პროკურატურის ცნობით, ავეჯის დამამზადებელი კომპანია შპს “დემეს” წარმომადგენელს, მომხმარებელთა დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდება წარუდგინეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ კომპანია „დემეს“ წარმომადგენელმა სოციალურ ქსელში ყალბი რეკლამები განათავსა. ბრალდებულმა 2021-2022 წლებში, ავეჯის დამზადების მსურველი მოქალაქეები სოცქსელებში რეკლამებით მიიზიდა და ავეჯის დამზადების სანაცვლოდ, დაზარალებულებს ანგარიშზე თანხები წინასწარ ჩაარიცხვინა.

„ამ გზით, ბრალდებულმა ჯამში მოტყუებით 464.687 ლარი მიიღო, რის შემდეგაც მიიმალა“ – წერს პროკურატურა.

კომპანია “დემეს” წარმომადგენელს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის “ა”და “ბ” ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლება, 47 ეპიზოდი) წარედგინა.

სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით – პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. ბრალდებულზე ძებნაა გამოცხადებული.

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Exit mobile version