მთავარი,სიახლეები

მკვლელობის საქმე ბათუმში – ბრალდებული განაჩენის გარეშე 1 თვეში შესაძლოა გათავისუფლდეს

14.03.2025 •
მკვლელობის საქმე ბათუმში – ბრალდებული განაჩენის გარეშე 1 თვეში შესაძლოა გათავისუფლდეს

მკვლელობაში ბრალდებული რევაზ ც. შესაძლოა პატიმრობიდან განაჩენის გამოცხადების გარეშე გაათავისუფლონ. თუ ბათუმის საქალაქო სასამართლო კიდევ ერთ თვეში ნაფიც მსაჯულებს ვერ შეარჩევს, 2025 წლის 15 აპრილს მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარ პატიმრობაში ვეღარ დატოვებენ – კანონით გათვალისწინებული 9 თვის ვადამდე ერთი თვე რჩება, 8 თვე უკვე გავიდა.

საუბარია 2024 წლის 15 ივლისს ბათუმში მომხდარ მკვლელობაზე. გამოძიების ვერსიით, 27 წლის რევაზ ც.-მ 27 წლის არჩილ წუწუნავა დანით მოკლა. კაცი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.

რევაზ ც. მკვლელობის დღესვე დააკავეს.

ამ საქმეში მკვლელობაში ბრალდებულს ნაფიცი მსაჯულები მოუთხოვია, თუმცა ამ დრომდე მსაჯულების შერჩევა ვერ მოხერხდა. ამ დრომდე ბრალდების და დაცვის მხარემ მხოლოდ 6 მსაჯული შეარჩიეს, საქმე კი, 12-მა მსაჯულმა უნდა განიხილოს. პლუს 2 მსაჯული რეზერვისთვის უნდა შეირჩეს.

დღეს, 14 მარტს, მოსამართლე ლევან ყოლბაია სხდომაზე ნაფიცი მსაჯულებს არჩევდა, თუმცა შემთხვევითობის პრინციპით სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ წარმოდგენილი 26 კანდიდატიდან მხოლოდ ერთი მსაჯულის შერჩევა მოხერხდა.

მოკლული ბიჭის ახლობლები ნაფიცი მსაჯულების სხდომას ელოდებიან

„როგორ შეიძლება მკვლელობაში ბრალდებული გარეთ იყოს და პირბადის ტარების გამო დამაპატიმრონ?“ – კითხულობდა მოქალაქე გვანცა სურმანიძე, რომელსაც სასამართლოსთან ვესაუბრეთ, ვიდრე მოსამართლე მსაჯულების შერჩევას დაიწყებდა.

„ეს არის იმის ბრალი, ვინც ასეთ კანონებს იღებს, სისტემის ბრალია ის, რომ მკვლელობისთვის ადამიანი არ ისჯება. არსებობს მტკიცებულებები, ვიდეოკადრი და გვეუბნებიან, რომ ადამიანი რამდენიმე დღეში გარეთ გამოვა… ეს იმას ნიშნავს, რომ არანაირი კანონი და სამართალი ამ ქვეყანაში არ არსებობს და როგორ შეიძლება ვიყოთ მშვიდად?“ – გვითხრა გვანცა სურმანიძემ.

მოკლული ბიჭის მეგობარმა, ნინო შაინიძემ კი აღნიშნა, რომ პროკურორი თორნიკე გოგეშვილი დაზარალებულ მხარეს საპროცესო შეთანხმებას სთავაზობს.

„14 აპრილს გადის წინასწარი პატიმრობის ვადა. შესაბამისად, ბრალდებული აღმოჩნდება გარეთ. ჩემი მოთხოვნაა, დროულად მოხერხდეს მსაჯულების შერჩევა,“ – გვითხრა ნინო შაინიძემ.

საპროცესო შეთანხმების შემთხვევაში ბრალდებულმა ბრალი უნდა აღიაროს, რეალურ სასჯელზე კი, მას პროკურორი უნდა შეუთანხმდეს. რადგან მას განზრახ მკვლელობის ჩადენას ედავებიან, რაც 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ბრალდებულს სასჯელის ნაწილის მოხდა შესაძლოა ისევ ციხეში მოუწიოს. ამ შემთხვევაში საქმეს არსებითად სასამართლო არ განიხილავს.

„ბრალდებულს აქვს გამოყენებული დუმილის უფლება, საპროცესო შეთანხმებაზე ვერაფერს გეტყვით, რადგან გადაწყვეტილი ჯერ არაფერია,“ – გვითხრა ბრალდებულის ადვოკატმა, დავით ჩავლეიშვილმა. მისივე თქმით, მსაჯულების შერჩევა ამ დრომდე ობიექტურად ვერ მოხერხდა.

„როგორ უნდა შეარჩიო, მაგალითად, მსაჯულად ადამიანი, რომელიც გასაუბრების დროს გპასუხობს, რომ არ შეატყობინებს პოლიციას, თუ მასზე იქნება ზეწოლა საქმის განხილვის პერიოდში? შესაბამისად, არსებობდა დასაბუთება, რაც გაიზიარა მოსამართლემ. სახელმწიფო ბრალდებამაც აიცილა მსაჯულების კანდიდატები.

დაუსაბუთებლად მხოლოდ 3 მსაჯული ავიცილეთ. სულ დაუსაბუთებლად 6 მსაჯულის აცილების უფლება გვაქვს,“ – განმარტა ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმა.

მსაჯულების შერჩევის პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

„ფოტოები არ გადაუღოთ, მათი სახეების ჩვენება არ შეიძლება,“ – პროცესის დაწყებამდე გაგვაფრთხილეს ჟურნალისტები სასამართლოს მანდატურებმა. მსაჯულობის კანდიდატები უკვე შესულიყვნენ დარბაზში და ბრალდებულის წინ ისხდნენ.

ერთმანეთის მიყოლებით აწია ხელი რამდენიმე კანდიდატმა, როცა მოსამართლემ თვითაცილების შესახებ დასვა შეკითხვა. ნაფიცი მსაჯულების კანდიდატებს შორის თვითაცილება ძირითადად ქალებმა მოითხოვეს: „მე შვილს ვერავის დავუტოვებ“, „მარტოხელა დედა ვარ“, „რეპეტიტორი ვარ და ბავშვებს ვამზადებ, ვინ ამინაზღაურებს ამას?“ „ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს, აი, დოკუმენტები“ – მიაყარეს მოსამართლეს მსაჯულობის კანდიდატებმა.

პროკურორმა ლაშა ბიწაძემ რამდენიმე შემთხვევაში თქვა, რომ მოსამართლემ თვითაცილების მოთხოვნა არ უნდა დააკმაყოფილოს, თუმცა საბოლოოდ მოსამართლემ 26 კანდიდატიდან 11 კანდიდატის თვითაცილება დააკმაყოფილა. დარჩენილ კანდიდატებთან გასაუბრების შემდეგ კი, მხარეებმა დღევანდელ სხდომაზე მხოლოდ ერთი მსაჯულის შეარჩიეს.

გასაუბრების დროს საინტერესო იყო პროკურორ ლაშა ბიწაძის გასაუბრება მსაჯულობის ერთ კანდიდატთან, რომელმაც თქვა, რომ „ვერ ენდობა“ სისტემას, რადგან მტკიცებულებები, რომელსაც მხარეები წარმოადგენენ, შესაძლოა გაყალბებულია.

მსაჯულების კანდიდატებთან გასაუბრებამ მკაფიოდ აჩვენა ორი რამ: მოქალაქეების დიდი ნაწილი თვლის, რომ ნაფიცი მსაჯულების სისტემა ჩვენს ქვეყანაში აუცილებელია, თუმცა თვითონ არ არის მზად, მსაჯული გახდეს, ან არ სურს მართლმსაჯულების სისტემის ნაწილად თუნდაც ერთ საქმეში გახდეს.

მსაჯულებს მთავრობა მხოლოდ მგზავრობის ხარჯებს უნაზღაურებს, მათ ასევე უნდა შეუნარჩუნდეთ სამუშაო ადგილი.

თუ ბათუმის საქალაქო სასამართლოში 14 მსაჯულს უახლოეს დღეებში შეარჩევენ, მსაჯულები 2 კვირის განმავლობაში უნდა მიიღონ ვერდიქტი მკვლელობის საქმეზე. სხდომები ამ შემთხვევაში ზედიზედ 2 კვირის განმავლობაში გაიმართება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: