Batumelebi | არჩევნები ერთი კანდიდატით არჩევნები ერთი კანდიდატით – Batumelebi
RU | GE  

არჩევნები ერთი კანდიდატით

არჩევნები-ერთი-კანდიდატი

„ერთი კანდიდატურა რატომ იყო? ჩვენთან ტრადიციაა ასეთი. მე მოვხსენი ჩემი კანდიდატურა, რატომ და სამშობლოს განვითარებისთვის“ – ამბობს აკაკი გვიანიძე. „სამშობლოსა და უნივერსიტეტის სახელით“ კანდიდატურები წინა სხვა არჩევნებზეც იხსნებოდა: „2010 წლიდან მოყოლებული ბევრს ჰქონდა თავმჯდომარეობის ამბიცია, მაგრამ გაუქარწყლდათ“ – ამბობს გვიანიძე. მისი თქმით, თვითმმართველობა თავიდანვე შეჯერდა რომ „ასე“, ანუ ერთი კანდიდატის შემთხვევაში უფრო უკეთესი იქნებოდა. „აღარ დავჭამდით რა ერთმანეთს“. თვითმმართველობის 73 წევრიდან უჩა აბრამიშვილის წინააღმდეგ მხოლოდ სამი ხმა ჩაიწერა.

როგორ აირჩიეს ახალი მმართველი და რას ნიშნავს თვითმმართველობა სტუდენტებისთვის?

ანზორ ცინცაძე, რომელიც მენეჯმენტისა და ადმინისტრირების ფაკულტეტზე სწავლობს, ამბობს, რომ ახალ თავმჯდომარეს არ იცნობს, თუმცა ხმა ერთადერთი კანდიდატის სასარგებლოდ მაინც მისცა: „დიდი ხანია თვითმმართველობასთან შეხება აღარ მქონია, ჩემი სამსახურით ვიყავი დაკავებული, მერე „კავეენი“ (მხიარულთა და საზრიანთ კლუბი) იყო. არც ვიცი, ვინ აირჩიეს, უბრალოდ ვენდე ბიჭებს და შემოვხაზე“. ანზორ ცინცაძე წინა ხელმძღვანელის მუშაობით უკმაყოფილოა, რადგან „ერთხელ ექსკურსიის დაფინანსება ვთხოვეთ და არ დაგვიფინანსეს. არც ის მომწონს, აუდიტორიებში სიის მიხედვით რომ დაგვალაგეს, ჩემს მეგობრებთან მინდოდა ყოფნა, მაგრამ ელექტრონული ჟურნალი იქმნება და არ გამოვაო, მითხრეს“.

რატომ მხოლოდ ერთი კანდიდატი? – ეს კითხვა, როგორც ტურიზმის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი დიანა ბაუჟაძე ამბობს, მასაც გაუჩნდა, „თუმცა, პასუხი ვერავისგან მივიღე. არადა, როგორც ვიცი, თავმჯდომარეობის სურვილი ბევრს ჰქონდა“.
იცნობდნენ თუ არა სტუდენტური თვითმმართველობის ახალ თავმჯდომარეს, ეს კითხვა უნივერსიტეტის ეზოში მზეს მიფიცხებულ სტუდენტებსაც დავუსვით: „მაგ თემაზე უფრო საინტერესო რამეებიც ხდება ამქვეყნად, არ მაინტერესებს“ – გვპასუხობს გიზო ნიშნიანიძე. „რა არჩევნები, აზრზე არ ვარ“ – გვეუბნება ერთ-ერთი სტუდენტი და გარბის.

დათო გოგიტიძე სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სწავლობს, ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნები არც მას აინტერესებს: „ის, რაც უნივერსიტეტს ეხება, ყველაფერი მაინტერესებს, მაგრამ თვითმმართველობამ ვინ აირჩია, არ ვიცი. არც უთქვამთ, ხომ უნდა გაეცნოთ ჩვენთვის. ერთხელ მინდოდა პროექტის განხორციელება და იდეა არ დამიფინანსეს. ისე, ჭორის დონეზე მესმოდა, რომ ეგ ახალი თავმჯდომარე უკვე არჩევნებამდე იყო დანიშნული“.

როგორ აფასებთ უკონკურენტო არჩევნებში გამარჯვებას? – ვეკითხებით უჩა აბრამიშვილს. „კონკურენტი რომ მყოლოდა, უკეთესი იქნებოდა, მაგრამ მე ხომ არ შევეხვეწებოდი, მოდი-მეთქი“ – გვპასუხობს ის.

თომა ხალვაში, რომელიც საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ გაგვეცნო, ამბობს, რომ არჩევნებით კმაყოფილია: „ძალიან კარგად ჩავატარეთ ყველაფერი, არც საჩივარი შემოსულა და არც ექსცესი მომხდარა. უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა ახალი ძალა, რომელიც ახალ პოლიტიკას ქმნის“.
ვინ არის უნივერსიტეტის თვითმმართველობის ახალი თავმჯდომარე და რით შეძლო სტუდენტების ნდობის მოპოვება? როგორც თვითონ ამბობს, უნივერსიტეტში ჩაბარებამდე საზღვაო აკადემიაში სწავლობდა, უნივერსიტეტში კი რუსულ ფილოლოგიას ეუფლება. მისი წარმატებული პროექტი, რის გამოც აბრამიშვილმა ხმა მიიღო, არის „აღსდექ საქართველო“. „ეკლესიების მშენებლობის პროცესში მონაწილეობს, მის უბანშიც აშენებს ეკლესიას. კიდევ საქველმოქმედო პროექტი გვქონდა, შეგროვილი თანხით სოციალურად დაუცველ სტუდენტებს დავეხმარეთ“ – ამბობს აკაკი გვიანიძე. გიგა ფარტენაძის აზრით კი ახალი თავმჯდომარე კომუნიკაბელურია და „უნივერსიტეტის პატრიოტია, ამიტომ ჩვენ ერთიანობას და ნათელ მომავალს მივეცით ხმა“.

თვითმმართველობის ბიუჯეტი 95 000 ლარია. უჩა აბრამიშვილი ამბობს, რომ თითოეული თეთრი გამჭვირვალედ დაიხარჯება: „ვერ გეტყვით, რომ თითოეულ სტუდენტამდე მივალთ, მაგრამ თუ ისინი ინფორმაციას ვერ მიიღებენ, ეს მათ პასიურობაში ჩაეთვლებათ, რადგან ყველას ჰყავს თვითმმართველობაში წარმომადგენელი“. რაც შეეხება გეგმებს, აბრამიშვილი ამბობს, რომ მთავარი აქცენტი სტუდენტთა დასაქმებასა და სოციალურ პროექტებზე გაკეთდება: „ამაში გვეხმარებიან საკრებულო, მერია და ახალგაზრდული ორგანიზაციებიც“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge