მთავარი,სიახლეები

როგორ დაბრუნდა საქართველო 1 დღით უცხოურ მედიაში – გამოხმაურება The Killers-ის სკანდალზე

16.08.2023 • 1784
როგორ დაბრუნდა საქართველო 1 დღით უცხოურ მედიაში – გამოხმაურება The Killers-ის სკანდალზე

15 აგვისტოს Black Sea Arena-ზე ამერიკული მუსიკალური ჯგუფის The Killers-ის კონცერტზე მომხდარი ინციდენტი საერთაშორისო მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა.

ჯგუფის სოლისტის, ბრენდან ფლაუერსის მიერ ქართული აუდიტორიისთვის რუსებთან ძმობის მოწოდებასა და აუდიტორიის პროტესტზე The Guardian-მა, The Independent-მა, Reuters-მა, BBC-იმ, INSIDER-მა და სხვა გავლენიანმა მედიებმა დაწერეს.

The Independent-ი სტატიას ასეთი სახელწოდებით აქვეყნებს: რუსი გულშემატკივრის „ძმად“ მოხსენიებისა და ქართული აუდიტორიის აღშფოთების ფონზე The Killers-ი განცხადებას აქვეყნებს.

„მას შემდეგ, რაც მომღერალმა ბრენდან ფლაუერსმა საქართველოში ფანებს უთხრა, რომ აუდიტორიის რუსი წევრი დაენახათ, როგორც მათი „ძმა“, The Killers-მა ბოდიში გამოაქვეყნა“, – წერს გამოცემა.

ინციდენტის აღწერის შემდეგ კი აღნიშნავს:

„საქართველომ დამოუკიდებლობა საბჭოთა მმართველობისგან 1991 წელს მოიპოვა, ხოლო 2008 წელს რუსეთი შეიჭრა საქართველოში.

გასულ წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რამაც საქართველოში მრავალი რუსის ემიგრირება გამოიწვია, დაძაბულობა გაძლიერდა. შედეგად ქართველი ხალხი ძირითადად პროუკრაინულია“.

  • The Guardian-ის სტატიის სათაური კი ასეთია: შეძახილები და კონცერტის დატოვება მას შემდეგ, რაც The Killers-მა საქართველოს აუდიტორიას უთხრა, რომ რუსი მათი „ძმაა“

„The Killers-მა ბოდიში მოიხადა მას შემდეგ, რაც მომღერალი ბრენდონ ფლაუერსის მიერ რუსი თაყვანისმცემლის სცენაზე გამოყვანას უკმაყოფილო შეძახილები მოჰყვა კონცერტზე საქართველოში – ყოფილ საბჭოთა ქვეყანაში, რომელშიც რუსეთი 2008 წელს შეიჭრა. სოლომომღერალმა გულშემატკივარს მოუწოდა, როგორც „ძმებსა და დებს“, ისე ეფიქრათ ერთმანეთზე“, – წერს გამოცემა.

საქართველოს შესახებ კი დამატებით განმარტავს:

„რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას მას შემდეგ, რაც 2008 წელს ქვეყანაში შეიჭრა. 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, რუსები წავიდნენ საქართველოში, რომელმაც საბჭოთა მმართველობიდან დამოუკიდებლობა 1991 წელს მოიპოვა. ზოგი რუსი ქვეყანაში უარყოფით რეაქციას შეეჯახა, მათ შორისაა რუსული საკრუიზო გემის შესვლის შეჩერება“.

  • Reuters-ი: ამერიკული ბენდი The Killers-ი საქართველოში სცენაზე რუსი გულშემატკივრის აყვანის გამო ბოდიშს იხდის

„ამერიკულმა ალტერნატიულ-როკჯგუფმა, The Killers-მა, ბოდიში მოიხადა საქართველოში შოუს დროს რუსი დრამერის სცენაზე გამოყვანისა და თაყვანისმცემლებისთვის მითითებამ რუსების „ძმობასა და დობაზე“, რამაც მაყურებლის პროტესტი გამოიწვია.

საქართველოს აქვს დაძაბულობის ხანგრძლივი ისტორია ჩრდილოელ მეზობელთან, რაც გამწვავდა მოსკოვის მიერ 2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეჭრით და შემდგომში რუსი ემიგრანტების დიდი ნაკადით, რომლებიც გაიქცნენ თავიანთი ქვეყნიდან“, – წერს გამოცემა ისე, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას, 2008 წლის ომს და სხვა დეტალებს არ ახსენებს, თუმცა სტატიის ბოლოსკენ დასძენს:

„ქართული საზოგადოებრივი აზრი დიდწილად პროუკრაინულია“.

  • BBC-ი: The Killers-ი ბოდიშს იხდის რუსის „ძმად“ მითითებით საქართველოში ფანების გაღიზიანების გამო

„The Killers-მა ბოდიში მოიხადა მას შემდეგ, რაც სოლისტმა ბრენდონ ფლაუერსმა საქართველოში კონცერტის დროს რუსი ფანი სცენაზე მიიწვია, რათა დრამზე დაეკრა.

მან შეკრებილებს უთხრა, მოჰპყრობოდნენ რუს გულშემატკივარს, როგორც მათ „ძმას“, რამაც გამოიწვია შეძახილები, ხოლო აუდიტორიის ნაწილმა დარბაზი დატოვა. საქართველოს, რომელმაც რუსეთისგან დამოუკიდებლობა 1991 წელს მოიპოვა, მეზობელთან დაძაბულობის დიდი ისტორია აქვს.

რუსეთი საქართველოში 2008 წელს შეიჭრა და დღემდე ოკუპირებულია ყოფილი საბჭოთა ქვეყნის ნაწილი.

დაძაბულობა გამწვავდა, რაც შარშან, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საქართველოში დიდი რაოდენობით რუსი ემიგრირდა“, – წერს გამოცემა.

INSIDER-ი ინციდენტის აღწერის შემდეგ წერს:

„საქართველოს ურთიერთობა რუსეთთან 1990-იანი წლების დასაწყისიდან დაიძაბა. საქართველო საბჭოთა კავშირს 1991 წელს გამოეყო.

ქვეყანა ჩართული იყო რუსეთთან ტერიტორიულ დავებში, რაც დასრულდა რუსეთის მიერ 2008 წელს შეჭრით. კარნეგის ფონდის თანახმად, რუსეთი ახლა საქართველოს ტერიტორიის 20%-ს აკონტროლებს“.

სკანდალის შესახებ წერს რუსული, პროკრემლისტური მედიაც.

____________

15 აგვისტოს, „ბლექ სი არენაზე“ მიმდინარე კონცერტის დროს, ერთ-ერთი სიმღერის შესრულებამდე ჯგუფის სოლისტმა, ბრენდან ფლაუერსმა, სცენაზე დრამერი აიყვანა, რომელმაც თქვა, რომ რუსეთის მოქალაქეა. ამ ინფორმაციის მიღებამ მსმენელებში პროტესტი გამოიწვია.

ბრენდან ფლაუერსმა მსმენელებს ჰკითხა, მისაღები იყო თუ არა მათთვის მის მიერ შერჩეული დრამერი. „განა, ყველა დები და ძმები არ ვართ?“ – იკითხა სცენიდან მუსიკოსმა. კადრებში, რომლებიც საკონცერტო დარბაზიდან გავრცელდა, ჩანს, რომ აუდიტორია ერთხმად პასუხობს – NO! -არა.

„ბლექ სი არენაზე“ ამერიკული ჯგუფის The Killers-ის კონცერტი Starring Georgia-ს ფარგლებში გაიმართა. ეს ორწლიანი სამთავრობო კამპანიაა, რომლის ფარგლებში საქართველოს მთავრობა უცხოელი მომღერლების ჩამოყვანაზე 70 მილიონს დახარჯავს.

კონცერტზე დასასწრები ბილეთი 100-დან 500-მდე ლარი ღირდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: