დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახური დღეს, 3 ნოემბერს, X-ზე წერს, რომ ბოლო კვირებში გაგრძელდა ომის დასაწყისშივე გამოვლენილი ტენდენცია – თუ ფრონტზე გარემოებები არ შეიცვალა, სახმელეთო ბრძოლის ბალანსი ძირითადად თავდაცვითი ძალების სასარგებლოდაა.
ბრიტანეთის დაზვერვის დღევანდელ მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ სამხრეთით უკრაინის შეტევა შედარებით სტატიკურია რუსეთის კარგად მომზადებული თავდაცვითი პოზიციების ორ მთავარ ხაზს შორის.
ასევე, ქალაქ ავდიივკასთან რუსეთის ფართომასშტაბიანი თავდასხმა უკრაინის ძლიერ თავდაცვას შეეჩეხა.
ამ ფენომენის მთავარი ფაქტორი, სავარაუდოდ, ისაა, რომ ორივე მხარემ შეინარჩუნა საიმედო საჰაერო თავდაცვა, რაც ხელს უშლის საბრძოლო თვითმფრინავებს ეფექტური თავდასხმების განხორციელებაში – წერს ბრიტანული დაზვერვა.
ასევე, დაზვერვის ცნობით, კონფლიქტის გეოგრაფიულმა ზომამ შეაფერხა თავდასხმები: ორივე მხარე ცდილობდა შეეკრიბა ჯერ ისევ გამოუყენებელი დამრტყმელი ძალები, რომელთაც შეეძლოთ გარღვევა, ამავე დროს მობილიზებული ჯარების დიდი ნაწილი საჭიროა 1200-კილომეტრიანი ფრონტის ხაზის შესანარჩუნებლად.