ავტორი: ნათია როყვა
___
ირაკლი დანელია ამერიკაში წასვლამდე – 2013-2016 წლებში ჯერ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, შემდეგ კი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მუშაობდა. ბოლოს რუსთავის მერიაში საქმიანობდა. სწორედ საჯარო სამსახურში ყოფნის პერიოდში შეცვალა ცხოვრება – ტურისტული ვიზა აიღო, ამერიკაში სამოგზაუროდ წამოვიდა და დარჩა. მანამდე ირაკლი მედიაში მუშაობდა – ჟურნალისტი იყო.
- რატომ წამოვედი ამერიკაში?
2018 წლის ბოლოს, რუსთავის მერიაში შვებულება ავიღე და ამერიკაში, ჩემი ოცნების ქვეყანაში წამოვედი სამოგზაუროდ.
მოგზაურობის პირველივე დღეების შთაბეჭდილებებმა ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა. ყოველდღიური ქაოსისგან დაშორების შემდეგ, უფრო მტკივნეულად გამოჩნდა ჩემი და ჩემნაირი საჯარო მოხელეების ცხოვრება. მალევე მივხვდი, აქ ბევრად მშვიდად და სტაბილურად რატომ ცხოვრობს დამლაგებელი, რომელსაც უფრო მაღალი შემოსავალი აქვს, ვიდრე შუა რგოლის მოხელეს საქართველოში.
საჯარო სამსახურში ჩემი და ჩემნაირი ადამიანების ოჯახის მომავალი, უფროსის ცვლილებიდან დაწყებული არჩევნების შედეგებით დამთავრებული, ყველა ფაქტორს უკავშირდებოდა და უკავშირდება. უმრავლესობა ხელფასიდან ხელფასამდე ცხოვრობს და ახლა სამსახურების შენარჩუნება ბევრ რამეზეა დამოკიდებული.
სწორედ პირველივე კვირაში აღმოვაჩინე ისიც, მთელი წლის ხელფასი აქ ერთ თვეში რომ შემეძლო გამომემუშავებინა. შემეძლო, ჩემი ოჯახის მომავალზე მშვიდად მეზრუნა, მეოცნება უკეთეს განათლებაზეც კი… გადავწყვიტე, მყარი ნაბიჯებით გამეგრძელებინა ჩემი ამერიკული ცხოვრება ძალიან ქაოსურ და არამყარ ქართულ რეალობაში დაბრუნების ნაცვლად. სტაბილურობის და ხელფასის სხვაობის გამო, უარი ვთქვი საჯარო სამსახურში დაბრუნებაზე.
ასე დავთმე ჩემი 19 წლიანი გამოცდილება.
- როგორ ვახერხებ დავრჩე აქტიურ მოქალაქედ?
ამ მტკივნეულ ცვლილებებში უარი არასდროს მითქვამს ჩემ როლზე – დავრჩე ჩემი ქვეყნისთვის აქტიური მოქალაქე. ახლა ძალიან შორიდან და იგივე ძალისხმევით ვცდილობ ჩემი წვლილი შევიტანო საქართველოს განვითარებაში.
ხომ ამბობენ, ყოფილი ჟურნალისტები არ არსებობენო – მეც ზუსტად ინფორმაციის მიტანით ვცდილობ გარშემომყოფებს (და უკვე ამომრჩევლებს) ავუხსნა, რა საფრთხეები გაჩნდა რუსული კანონის ამოქმედების შემდეგ.
დღეს, ევროკავშირის წევრობა რეალობად იქცა და ამ გზისკენ მიისწრაფვის საქართველოს მოსახლეობა. ხელისუფლება კი ისე იღებს კანონს, რომ მისი მოქალაქეების აზრს არ ითვალისწინებს. არ ითვალისწინებს ქართველი ახალგაზრდების პროტესტს, არ უსმენენ მსოფლიო ლიდერების, ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მეგობრების რეკომენდაციებს.
როგორც ჟურნალისტი, დავინტერესდი და გადავამოწმე მართლა ჰგავს თუ არა რუსული კანონი ამერიკულ „ფარას“. შემიძლია ცალსახად ვთქვა, მსგავსი სახით აშშ-ში არცერთი კანონი არ მოქმედებს. ხელისუფლების ეს არგუმენტი ამერიკულ რეალობას აცდენილია.
