სევასტოპოლში გამართული საყოველთაო რუსული ფორუმის – „რუსული სამყაროს“ მონაწილეებმა წარადგინეს საკანონმდებლო ინიციატივა „რუსი ხალხის – ბელარუსების, მალორუსებისა და დიდი რუსების – სამების“ აღიარების შესახებ; მათივე ინიციატივის თანახმად, ცვლილებები უნდა შევიდეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსში, რომლის თანახმადაც ამ იდეის დისკრედიტაცია კანონით დაისჯება.

ინფორმაციას საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ რუსული პროპაგანდისტული მედიები და ცალკეული პროპაგანდისტები ავრცელებენ.

„თეთრ რუსებში“ იგულისხმება ბელარუსები, მალორუსებად უკრაინელ ხალხს მოიხსენიებენ, ველიკორუსებში კი თავად რუსი ხალხი მოიაზრება. მტკიცება, რომ უკრაინელები, რუსები და ბელარუსები ერთი ერია და ერთად წარმოადგენენ ე.წ. „სამსახოვან რუს ხალხს“ იმპერიალისტური იდეოლოგიით შექმნილი ცნებაა, რომლის პოპულარიზაციას აქტიურად ეწევიან, როგორც რუსეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ფორუმის მონაწილეთა აზრით, სამსახოვანი რუსი ესის იდეა არის „სულიერი, მორალური, კულტურული და ისტორიული ღირებულება“ – სამსახოვანი რუსი ხალხი აერთიანებს საკუთარ თავში ველიკორუსებს, მალორუსებსა და ბელარუსებს, რომლებიც წარმოადგენენ მის განუყოფელ ნაწილებს. <…> რუსი ხალხის სამსახოვანება არის ძირითადი, მრავალსაუკუნოვანი ეროვნული ისტორიის მანძილზე ჩამოყალიბებული, კანონით დაცული ტრადიციული რუსული სულიერ-მორალური და კულტურულ-ისტორიული ღირებულება“, – ნათქვამია დოკუმენტებში ახალი კანონის ინიციატივის შესახებ.

ინიციატივა ითვალისწინებს პასუხისმგებლობის დაწესებას „რუსი ხალხის სამსახოვნების“ იდეის დისკრედიტაციისთვის. კერძოდ, დისკრედიტაციაში იგულისხმება „რუსი ხალხის სამსახოვანების“ შესახებ განზრახ ცრუ ინფორმაციის გავრცელება ან მისი საჯარო უარყოფა – რაც ითვალისწინებს ჯარიმას 1,5 მილიონ რუბლამდე, გამოსასწორებელ ან იძულებით შრომას, ან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას. 

„თუ ეს ქმედებები ჩადენილია დამამძიმებელ გარემოებებში, მაგალითად, სამსახურებრივი პოზიციის გამოყენებით, მედიაში, ასევე პოლიტიკური, იდეოლოგიური, რასობრივი ან ეროვნული სიძულვილის ან მტრობის მოტივით, ინიციატივის ავტორები გვთავაზობენ ჯარიმას 3-5-მილიონამდე რუბლით, ასევე თავისუფლების აღკვეთის შესაძლებლობას 5-10 წლის ვადით. თუ ქმედებებს მძიმე შედეგები მოჰყვა, მაშინ ვარაუდობენ თავისუფლების აღკვეთის ვადის გაზრდას 10-15 წლამდე“, – იუწყება რუსული პროპაგანდისტული მედია Tass.

ფორუმის მსვლელობისას გადაწყდა ჯგუფის შექმნა, რომელიც შეიმუშავებს ამ კანონპროექტს.

„სამუშაო ჯგუფის [შეხვედრა] შეიძლება ჩატარდეს სახელმწიფო საბჭოს კულტურისა და სულიერი და მორალური ფასეულობების კომისიის პლატფორმაზე, რომელსაც მე პრეზიდენტის სახელით ვხელმძღვანელობ“, – განაცხადა სევასტოპოლის გუბერნატორმა, მიხეილ რაზვოჟაევმა ფორუმის პლენარულ სხდომაზე.

რუსეთის სახალხო მსოფლიო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, Царьград ТВ-ს დამფუძნებელი კონსტანტინე მალოფეევი წერს, რომ დოკუმენტების პროექტები გადაეგზავნება რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას და მთავრობას, ფედერალური ასამბლეის ორივე პალატას, ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს.

იგი თავის ტელეგრამ არხზე აქვეყნებს რამდენიმე ძირითად პუნქტს ამ დოკუმენტებიდან, ესენია:

– „აღიარებულ იქნას სსრკ-ს დაშლა, როგორც მე-20 საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა. ასევე ის ფაქტი, რომ სამსახოვანი რუსი ხალხი დაყოფილია და აქვს გაერთიანების უფლება, რასაც რუსეთი ყველანაირად შეუწყობს ხელს.

– უცხო სახელმწიფოების ტერიტორიაზე მცხოვრები თანამემამულეებისთვის, რომლებიც განიცდიან დისკრიმინაციას ეროვნული, რელიგიური ან ენობრივი ნიშნით, მოხდეს რუსეთთან გაერთიანების უფლების აღიარება ცალმხრივი სეცესიის [გამოყოფის] საფუძველზე“.

Published by ია ფრანგიშვილი

ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან

Exit mobile version