„დაგვიბრუნეთ ჩვენი ხმა!“ – სტუდენტურ პროტესტს ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ.
„ვუერთდებით იმ საპროტესტო აქციას, რომელიც წამოიწყო ბათუმმა და რომელიც შემდეგ მოედო მთელ საქართველოს. ჩვენი პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება. პირველი სხდომა თუ ჩაინიშნება, ვფიქრობთ, რომ თბილისში წავიდეთ საპროტესტო აქციაზე.
25 ნოემბრამდე კი ვაპირებთ აქ გათენებას. ვნახოთ, შემდეგ როგორ განვითარდება მოვლენები.
ახლა უნივერსიტეტში შუალედური გამოცდები მიმდინარეობს, ჩვენც შევდივართ შუალედურ გამოცდებზე და ხელს არავის ვუშლით. დღის განმავლობაში კი, ჩვენი კუთხე გვაქვს მოწყობილი და იქ ვსხედვართ. საღამოობით ვათენებთ და დაახლოებით 15-20 სტუდენტი გვიერთდება.
გვყავს ბევრი გულშემატკივარი, მოდიან მოქალაქეები, ხანდაზმული ადამიანებიც მოდიან, სხვა სტუდენტებიც, სკოლის მოსწავლეებიც და გვამხნევებენ“, – თქვა „ბათუმელებთან“ აკაკი თოლორდავამ.

სტუდენტურ პროტესტს ზუგდიდის უნივერსიტეტიც შეუერთდა.
„არჩევნებმა გაჟონა, „ევროპა არის თავისუფლება, თანასწორობა და მშვიდობა“, „მრავალხმიანობა იწყება ერთი ხმით“, – ამ შინაარსის პოსტერები აქვთ საპროტესტო აქციის მონაწილე სტუდენტებს გამოფენილი უნივერსიტეტში.

დღეს, 19 ნოემბერს, თბილისში პოლიციამ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეები დაარბია. დაკავებულია 12-მდე ადამიანი.
პოლიციამ იძალადა ჟურნალისტებზე. დაკავებული იყო „მთავარი არხის“ ოპერატორიც, რომელსაც სცემეს და დაუმტვრიეს კამერა.
საზოგადოების დიდი ნაწილი არ აღიარებს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს, მოსახლეობა მიიჩნევს, რომ არჩევნების დღეს დარღვეული იყო ხმის ფარულობა, ამიტომ ისინი ახალ არჩევნებს მოითხოვენ.
ორი დღის განმავალობაში თსუ-ს წინ გაშლილი იყო კარვები და გადაკეტილი იყო ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის ქუჩები, თუმცა დღეს, 19 ნოემბერს, პოლიციამ აქციის მონაწილეები დაარბია და ასე გახსნა გზა.






