ქვედანაყოფებს და ალყაში მოექციათ, მაგრამ უკრაინელებმა დროულად გაიგეს რუსების ეს ჩანაფიქრი და აღკვეთეს.

  • აფეთქებები იყო ისევ რუსეთის სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში. უკრაინის მონაცემებით, ამ დრომდე ქალაქ ენგელსში მდებარე სამხედრო აეროდრომზე დარტყმის შედეგად რუსეთმა დაკარგა საჰაერო ბაზირების 96 ფრთოსანი რაკეტა. რა მასშტაბის დანაკარგია ეს რუსეთისთვის?

ასეთი დანაკარგებით მიიღწევა საბოლოო გამარჯვება.

მნიშვნელოვანია, რომ მიდის რესურსების ომი. ამ ომში მნიშვნელოვანია, მოწინააღმდეგეს რესურსები, განსაკუთრებით ლოჯისტიკური რესურსები გაუნადგურო. ერთი და იგივე მეთოდით მოქმედებს ორივე მხარე.

  • უკრაინის წარმატებისთვის მთავარი ფაქტორი ამ ეტაპზე ევროპის დროული მობილიზებაა? 

თუმცა ევროპის მობილიზება მსოფლიოს წესრიგზეა დამოკიდებული.

აქ მთავარი საკითხია, რამდენად შეძლებენ ევროპელები თავიანთი კონტინენტის დაცვას. თანხების მობილიზება ევროპას არ გაუჭირდება, ყველა მდიდარი ქვეყანაა და ტექნოლოგიურადაც წინ არიან, პრობლემაა უფრო ის, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპა იყო თეთრ ცხენზე შემჯდარი, რომელსაც ამერიკა ჰქვია. მას ბევრი ხარჯის გაწევა არ უწევდა.

ევროპის ქვეყნები დღეს ხარჯის გასაღებად მზად არიან, მაგრამ ლიდერები კარგად ხვდებიან, რომ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა დამოუკიდებლად უნდა შექმნან. ეს იქნება ევროპული სახის ნატო, თუ სხვა რამ, ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია. ძალიან საინტერესოა ამაში როგორ ჩაერთვებიან დიდი ბრიტანეთი და თურქეთი. დანარჩენი ქვეყნები ამ საკითხში, ცხადია ორბანის გამოკლებით, უნიკალურია. ახალ მსოფლიო წესრიგში ევროპას სჭირდება ის, რომ იყოს რელევანტური მოთამაშე, რომელსაც ექნება ძლიერი უსაფრთხოების გარანტიები.

ვფიქრობ, ეს ევროპას შეუძლია, მაგრამ ამას უცებ ვერ გააკეთებენ, დრო სჭირდება.

როგორც კი საშუალება ექნება რუსეთს, ის ახალ იერიშს დაიწყებს. ამ ეტაპზე მას არ აქვს მასშტაბური შეტევის რესურსი და ამიტომაცაა გადასული საჰაერო რაკეტებით და დრონებით თავდასხმაზე, სახმელეთო ძალების მობილიზება მას არ შეუძლია.

  • ქართული ოცნების“ კომისიაზეც მინდა გკითხოთ, სადაც სამხედრო პირებს იბარებენ და აგვისტოს ომთან დაკავშირებით უსვამენ კითხვებს. თქვენთვის, როგორც სამხედრო პირისთვის, რა კითხვები შეიძლება ჰქონდეთ პოლიტიკოსებს 2008 წლის ომზე ჰააგის და სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოების შემდეგ?

მე ამ თემის სერიოზული განხილვა არ მსურს, რადგან ეს ჩვეულებრივი ცირკია სხვადასხვა ჯიშის კლოუნის მონაწილეობით. ეს რუსეთის მოთხოვნით კეთდება, თუ რუსეთის საამებლად აკეთებენ, არ ვიცი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: