მთავარი,სიახლეები

ვასანქცირებთ ივანიშვილს რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიის ძირის გამოთხრისთვის – ენტონი ბლინკენი

27.12.2024
ვასანქცირებთ ივანიშვილს რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიის ძირის გამოთხრისთვის – ენტონი ბლინკენი

აშშ-ის საელჩო საქართველოში ავრცელებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას „ქართული ოცნების” დამაარსებლის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებასთან დაკავშირებით.

„შეერთებული შტატები ასანქცირებს ბიძინა გრიგორის ძე ივანიშვილს, საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების” დამაარსებელსა და საპატიო თავმჯდომარეს რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური მომავლის ძირის გამოთხრისთვის.

ივანიშვილისა და „ქართული ოცნების” ქმედებებმა ჩამოშალა დემოკრატიული ინსტიტუტები, ხელი შეუწყო ადამიანის უფლებების შელახვას და აღკვეთა ფუნდამენტური თავისუფლებებით სარგებლობის უფლება საქართველოში. გარდა ამისა, მათ ჩაუხერგეს გზა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს – მომავალს, რომელიც ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის სურვილია და საქართველოს კონსტიტუციის მიერ არის დაკანონებული.

შედეგად, საქართველო რჩება მოწყვლადი რუსეთის წინაშე, რომელსაც ამ დრომდე აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის ოც პროცენტზე მეტი.

ჩვენ მკაცრად ვგმობთ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობის ქვეშ „ქართული ოცნების” ქმედებებს, მათ შორის მიმდინარე და ძალადობრივ რეპრესიებს საქართველოს მოქალაქეების, აქციის მონაწილეების, მედიის წარმომადგენლების, უფლებადამცველებისა და ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ.

შეერთებული შტატები მტკიცედ აგრძელებს პასუხისმგებლობის დაკისრების ხელშეწყობას მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს ხელყოფს.

ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულია აღმასრულებელი ბრძანება №14024 მუხლი 1(a)(ii)(C)-ის საფუძველზე, ვინაიდან ის არის პასუხისმგებელი ან თანამონაწილე, ან პირდაპირ თუ ირიბად ჩართული, ან მცდელობა გაუწევია ისეთი ქმედებებისა თუ პოლიტიკისთვის, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს როგორც შეერთებულ შტატებში, ისე საზღვარგარეთ, რუსეთის ფედერაციის მთავრობის პირდაპირი თუ ირიბი სარგებლისთვის“ – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.

დღეს, 27 დეკემბერს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილი ფინანსურად დაასანქცირა. ფინანსური სანქციები გულისხმობს, რომ ივანიშვილის ყველა აქტივი, რომელიც აშშ-ის იურისდიქციაშია ან კონტროლდება აშშ-ის მოქალაქის მიერ, დაიბლოკება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: