„იქიდან გამომდინარე, რომ 34 დღეა შიმშილობს, ქალბატონი მზია არის დასუსტებული, არის შენელებული, თუმცა ახლაც, როგორც წინა შემთხვევებში, ყოველ ჯერზე გვთხოვს, რომ არ ვისაუბროთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და წინა პლანზე არ იყოს წამოწეული მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

მას ამ თავისი შიმშილობის გამო არ სჭირდება არანაირი ბენეფიტები და ვინმეს მხრიდან შებრალება,“ – თქვა მზია ამაღლობელის ერთ-ერთმა ადვოკატმა ჯუბა ქათამაძემ დღეს, 14 თებერვალს მზია ამაღლობელის მონახულების შემდეგ.

უკანონო პატიმარი მზია ამაღლობელი 34 დღეა შიმშილობს უსამართლობაზე პროტესტის ნიშნად. 4 თებერვალს, მისი შიმშილობის 24-ე დღეს, ის ექიმების გადაწყვეტილებით რუსთავის ქალთა კოლონიიდან კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე რჩება.

დღესვე მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარი გააკეთა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ

„შიმშილობა რთული პროცესია და გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული, ამ კონკრეტულ სიტუაციაში შეიძლება იყოს სხვადასხვა ორგანოთა ფუნქციის მოშლა და ა.შ.

კლინიკა მზად არის და აკეთებს ყველაფერს, რომ წარიმართოს სრულფასოვანი სამედიცინო მონიტორინგი, ყოველდღიურად კეთდება ლაბორატორიული კვლევები და თუ საჭირო იქნება დამატებითი სხვა სახის კვლევები, ჩვენ ამისთვისაც მზად ვართ. ეს ხანგრძლივი შიმშილობა უკვე აისახება მის ზოგად მდგომარეობაზეც.

აქვს ყველა ის სიმპტომი, რომელიც ამ პერიოდის შიმშილობისთვის არის დამახასიათებელი,“- განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ. მის კომენტარს ტელეკომპანია „მთავარი“ ავრცელებს.

„ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ორჯერ დააკავეს.

მზია ამაღლობელი პირველად დააკავეს საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო”, მეორედ კი – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.

14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება სისხლის სამართალში კვალიფიკაციის არმქონე მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.

მზია ამაღლობელი უსამართლობაზე პროტესტის ნიშნად 34 დღეა შიმშილობს. ის კვლევების ჩატარების მიზნით 4 თებერვალს კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს და ამ დრომდე იქ რჩება.

 

Exit mobile version