მთავარი,სიახლეები

„მანქანით 4-5 გზას გავაკეთებ ბრუკლინიდან მანჰეტენზე, ადამიანები რომ წავიყვანო ხმის მისაცემად“

13.10.2024 •
„მანქანით 4-5 გზას გავაკეთებ ბრუკლინიდან მანჰეტენზე, ადამიანები რომ წავიყვანო ხმის მისაცემად“

ავტორი: ნათია როყვა

___

თინათინ გიგოლაშვილი წლებია ამერიკაში ცხოვრობს, პროფესიით ექიმია და ნიუ იორკში ერთ-ერთ ამერიკულ კლინიკაში მუშაობს. პარალელურად, ის ადამიანებს ამერიკის ისტორიისა და პოლიტიკის სწავლაში ეხმარება, რაც ამერიკის მოქალაქეობის მისაღებად, გამოცდისთვისაა საჭირო.

თინათინი ამბობს, რომ მისი სწავლების მთავარი ფოკუსია ნათელი გახდეს ამერიკაში არსებული მმართველობის სისტემა, შტატების თვითმმართველობის როლები, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების არჩევის გზები და ყველაფერი ის, რაც ქნის მოქალაქეზე ორიენტირებულ სახელმწიფოს.

თინათინს ვთხოვეთ შეადაროს და პარალელი გაავლოს ქართულ და ამერიკულ მმართველობის სისტემებს შორის. სტატიაში ბევრ სამართლებრივ საკითხს შეხვდებით. დაგაინტერესებთ ამერიკული საარჩევნო სისტემის დეტალები ან/და რატომ ირჩევენ გენერალურ პროკურორს მოქალაქეები, რატომ მოქმედებს სხვადასხვა შტატში, ფედერალური მმართველობის პირობებში, სკოლების ატესტატის თუ მართვის მოწმობის გაცემის განსხვავებული წესები.

  • თინათინ, მიდიხარ თუ არა არჩევნებზე 26 ოქტომბერს?  

მე 2013 წლიდან ვცხოვრობ ამერიკაში  და აქამდე, ყველა არჩევნებში ვმონაწილეობდი. თუმცა ეს არჩევანი მორიგი პოლიტიკური პროცესი არ არის, ეს შავსა და თეთრს შორის არჩევას უფრო ჰგავს. მე, როგორც ერთ მოქალაქეს, სრულად გააზრებული მაქვს, რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას კი არ ვირჩევთ, მათი პროგრამების მიხედვით, ჩვენ ვიცავთ საქართველოს მომავალს, რისთვისაც ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მივდივართ რუსეთში.

რასაც ახლა „ქართული ოცნება“ გვიკეთებს ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, ადამიანებს, რომლებიც უახლოესი 30 წელია ვიბრძვით ვიყოთ განვითარებადი ქვეყნების სიაში, არანაირი საერთო არ აქვს ქართველი ხალხის ისტორიულ გამოცდილებასთან, ცივილიზაციასთან მუდმივი კავშირის სურვილთან. ჩვენმა ხელისუფლებამ უფსკრულის პირას დააყენა ჩვენი ევროპული მომავალი. სახელმწიფოს განვითარება შეჩერებულია.

იცით, ხშირად მსმენია – მე აპოლიტიკური ვარ. რას ნიშნავს არაპოლიტიკური ადამიანი? პოლიტიკაა ჩვენი ცხოვრება, ჩვენი მომავალი. ჩვენ ვისთანაც ხმა მიგვიწვდება აგიტაციები უნდა ჩავატაროთ, რატომ არის ამ არჩევნებზე წასვლა აუცილებელი. მე დიდი მანქანა მყავს, 4-5 გზას გავაკეთებ და შევძლებ, რომ ბრუკლინიდან მანჰეტენზე ადამიანები წავიყვანო ხმის მისაცემად. ახლა უნდა გადავარჩინოთ სამშობლო, რომელსაც აქვს უდიდესი შანსი გახდეს ევროკავშირის წევრი. სწორედ ეს არის ჩვენი, ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი.

