სიახლეები

ხელისუფლება ჯვრის დემონტაჟს მოითხოვს

30.05.2012
ხელისუფლება ჯვრის დემონტაჟს მოითხოვს

ავტორი: ლელა დუმბაძე

აჭარისწყლის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი, ამ ტერიტორიის ეკლესიაზე გადაცემას მოითხოვს

 სოფელ აჭარისწყლის მოსახლეობის მართლმადიდებელმა მრევლმა, ეკლესიის მახლობლად არსებულ ტერიტორიაზე ჯვარი აღმართა. ტერიტორია აჭარის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსეა, ამიტომ ზედამხედველობის სამსახური მიიჩნევს, რომ მრევლმა ჯვარი უკანონოდ, სხვის ტერიტორიაზე აღმართა და მათ ჯვრის დემონტაჟი მოსთხოვა.

ჯვრის დემონტაჟისთვის მრევლს ზედამხედველობის სამსახურმა დღის ბოლომდე მისცა ვადა, მორწმუნეებმა კი ზედამხედველობის სამსახურის მოთხოვნა გააპროტესტეს: „ეს ჯვარი ჩვენი მოთხოვნით აღიმართა. ტერიტორია მიტოვებულია და გავერანებული. მრევლი გავმრავლდით, არ გვყოფნის ტაძარი და გვინდა რომ ეს ტერიტორია სახელმწიფომ ეკლესიას გადმოსცეს“-ამბობს მანანა ჯორბენაძე.

მრევლის განცხადებით, ზედამხედველობის სამსახური მათ, სხვის ტერიტორიაზე უკანონოდ შეჭრას ედავება: „ჯვარი აღვმართეთ ორი დღის წინ. შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და ხალხი ლაპარაკობდა უნდა გაიყიდოსო და რომ არ გაყიდონ და ვიღაც უცხოს არ მისცენ, ამიტომ აღვმართეთ ჯვარი. მამაოს ვუთხარით და კურთხევა მოგვცა, გამგეობა კი გვეუბნება უკანონოაო“-ამბობს, ნუგზარ ლორთქიფანიძე. მისი განცხადებით, წინაპართა მიწაზე ჯვრის აღმართვას, ნებართვა არ სჭირდება.

აჭარისწალზე არსებული ივერიის კარის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა თეიმურაზი, ჯვრის აღმართვაში მის თანამონაწილეობას უარყოფს, თუმცა ამბობს, რომ მრევლს კურთხევა მისცა: „ჩემი ინიციატივით არ მომხდარა, ადგილობრივ მოსახლეობას აქვს ამის უფლება. როცა ტაძარს ვაშენებდით  სახელმწიფოს არაერთხელ ვთხოვეთ მიწის გამოყოფა, მაგრამ ერთი მტკაველი მიწა ვერ გამონახეს, ეს ტაძარიც კერძო მიწაზე ავაგეთ, ამასაც საძირკველს უთხრის მდინარე. მალე ჰესების მშენებლობა დაიწყება და ეს ტერიტორია როგორც ვიცით დაიტბორება“.

რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, მამა თეიმურაზი ამბობს: „სამართლებრივი ფარგლები ჩვენი ეროვნული იდეოლოგიიდან გამომდინარეობს, ჩვენ მივეჩვიეთ იმას, საბუთი გაქვს თუ არა, ჩვენ არ ვართ არც ამერიკელები და არც ევროპელები, ქართველები ვართ და სამართლებრივად ჩვენ ვარსებობთ. მრევლთან არც გავდივარ რომ არ დაბრალდეს ეკლესიას, ხალხს აბუნტებსო. მოსახლეობას უნდა რომ ეს ტერიტორია გადმოეცეს ეკლესიას, რადგან სადაც ეკლესია შევიდა, ყველას ვპატრონობთ და ქართულ გენეტიკას ვაძლიერებთ“.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი თეიმურაზ დუმბაძე კი აცხადებს, რომ ყველა საკითხი კანონის ჩარჩოებში უნდა მოგვარდეს: „ეს იყო თვითნებური მოქმედება სასულიერი პირების მხრიდან, რადგან უშუალოდ მამა თეიმურაზი ესწრებოდა ჯვრის აღმართვას. მას იქვე მოვუწოდე რომ შეეწყვიტა თვითნებური მოქმედება. მან არსებულ კანონმდებლობას პატივი უნდა სცეს“.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.