რუსეთის სამხედრო ძალები თითქმის ერთი კვირაა ცდილობენ უკრაინის ქალაქ ავდიივკაში უკრაინული თავდაცვის ხაზის გარღვევას.
დღეს, 15 ოქტომბერს, უკრაინის გენერალური შტაბი ყოველდღიურ ცნობებში ომის შესახებ წერს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ახერხებენ რუსეთის თავდასხმის მოგერიებას დონეცკის მახლობლად, ავდიივკას რაიონში, რომელიც ამ კვირაში რუსეთის შეტევის მთავარ მიმართულებად იქცა.
„მტერი აგრძელებს ჩვენი თავდაცვის გარღვევის მცდელობებს, მაგრამ უშედეგოდ. ჩვენმა დამცველებმა მოიგერიეს მტრის 15 თავდასხმა დონეცკის ოლქის ავდიივკას, ტონენკოეს და პერვომაისკოეს დასახლებების რაიონებში“, – წერს გენშტაბი.
გენშტაბი იუწყება, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს 10-ზე მეტი შეტევა დონეცკის ოლქში, მარინკას მიმართულებით და აკავებენ რუსულ ძალებს ლიმანთან ახლოს.
მთლიანობაში, უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში ფრონტზე 60 სამხედრო შეტაკება მოხდა.
ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი – ISW-ი წერს, რომ რუსული ძალები იყენებენ ჯავშანტექნიკის ჩვეულებრივზე მეტ რაოდენობას ავდიივკასთან მიმდინარე ოპერაციებში.