  • ამერიკაში საარჩევნო უბნები წელსაც არ დაამატეს, ამის გამო უამრავი ადამიანის ხმა იკარგება, თქვენ გარშემო რა პრობლემები აქვთ ადამიანებს, ვისაც ხმის მიცემა უნდა, მაგრამ ვერ ახერხებს?    

ადამიანებს ეზღუდებათ კონსტიტუციით გარანტირებული, ხმის მიცემის უფლება, რადგან საკმარისი რაოდენობის საარჩევნო უბნებს არ ხსნიან. ბრუკლინში იმაზე მეტი ქართველი ცხოვრობს, ვიდრე მანჰეტენზე, ერთი საარჩევნო უბანი არ უნდა იყოს ბრუკლინში? ნიუ ჯერსიში, ფლორიდაში, სადაც უამრავი ქართველი ცხოვრობს, არ არის გახსნილი უბნები. არ აწყობს ჩვენ მთავრობას და არ ხსნიან. რადგან ამერიკაში მუდმივად აგებს ხელისუფლება.

  • ვიცი, რომ ემიგრანტებს ამზადებთ ამერიკის მოქალაქეობის გამოცდისთვის. თქვენი ინფორმაციით, ვინც ამერიკის მოქალაქე ხდება, ინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას?  

სამასზე მეტი ადამიანი მყავს მომზადებული – ყველა მეკითხება, როგორ შეიძლება შევინარჩუნო საქართველოს მოქალაქეობა? ერთი შეხედვით ეს პროცესი ძალიან მარტივია, თუმცა ისეთი სირთულეა საქართველოს საკონსულოსთან დაკავშირება, ყველას ურჩევნია, გადადოს ეს პროცესი საქართველოში  ჩასვლამდე. ორმაგი მოქალაქეობის სურვილი ყველას აქვს.

ჩემი მიზანია, ადამიანებს ავუხსნა და დავანახო ამერიკის ისტორია, დემოკრატიული მმართველობის სისტემის სიკეთეები, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა მოითხოვონ ასეთივე სიკეთეების შექმნა საქართველოში. ხელისუფლებას ხალხი კეთილდღეობის შესაქმნელად ქირაობს.

  • თინა, შეგიძლია ერთი მაგალითი დაგვისახელოთ ამერიკული მმართველობიდან, რომლის ანალოგსაც ისურვებდით საქართველოში? 

კონტროლის და ბალანსის (checking and balance) მექანიზმი, როცა ხელისუფლების სამივე შტო არის თანაბარი. ვფიქრობ, ეს ქმნის დემოკრატიას.

სამწუხაროდ, ამ წინასაარჩევნოდაც კი არავინ ამის საჭიროებაზე არ საუბრობს. თუ სასამართლო იქნება დამოუკიდებელი, საარჩევნო კომისიაც გამართულად იმუშავებს, შეგიძლია წახვიდე და გაასაჩივრო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება. ხელისუფლების სამივე შტოს სანამ არ ექნება თანაბარი უფლება (არ იქნებიან ერთმანეთზე ძლიერი),  ვფიქრობ, ქვეყანა  ვერ განვითარდება.

  • როგორ შეადარებდით ამერიკულ და ქართულ  არჩევნებს?

ამერიკაში საარჩევნო კომისია არ არსებობს. ამერიკაში, ბიულეტენში აღნიშნავ კანდიდატს, რომელსაც ირჩევ, ეს ბიულეტენი შედის სპეციალურ აპარატში  და შედეგი აისახება იმ კანდიდატის საარჩევნო ოფისში, ვისაც მხარს დაუჭერ. 8 საათზე, როცა ხმის მიცემა სრულდება, ითვლიან უბნებზე ხმებს.  არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, აქ ამერიკაში ვიღებთ ელექტრონულ ბარათებს, რომელიც წააგავს ბანკის ბარათებს და ელექტრონული სისტემითაც შეგიძლია ხმის მიცემა. ეს პროცესი იოლია.

არჩევნები რამდენიმე დღეს გრძელდება და მხოლოდ ერთი დღე არ არის განსაზღვრული არჩევნებში მონაწილეობისთვის.

პირველი ეტაპია, როცა  ხალხი ირჩევს კანდიდატს, დემოკრატები  და რესპუბლიკები ატარებენ პრაიმერს. პრაიმერის საშუალებით ირჩევენ პრეზიდენტობის კანდიდატს. პრეზიდენტი ირჩევს ვიცე პრეზიდენტს. არჩევნებში მოსახლეობა ირჩევს ან დემოკრატების ან რესპუბლიკელების კანდიდატს. ხალხის არჩევნები როცა სრულდება, იწყება მეორე ეტაპი, ამომრჩეველთა  კოლეგია. ამომრჩეველთა კოლეგია  შედგება კონგრესის  ორივე  ნაწილისგან. კონგრესი შედგება წარმომადგენლობითი პალატისა და სენატისგან. 435 წევრი წარმომადგენლობით პალატას ემატება სენატორი და ემატება სამი დელეგატი დედაქალაქიდან, Washington DC-დან.

ხმის მიცემის მეორე ეტაპი ამომრჩეველთა კოლეგიის გადაწყვეტილებაა,  270-ზე მეტი ხმა რომელ კანდიდატსაც ექნება, ის ხდება პრეზიდენტი. მაგალითად, როცა ჰილარი კლინტონი და დონალდ ტრამპი მონაწილეობდნენ საპრეზიდენტო არჩევნებში, ხალხის ხმის ოდენობით გაიმარჯვა ჰილარიმ, მაგრამ ამომრჩეველთა კოლეგიის გადაწყვეტილებით ტრამპმა მიიღო 270 ხმაზე მეტი, ამიტომაც ის გახდა პრეზიდენტი.

  • თქვენ იცით, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ჟურნალისტებმა შეიტანეს სარჩელი „რუსულ კანონის“ გასაუქმებლად, განხილვა დასრულებულია, სასამართლომ არ შეაჩერა კანონის მოქმედება, თუმცა  ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება. შეგიძლიათ შეადაროთ ამერიკის და საქართველოს სასამართლო სისტემა?

მთავრობის სამი შტოდან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან ერთად  სასამართლოს თანაბარი ძალაუფლება აქვს. მისი უზენაესი წარმომადგენელი უზენაესი სასამართლოა, სადაც 9 უვადო დანიშნული მოსამართლეა. მოსამართლეებს აქვთ დიდი ცნობადობა საზოგადოებაში, ისინი  ცნობადები არიან თავიანთი საქმიანობით, მიღებული განაჩენებით, სასამართლო პროცესებით. მოსამართლეები ირჩევიან. ისინი შეიძლება დაასახელოს პრეზიდენტმა, პარტიებმა, თუმცა მათ ირჩევს მოსახლეობა – კანდიდატურას ამტკიცებს სენატი, რომელიც თავის მხრის შტატების მიხედვით ხალხის ხმაა.

მოსამართლეებს და გენერალურ პროკურორს ხალხი ირჩევს ფედერალური არჩევნების დროს. მათი გადაწყვეტილებები სახელმძღვანელოა. თუმცა როცა გადაწყვეტილებებს მოქალაქეები აპროტესტებენ, ისინი უსმენენ ხალხს. მაგალითად, აბორტის თემასთან დაკავშირებით გადახედეს თავიანთ გადაწყვეტილებებს. ჩვენ, სამწუხაროდ, კლანურ მმართველობა გვაქვს ქართულ სასამართლოში.

  • რატომ ვირჩევთ ევროპას?

განა ასეთი რთულია არჩევანის გაკეთება დამპყრობელსა და მეგობრებს შორის? ევროპას და ამერიკას ჩვენი ტერიტორიები არ დაუპყრია. რუსეთი კი ოკუპანტია, ისინი ჩვენი მტრები არიან. ჩვენი გმირების მკვლელები, რუსეთი არის ძალადობის და პროპაგანდის სახელმწიფო.