ისევე როგორც არ მოდის თანხვედრაში რუსული კანონის იდეა ევროპულ კანონმდებლობასთან.
ხშირად ვფიქრობ იმაზეც, რატომ აპელირებს ხელისუფლება გამჭვირვალობის საკითხებზე. გამჭვირვალობა სწორედ საჯარო ფუნქციის ნაწილია – საქართველოს მთავრობის წევრები თავად უნდა იყვნენ გამჭვირვალეები ფინანსებისა თუ სხვა მიმართულებით, შემდეგ მიუთითონ მედიასა და არასამთავრობო სექტორს.
აქ, ჩემი ნაცნობების უმრავლესობა ფიზიკურად შრომობს – ქალები მოხუცებს უვლიან, სახლებს და ოფისებს ალაგებენ. კაცები კი ტაქსისა და სატვირთო მანქანების მძღოლებად მუშაობენ. ახალგაზრდების ძირითადი ნაწილი საჭმლის მიტანის სერვისზე ე.წ „დორდაშზე“ მუშაობს. შეიძლება ითქვას, რომ „დორდაშმა“ და „უბერმა“ გადაარჩინა საქართველოს ეკონომიკა და დღემდე აცოცხლებს ქვეყანას. ფულადი გზავნილები ევროპიდან და ამერიკიდან ინახავს ქართულ ოჯახებს. და შეიძლება ჩვენ ყველას ხელისუფლებამ აგენტები გვიწოდოს?
- რატომ არ მინდა რუსეთი?
ამაზე პასუხი მარტივია, რუსეთი ოკუპანტია!
წლებია რუსეთი ყველა საერთაშორისო ხელშეკრულებას არღვევდა, ახდენდა მშვიდობიანი სახელმწიფოების ოკუპაციას, ანექსიას და ფეხქვეშ თელავდა დამოუკიდებელი ქვეყნების უფლებას.
მე ხშირად ვაშუქებდი ინფორმაციას პუტინის რეჟიმის მიერ მიღებული კანონების შესახებ და ახლა ხალხი გადაწყვეტს შევძლებთ ისეთ ქვეყანაში ცხოვრებას, სადაც არასამთავრობო სექტორი არ არსებობს, კრიტიკული მედია არ არსებობს, სადაც ადამიანის უფლებები გათელილია, სადაც ოპოზიციის წევრებს სასტიკად უსწორდებიან, სადაც მთავრობის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციების მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდებიან?
იქნებ ასეთი რეალობა უკვე გარდაუვალი გახდება საქართველოში?
ალბათ, უნდა დაგვაფიქროს, გაურკვეველ ვითარებაში ოპოზიციონერი ლიდერის ალექსეი ნავალნის გარდაცვალებამ. ამის ფონზე, უკიდურესად საშიშად გამოიყურება საქართველოში ოპოზიციური პარტიის ლიდერების დაპატიმრების ანონსი. ასე მგონია, ეს ყველა საჯარო მოხელეს დევნის და რეპრესიების ანონსსაც ჰგავს.
- როგორ დავბრუნდეთ?
ზუსტად ვიცი, ევროკავშირის წევრობა მართვის ევროპული სტილით მოსახლეობის კეთილდღეობაა. ადამიანებზე მორგებული, სერვისების შექმნის გარანტია ქართველი საჯარო მოხელეების ღირსეული სამუშაო პირობებიც მგონია. საჯარო სამსახური – სათანადო ანაზღაურებით და ხალხისთვის მუშაობის თავისუფლებით.
ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად ამბობენ – „ღირსებით ევროპისკენ“. მე ვიტყოდი, „ღირსებით სამსახურისკენ“, სადაც საჯარო სამსახურში ყოფნა ხალხისთვის მუშაობის პრივილეგია, დაცულობა და ოჯახების წარმატება გახდება.
კი ევროპას! – ეს არჩევანი ერის განვითარების კიდევ ერთი ტალღა იქნება, ემიგრანტების დაბრუნების ტალღა.
მხოლოდ ჩვენი მონაწილეობით დავბრუნდებით „ღირსებით სამშობლოსკენ“ – რომელსაც ახლა რუსეთისგან არჩევნების გზითაც გადავარჩენთ.