ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის – ISW-ის ცნობით, უკრაინულმა ძალებმა განაგრძეს კონტრშეტევა ბახმუტის მახლობლად და 6 ოქტომბრის მონაცემებით დასავლეთ ზაპოროჟიეს ოლქში წინ მიიწევენ.

ამის შესახებ ISW-ი 6 ოქტომბრის ანგარიშში წერს რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ 5 ოქტომბერს გამოქვეყნებული გეოლოკაციური კადრების თანახმად, უკრაინული ძალები მიიწევენ რობოტინოსა და ვერბოვოს შორის, რობოტინოდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით 6 კილომეტრში.

ISW-ი ციტირებს უკრაინის აღმოსავლეთის ძალების ჯგუფის პრესსპიკერს ილია ევლაშინს, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინული ძალები შემოდგომა-ზამთრის პერიოდში შეტევითი ოპერაციებისთვის ემზადებიან და მიუხედავად იმისა, რომ წვიმამ და ნისლიანმა ამინდმა შეიძლება გაართულოს დრონების და ავიაციის გამოყენება, უკრაინული ძალები გააგრძელებენ ბრძოლას ზამთრის განმავლობაში.

ISW-ი წერს, რომ ამინდი ხელს არ შეუშლის არცერთ მხარეს შეტევითი ოპერაციების ჩატარებაში 2023-2024 წლების ზამთრის განმავლობაში, თუ ისინი კარგად არიან მომარაგებული.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ როგორც ჩანს, რუსულმა ძალებმა ცოტა ხნის წინ ჩაატარეს პოლკის როტაცია ორიხოვოს მიმართულებით, რითაც აჩვენეს თავდაცვის უნარი ფრონტის ხაზის ამ კრიტიკულ სექტორში.

ასევე, ISW-მ სექტემბრის ბოლოს დააფიქსირა რუსეთის 42-ე მოტორიზებული დივიზიის ნაწილი ნოვოპროკოპოვკას მახლობლად, რაც ფრონტზე მათი დაბრუნების ნიშანია დასვენებისა და ძალების აღდგენის შემდეგ. სავარაუდოდ, რუსულმა ძალებმა ჩაატარეს პოლკის როტაცია ამ სექტორში.

ISW-ი ღია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ 6 ოქტომბერს რუსულმა ძალებმა განაახლეს შეტევა კუპიანსკთან, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, ფრონტის ამ სექტორში განლაგებული რუსული ძალების უმრავლესობა, სავარაუდოდ, არაეფექტურად იბრძვის.

კუპიანსკის მახლობლად რუსული შეტევითი ოპერაციების განახლება, მიზნად ისახავს უკრაინის ყურადღების მიქცევას სამხრეთ უკრაინის ფრონტის სხვა სექტორებისგან – წერს ISW-ი.

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Exit mobile version