ამერიკა გვეხმარება ჩვენი ავთენტურობის, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენახვაში, ერთმორწმუნე რუსებმა კი ქართული ფრესკები ჩამორეცხეს და გაანადგურეს, ეკლესიები სააბაზანოდ და სასტუმროებად გადააკეთეს. ადამიანები უნდა დავფიქრდეთ საით უნდა წავიდეთ. ამერიკა და ევროპა არის ის გზა, რომელიც აუცილებელია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის.            

  • თინათინ, როგორ გგონიათ, რატომ ცდილობს ხელისუფლება ჩაკლას და გააქროს თავისუფალ სიტყვა საქართველოში?    

სიტყვის თავისუფლების მოსპობა ტოტალიტარული მმართველობის თანმდევია. აი, აქეთკენ მიჰყავთ ქვეყანა. მმართველმა პარტიამ კარგად იცის, რომ დემოკრატიის საწყისი და ფუძეა სიტყვის თავისუფლება, შეკრების და გამოხატვის თავისუფლება. „ქართულ ოცნებას“ ურჩევნია ჩაახშოს დამოუკიდებელი მედია.

მედიასთან ერთად, გამოწვევაა არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა. ისინი არ არიან სახელმწიფო ბალანსზე, სახელმწიფო ვერ აკონტროლებს მათ. როცა სახელმწიფო მიდის ტოტალიტარული მმართველობისკენ, მტრად ცხადდება დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ურჩევნიათ ხალხს აკონტროლებდნენ და აწვდიდნენ გაფილტრულ ინფორმაციას.

გაბლარონ რეალობა – რაც ახლა ხდება, რუსეთის მსგავსია.

ხშირად ამბობენ ამ კანონზე – რა არის ამაში რუსული? მართალია, რუსეთმაც ისე დაიწყო, როგორც ჩვენი მთავრობა აპირებს. აკონტროლონ, გააუქმონ და გააქრონ ის ორგანიზაციებო, რომლებსაც თავად ვერ აკონტროლებენ. დაარქვეს აგენტები, მიუმატეს ამას უცხო ქვეყნის გავლენა. აგენტი აგენტია, რაც არ უნდა სხვა სინონიმი დაარქვა.

„ფარა“ სულ სხვა კანონია, მაგრამ „ოცნება“ იღებს ერთ პატარა სიმართლის მარცვალს, ურევს ტყუილში და ცდილობენ დააჯერონ ადამიანები. ასე ახდენენ გავლენას მოქალაქეებზე. ვინც  სიმართლეს ლაპარაკობს, მათ არბევენ, სცემენ, ურეკავენ და აშინებენ. დიახ, ასე დაიწყო რუსეთშიც.

ამიტომ მგონია, რომ ჩვენ ახლა შანსი გვაქვს ვიხსნათ ჩვენი ქვეყანა საფრთხისგან, ვიხსნათ არჩევნების გზით. აუცილებელია წავიდეთ არჩევნებზე. ამ მთავრობის და საარჩევნო კომისიის პირობებში აუცილებლად იქნება გაყალბების საფრთხე, მაგრამ ჩვენ აქაც შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი ხმები, თუ ვიქნებით ბევრნი, ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა ახლა გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა.

ამ არჩევნებში მონაწილეობას არ აღვიქვამ როგორც კონსტიტუციურ უფლებას, ეს რაღაც უფრო დიდია. ერთ-ერთ მორიგ ისტორიულ ბრძოლას ჰგავს. მე კი მგონია, რომ ჩემი „ტყვია“ უნდა გავისროლო ჩემი სამშობლოს დასაცავად – წავიდე არჩევნებზე.

___

მთავარი ფოტო: თინათინ გიგოლაშვილი შვილებთან ერთად

გადაბეჭდვის წესი


ასევე: