მთავარი,სიახლეები

3 სარჩელი საკონსტიტუციოში რუსული კანონის წინააღმდეგ – როდის დაიწყება განხილვა

29.07.2024 •
3 სარჩელი საკონსტიტუციოში რუსული კანონის წინააღმდეგ – როდის დაიწყება განხილვა

„კანონის სრულფასოვანი ამოქმედება, სანქციები იწყება 3 სექტემბრიდან. იქამდე აუცილებლად უნდა ჩატარდეს სხდომა, სადაც შეჩერების საკითხი განიხილება,“ – მიიჩნევს თამარ კორძაია, პოლიტიკური პლატფორმის „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რუსულ კანონზე, რომლის წინააღმდეგაც უკვე 3 სარჩელი შევიდა საკონსტიტუციო სასამართლოში.

პრეზიდენტისა და სამოქალაქო ორგანიზაციების სარჩელების შემდეგ დღეს, 29 ივლისს, საკონსტიტუციო სასამართლოს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა მიმართეს. ამ სარჩელის მთავარი მოთხოვნაც რუსული კანონის ანტიკონსტიტუციურად მიჩნევაა.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ხაზი გაუსვეს იმას, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ ოპოზიცია ერთიანია საზოგადოებასთან და „ქართული ოცნება“ ამ პროცესშიც მარტო რჩება:

„ოპოზიცია ერთიანია სამოქალაქო საზოგადოებასთან, მედიასთან, საქართველოს პრეზიდენტთან და საქართველოს თითოეულ მოქალაქესთან, რადგან ვთვლით, რომ რუსული კანონი არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას.

ვთვლით, რომ ჩვენი კონსტიტუციური ვალდებულებაა, ამაზე ვიდავოთ საკონსტიტუციო სასამართლოში.

„ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ვდავობთ მთელი საქართველო სასამართლოში. დარწმუნებული ვარ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საკუთარ ვალდებულებას 78-ე მუხლის შესრულების კუთხით გაითვალისწინებს და მიიღებს დროებით ღონისძიებას, ამ კანონის მოქმედების შეჩერების თაობაზე,“ – თამარ კორძაიამ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ საქართველოს კონსტიტუცია საკონსტიტუციო სასამართლოსაც ავალებს ევროინტეგრაციის კურსის დაცვას.

საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი:

„კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად,“ – წერია საქართველოს კონსტიტუციაში.

სარჩელის მიხედვით, გასაჩივრებულია მთლიანად რუსული კანონი და არა რომელიმე მუხლი. მოსარჩელეები ხაზს უსვამენ იმასაც, რომ მსგავსი კანონი დასავლეთის არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს და ის პირდაპირ ეწინააღმდეგა საქართველოს კონსტიტუციას, რადგან კეტავს საქართველოს ევროპული განვითარების შესაძლებლობას.

ევროპის ქვეყნებიდან რუსული კანონის მსგავსი კანონი მხოლოდ უნგრეთმა მიიღო, თუმცა იგი მალევე გააუქმა ლუქსემბურგის სასამართლომ.

„მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ საქართველოს მთელი ახალგაზრდობა, საზოგადოების უმრავლესობა შეეწინააღმდეგა რუსულ კანონს და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გაეგონა ხელისუფლებას, რომ ამ კანონის მიღებით ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყანა კარგავს დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს, „ქართულმა ოცნებამ“ არაფრად ჩააგდო, არც ახალგაზრდების, არც ოპოზიციის, საზოგადოების უმრავლესობის ხმა და მაინც მიიღო ეს კანონი.

ბუნებრივია, ჩვენ, საპარლამენტო ოპოზიცია, ვერთიანდებით და ვაპირებთ, რომ ვიდავოთ საკონსტიტუციო სასამართლოში, რადგან ეს კანონი, პირველ რიგში, გარდა იმისა, რომ არღვევს ადამიანის უფლებებს, არღვევს ქვეყნის კონსტიტუციის 78-ე მუხლს და ქვეყანას ფაქტობრივად უკეტავს ევროპისკენ მომავალს.

უმნიშვნელოვანესი მგონია ისევ საზოგადოების გვერდით დგომა,“ – აღნიშნა ხათუნა სამნიძემ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ.

ჯერ უცნობია, როდის დაიწყებს საკონსტიტუციო სასამართლო რუსული კანონის წინააღმდეგ სარჩელების განხილვას. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ დღესვე ჟურნალისტებს უთხრას, რომ სარჩელები გაერთიანდება, კანონის მოქმედების შეჩერების საკითხი კი, მაშინ განიხილება, როცა მოსამართლეები ამისთვის მზად იქნებიან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: