მთავარი,სიახლეები

„გუშინ გალიიდან გამოუშვეს ასეულობით ცხოველი, მიასიეს ბავშვებს და დაამტვრიეს ძვლებში“ – ნინო ლაღიძე

30.11.2024 •
„გუშინ გალიიდან გამოუშვეს ასეულობით ცხოველი, მიასიეს ბავშვებს და დაამტვრიეს ძვლებში“ – ნინო ლაღიძე

„ყველა პოლიციელს უნდა ეშინოდეს, მისი შვილის ამ ქვეყანაში, იმიტომ, რომ სწორედ მათ შვილებს ყველაზე მეტად გამოიყენებენ აი, ამ სიბინძურეში. მათი შვილები იქნებიან ყველაზე მთავარი საშანტაჟო ინსტრუმენტი მომავალში, იმიტომ, რომ დამპალია ეს რუსული სისტემა, რომელშიც ვცხოვრობთ და ვერასოდეს ვერ გამოვედით აქედან“, – მიმართა ნინო ლაღიძემ პოლიციელებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერიდან.

აქტივისტი ნინო ლაღიძე ეკოლოგი და მასწავლებელია. ის ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც აქტიურად აპროტესტებს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევაზე.

დღეს ის საზოგადოებრივი მაუწყებლისგან კატეგორიულად ითხოვდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ობიექტურ გაშუქებას.

გთავაზობთ ნინო ს გამოსვლას მცირე შემოკლებით.

„ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი თუ გამითენდებოდა ეს დღე, რომ დღეს სტუდიაში დავიწყებდი ამაზე საუბარს. დღეს გავიღვიძე, როგორც 9 წლის ასაკში 9 აპრილის შემდეგ, ზუსტად იგივე სუნი, ზუსტად იგივე რიტმი, იგივე გრძნობა მქონდა. ყველა იმ ადამიანს მივმართავ ამ ტელევიზიით, ვისაც ტელევიზიის იქით გასვლის შესაძლებლობა არ გაქვთ, ეს არის უნარშეზღუდული ადამიანები, რომლებსაც არ ეღირსათ 35 წლის განმავლობაში, რაც ამ საბჭოთა კავშირის დანგრევიდან გამოვედით, რომ ეტლით თუნდაც მიტინგზე მივიდნენ და მონაწილეობა მიიღონ, ეს არის სირცხვილი.

ყველაზე ცუდი და საშინელება, რისთვისაც მოვედი არის ის, რომ როცა გავიღვიძე დღეს, არ ჩავრთე ის ღილაკი, რომელიც შეიძლებოდა საზოგადოებრივ მაუწყებელზე ყოფილიყო მიმართული. ჩავრთე საერთოდ სხვა ღილაკი. რატომ ვლაპარაკობ ამას ამ არხზე, იმიტომ რომ ეს არხი არის ქვეყნის არხი, ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ყველას სახლში იყოს ეს ინფორმაცია, ყველას შეეძლოს პულტზე ხელის დაჭერა და ამის მოსმენა, ჩემი ხმის მოსმენა, ყველას მოსმენა.

გთხოვთ ადამიანებო, არ იფიქროთ, რომ დავეცით და ისეთი მდაბიო და მშიშარა ვართ, სულ ყველა ისეთი გაყიდული ვართ, როგორც ის ადამიანები, რომლებიც სტუდიებში გამოდიან და ვერ ბედავენ, რომ თქვან მთავარი მოძალადის, მთავარი სისხლის მსმელის, ვინც გუშინდელი ღამე ჩაატარა, გადადგომის შესახებ.

მე კადრები ვნახე, რომელსაც მეგონა, რომ ცხოვრებაში აღარ ვნახავდი, რაზე ვლაპარაკობთ, საერთოდ რა ღირებულებებზე ვლაპარაკობთ, რა ფასეულობებზე ვლაპარაკობთ, გადის ალბათ ის კადრები, იქნებ აჩვენოთ, არც სახელი ვიცი, არც გვარი იმ ბავშვის [აქტივისტის ცემის კადრების გაშვება მოითხოვეს, სადაც რამდენიმე სპეცრაზმელი წაქცეულ ახალგაზრდას სახეში და თავში ფეხებს ურთყამს].

ცივილურ სამყაროში, აღიარებულია, რომ ადამიანის გარდა, არცერთ ცოცხალ ორგანიზმს დედამიწაზე, არა აქვს შესაძლებლობა განიცადოს სირცხვილი და თანაგრძნობა. ეს თუ არ შეგიძლია, ხარ ცხოველი, გუშინ გალიიდან გამოუშვეს რამდენიმე ასეული ცხოველი, მიასიეს ჩემი შვილის ხელა ბავშვებს და დაამტვრიეს ძვლებში. აქვე მოვითხოვ, გათავისუფლდეს ყველა ბავშვი, რომელსაც დაულეწეს თავ-პირი. იქ შეიძლება მე ვყოფილიყავი, გამიმართლა, რომ ვიღაც ვერ დამეწია და ფეხში ხელი ვერ წამომავლო.

ღმერთო ჩემო, ასეთები ვართ, ისეთები ვართო, რაღაც 400 ლარიანი ჟეშტის დაჭეჭყვისთვის ექვსი წელი მიუსაჯეს და ხმას იღებს ვინმე? ამას ვინმე ეთერებს უთმობს? ამაზე ლაპარაკობენ? – ამას ხელისუფალს მე ვერ დავუძახებ. სასაცილოა საერთოდ რა ხელისუფლებაზეა საუბარი, გაჟონა ბიულეტენმა? – გაჟონა იმიტომ, რომ ჩემი თვალით ვნახე, რომ გაჟონა, დამთავრდა ამაზე საუბარი.

ეს არის ტერორისტული ჯგუფი, რომელიც აწამებს ხალხს, რომელიც გეშავს ცხოველებს ადამიანების მოსაკლავად და თქვენ არ გაქვთ იმის თავი, რომ ღირსება დაიცვათ ერის. თქვენ ხართ ეროვნული ტელევიზია, იმიტომ, რომ მე გენდოთ კი არა, თქვენს იქით არავინ დამრჩენია, თქვენს იქით არავინ არ მიცავს, იქ 100 ათას კაცთან ერთად ვდგავარ და მეუბნებიან ცოტანი ხართო, არასაკმარისი ხართო.

იცით რა არის სახელმწიფო? მე რომ ვდგავარ მარტო და ჩემი ხმა ისმის მთელს ქვეყანაში, აი ეს არის სახელმწიფო. მე ამ სახელმწიფოს ვერ ვეღირსე ამ ქვეყანაში, ვერასოდეს, მე ყოველთვის, როდესაც მივდიოდი და ვამბობდი მართალ სიტყვას, ისევე მესეოდნენ, როგორც დღეს ფოიეში შემომესივნენ, თურმე მე ვარ ცუდი, რომ ვიღაცას რუსი ვეძახე.

გათავისუფლდეს ყველა ნაცემი, ნაჟეჟი, ნაწამები ადამიანი, რომელიც დღეს ციხეში ჰყავთ გამოკეტილი“-, განაცხადა ნინო ლაღიძემ.

ამის შემდეგ ნინო ლაღიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს მიმართა:

„გაბედეთ და თქვით, რომ აქ აღარ უნდა ისხდეთ, უნდა გადადგეთ, იმიტომ, რომ ის საცხოველეთი, რაც გარეთ ხდებოდა, თუ თქვენთვის მორალურად მისაღებია, მაშინ ისხედით აქ სავარძელში. მაგრამ თქვენს ტელევიზიაზე მე და ჩემნაირი ადამიანები არასოდეს არ გადავრთავთ.

თუ ამის თავი არა გაქვთ ის მაინც თქვით, რომ ის ცხოველების უფროსი, ვინც გასცა ბრძანება, ის უნდა გადადგეს, რა გვარია ის გომელაურია თუ რაღაცა საშინელება. მე მყავს 15 წლის შვილი, სახლში რომ ვინმე შემომივარდეს, შენთან როგორ დავარეკინო? შენთან როგორ დავარეკვინო შენ ცხოველო არაადამიანო“.

ბოლოს აქტივისტმა მიმართა იმ მოქალაქეებს, რომლებიც „უყურებენ არხებს, სადაც ყველაფერი ნათელ ფერებშია.“

„ადამიანებო არ იფიქროთ, რომ თქვენ ხართ მარტო. კი შეიძლება თქვენ გაქვთ ისეთ არხებთან ხელმისაწვდომობა, სადაც ყველაფერი ნათელ ფერებშია და გადასარევად არის ამ ქვეყანაში, მაგრამ იცოდეთ, რომ არიან სხვა ადამიანებიც.“

ეთერი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საპროტესტო აქციის მონაწილეების წარმომადგენლებს ტელევიზიასთან მწვავე პროტესტის შემდეგ დაუთმო. გადაცემაში წამყვანი მაუწყებლის დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი იყო, თუმცა მას კითხვების დასმის და ჩარევის საშუალება არ მიცეს.

___

უკვე მესამე დღეა, სპეცრაზმი და პოლიცია უსასტიკესად უსწორდება საპროტესტო აქციის მონაწილეებს. ისინი ჯგუფურად ესხმიან თავს მოქალაქეებს და სცემენ – ჟურნალისტებს, ქალებს, წაქცეულ ადამიანებს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, უკვე დაკავებულია 150-მდე ადამიანი.

პოლიცია განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება ჟურნალისტებს, ამ დროისთვის სხვადასხვა ტიპის დაზიანება აქვს მიყენებული 30-ზე მეტ ჟურნალისტს. მინიმუმ 2 ჟურნალისტი სხვადასხვა დაზიანებით მოთავსებულია კლინიკაში, მათ ოპერაცია დასჭირდათ.

28 ნოემბერს პარტია „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ აჩერებს ევროკავშირთან მოლაპარაკებას 2028 წლამდე, რასაც თბილისსა და საქართველო სხვა ქალაქებში მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა.

გადაბეჭდვის წესი