„ტრამპი თუ გაიმარჯვებს, უკრაინაში ომი უფრო მალე დასრულდება და შესაბამისად უფრო მალე დამშვიდდება ჩვენი რეგიონი,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ხაშურში, იუსტიციის სახლის გახსნის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ის „რა თქმა უნდა ვერავის არჩევნებში ვერ ჩაერევა, მაგრამ ტრამპის გამარჯვება რეგიონში დამოკიდებულებებს შეცვლის“.

„[ტრამპის გამარჯვება] შეცვლის დამოკიდებულებას კონკრეტულად საქართველოს მიმართაც. თუ იქნება მშვიდობა რეგიონში, საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაც შეიცვლება. ამიტომ ეს არის ერთადერთი, რაც შეიძლება ითქვას ამასთან დაკავშირებით. დანარჩენი არის ამერიკელი ხალხის არჩევანი. ამერიკელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ იქნება ამერიკელი ხალხის პრეზიდენტი,“ – თქვა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, არჩევნებში ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, „იქნება მეტი სამართლიანობა საქართველოს მიმართ“.

ირაკლი კობახიძემ გააკრიტიკა ოპოზიციაც.

„ოპოზიცია არამხოლოდ აკრიტიკებდა ტრამპს, გახსოვთ როგორი უხეში, შეურაცხმყოფელი ტერმინებით მოიხსენიებდნენ ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს. დღეს მათი რიტორიკა შეიცვალა იმის გამო, რომ მათი გათვლებით ტრამპი დიდი ალბათობით იგებს არჩევნებს. თუმცა ვერავინ ვერ დაივიწყებს იმ უხეშ რიტორიკას, რომელსაც ისინი იყენებდნენ წლების განმავლობაში,“ – თქვა პრემიერ-მინისტრმა.

Exit mobile version