ბათუმი,მთავარი,სიახლეები

„სქროლები“ ქალაქში – მუშაობს თუ არა მერია გადაადგილების რეგულაციაზე

14.06.2024 •
„სქროლები“ ქალაქში – მუშაობს თუ არა მერია გადაადგილების რეგულაციაზე

ზაფხულში, ზღვის სეზონის მოახლოებასთან ერთად ბათუმში „სქროლის“ მომხმარებელთა რიცხვი მატულობს. ზოგ შემთხვევაში მოქალაქეები „სქროლს“ სამსახურში მისასვლელადაც კი იყენებენ, თუმცა ტროტუარებზე არსებული ქაოსის გამო, მათაც ისევე აქვთ თავგზა აბნეული, როგორც ველოსიპედის მომხმარებლებს.

ტროტუარების დიდი ნაწილი დიდ შავ ჯიპებს ან კაფეებს აქვთ დაკავებული, ველობილიკზე კი ხშირად ქვეითად მოსიარულეები გადაადგილდებიან.

მანქანა ტროტუარზე

არის შემთხვევები, როცა „სქროლით“ მოსარგებლეები ქალაქის ქუჩების რაღაც მონაკვეთებში დიდი სისწრაფით მოძრაობენ. ასეთ დროს ქვეითად მოსიარულეს სწრაფი რეაქცია სჭირდება იმისთვის, რომ „სქროლს“ თავი აარიდოს. განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ არიან მცირეწლოვანი ბავშვები.

ფოტო: „ბათუმელები“

გასულ წლებში ელექტრომოწყობილობებით სწრაფი გადაადგილება არაერთი ავარიის მიზეზი იყო, რა დროსაც ბულვარში სასეირნოდ გასულმა ადამიანებმა მნიშვნელოვანი დაზიანებები მიიღეს.

სწორედ ამ შემთხვევებს ასახელებდა რეგულაციის შემოღების აუცილებლობის მიზეზად ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია, რომელიც შეზღუდვის შემოღების ინიციატორი იყო.

უსაფრთხოების წესების შესაბამისად, „სქროლით“ გადაადგილება რეკომენდებული არ არის არასრულწლოვანებისთვის, ასევე – არაფხიზელ მდგომარეობაში. საჭიროა ჩაფხუტის ტარება და ასე შემდეგ, რასაც „სქროლის“ აპლიკაცია მიუთითებს მომხმარებელს, თუმცა ამ წესების შესრულების კონტროლს არავინ ახორციელებს.

„სქროლების“ გადაადგილებასთან დაკავშირებით უსაფრთხოების წესების აუცილებლობაზე გასულ წელს საკრებულოს ერთ-ერთ სხდომაზეც ისაუბრეს. ამ სხდომას ესწრებოდა ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანიც, რომელიც დაეთანხმა მოსაზრებას, რომ ამ მიმართულებით რეგულაცია აუცილებლად შესამუშავებელია. მან სხდომაზე განაცხადა, რომ ამაზე მერიაში იმუშავებდნენ.

2024 წლის 31 მაისს ბათუმის მერიამ საკრებულოს თანხმობით „ბულვარში, პარკში, სკვერში მოტოციკლით, კვადროციკლით და ელექტრომობილით გადაადგილების წესის“ რამდენიმე მუხლი 2025 წლის იანვრამდე შეაჩერა.

ამ ცვლილების მიხედვით, 2025 წლის პირველ იანვრამდე ბათუმის ბულვარში არსებულ ველობილიკზე დაუშვეს ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავით გადაადგილება, ხოლო ბათუმის ახალი ბულვარიდან დელფინარიუმის გასწვრივ არსებულ მონაკვეთამდე, კერძოდ, ველობილიკზე – ელექტროტრანსპორტის, მხოლოდ სამბორბლიანი ელექტროსკუტერის გადაადგილება.

გარკვეული შეზღუდვების შეჩერების ინიციატორი ამ შემთხვევაშიც ბათუმის ბულვარი იყო. საკრებულოს შესაბამისი განკარგულების პროექტის მიხედვით, ამ მოთხოვნით მერიას ბულვარის ადმინისტრაციამ მიმართა.

მერიის ინფორმაციით, „ბათუმის ბულვარის“ 2024 წლის 12 იანვრის წერილში ბულვარის ადმინისტრაციამ მერიას ჯერ თავისი, ადმინისტრაციის ფუნქცია განუმარტა:

„მოსახლეობის გაჯანსაღებისა და დასვენების ეფექტური პირობების უზრუნველყოფა, საკურორტო ინფრასტრუქტურის შემდგომი გაფართოება, დამსვენებელთა როგორც ორგანიზებული, ისე არაორგანიზებული კონტინგენტისათვის დასვენებისა და ტურიზმის თანამედროვე მოთხოვნილებების შესაბამისი პირობების შექმნა, ბულვარის სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა, მათი საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვადასხვა ფორმებით გაცემა და შესაბამისი პირობების დადგენა.“

შემდეგ კი აცნობა: „ბოლო წლებში თვალსაჩინო გახდა, რომ ელექტროტრანსპორტით ე.წ. ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავი და სამბორბლიანი ელექტრო სკუტერით გადაადგილება განსაკუთრებული პოპულარობითა და მოთხოვნით სარგებლობს.“

მერია განკარგულების განმარტებით ბარათში წერს, რომ „ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით“ გადაწყვიტა:

„მერიას მიზანშეწონილად მიაჩნია 2025 წლის პირველ იანვრამდე ქალაქ ბათუმის ბულვარში არსებულ ველობილიკზე დაშვებულ იქნას ორბორბლიანი ელექტრო თვითმგორავით გადაადგილება, ხოლო ბათუმის ახალი ბულვარიდან დელფინარიუმის გასწვრივ არსებულ მონაკვეთამდე, კერძოდ, ველობილიკზე – ელექტროტრანსპორტის, მხოლოდ სამ ბორბლიანი ელექტროსკუტერის, გადაადგილება“.

კითხვაზე – მუშაობს თუ არა მერია არამხოლოდ ბულვარში არამედ ზოგადად ქალაქში „სქროლით“ გადაადგილების რეგულაციებზე, ამ დროისთვის ინფორმაცია არ გვაქვს. მერიაში გვითხრეს, რომ ეს ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: