28 მარტს, 20 საათზე, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან, საპროტესტო აქციაზე შედგება „ბათუმელებისა“ და „ინდიგოს“ სპეციალური გამოცემის, „სინდისის პატიმრების“ მეორე ნომრის პრეზენტაცია.
აქციაზე უფასოდ დარიგდება გაზეთის მეორე ნომერი.
„სინდისის პატიმრების“ მეორე ნომერში გაეცნობით იმ ადამიანებს, საპროტესტო აქციის მონაწილეებს, რომლებიც ამ დროისთვის სისხლის სამართლის მუხლით არიან ციხეში, წინასწარ პატიმრობაში.
2024 წლის ბოლოდან დღემდე საქართველოში სისხლის სამართლის წესით დაკავებულია 60-მდე ადამიანი. ყველა მათგანის საქმე უკავშირდება საპროტესტო აქციებსა და საპროტესტო მოძრაობას, რომელიც სამი თვეა უწყვეტად გრძელდება საქართველოს ქალაქებში.
დაკავებულები სინდისის პატიმრები არიან.
სინდისის პატიმარია ყველა, ვინც სასჯელს იხდის პოლიტიკური, რელიგიური და სხვა, კეთილსინდისიერად გამოხატული შეხედულებების გამო.
ეს „ბათუმელების“ გაზეთის სახით დაბრუნებაა წლების შემდეგ პირველად. გაზეთ „ბათუმელების“ ბოლო ნომერი 2016 წლის ბოლოს გამოვიდა, 2017 წელს „ბათუმელების“ ბეჭდური ვერსია ჟურნალის სახით გამოდიოდა ერთი წლის განმავლობაში, მას შემდეგ კი „ბათუმელები“ მუშაობს როგორც ვებგამოცემა.
„სინდისის პატიმრების“ პირველ ნომერში ერთ-ერთი სტატია შეეხებოდა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, ჟურნალისტსა და მედიამენეჯერ მზია ამაღლობელს, რომელიც ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. სწორედ მზია ამაღლობელის იდეა იყო „ბათუმელების“ ბეჭდური სახით დროებით აღდგენა, რათა რაც შეიძლება მეტ ადამიანს საქართველოს რეგიონებში დაენახა მოვლენები, რაც სამთავრობო ტელეარხებზე არ ჩანს.
„ბათუმელებისა“ და „ინდიგოს“ სპეციალური გამოცემა გამოვა იმ დრომდე, სანამ სინდისის ყველა პატიმრის შესახებ არ უამბობს მკითხველს. გაზეთზე მუშაობენ ჟურნალისტები სხვადასხვა გამოცემიდან.
გაზეთი უფასოდ რიგდება.
_______________
ფოტოზე: აქციის მონაწილე თბილისში ხელში „ბათუმელებით“, გამოცემა „სინდისის პატიმრების“ პირველი ნომრით. ფოტო: „პუბლიკა“