ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი [ISW] 14 ივნისის ანგარიშში წერს, რომ უკრაინული ძალები განაგრძობენ კონტრშეტევით ოპერაციებს სულ მცირე სამი მიმართულებით და მიაღწიეს წარმატებას 14 ივნისს.
ანალიტიკოსებს ანგარიშში მოჰყავთ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ უკრაინის ჯარები დაწინაურდნენ 200-დან 500 მეტრამდე ბახმუტის ფრონტის დაუზუსტებელ მონაკვეთებში და 300-დან 350 მეტრამდე – ზაპოროჟიეს მიმართულებით.
ISW ასევე ეყრდნობა რუსი ბლოგერებს, რომლებიც წერენ, რომ უკრაინული ძალები აგრძელებენ კონტრშეტევებს ბახმუტის ჩრდილო-დასავლეთ, ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ გარეუბანზე.
„რუსული წყაროები ირწმუნებიან, რომ უკრაინულმა ძალებმა დაარტყეს მე-20 გაერთიანებული შეიარაღების არმიის დივიზიას კრემინასთან, ლუგანსკის ოლქის მახლობლად, როდესაც ისინი ელოდნენ მეთაურს გამოსვლას, რამაც გამოიწვია ბლოგერების უკმაყოფილება რუსი მეთაურების შესახებ“ – წერს ISW.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ რუსულმა წყაროებმა გაავრცელეს ურთიერთგამომრიცხავი ცნობები რუსეთის სათათბიროს დეპუტატის და ჩეჩნური როსგვარდიის ფილიალის მეთაურის, ადამ დელიმხანოვის მდგომარეობის შესახებ 14 ივნისს. „ISW-ს არ უნახავს რაიმე ვიზუალური მტკიცებულება დელიმხანოვის მდგომარეობის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი მტკიცებების დასადასტურებლად ან უარყოფისთვის“ – წერენ ანალიტიკოსები.
ISW ასევე წერს, რომ რუსეთის ძალები განაგრძობენ შეზღუდულ სახმელეთო შეტევებს ავდიივკა-დონეცკის ხაზზე.
ანალიტიკოსები წერენ, რომ სატელიტურ ფოტოებზე დაყრდნობით, რუსული ვერტმფრენები, რომლებიც უკრაინის კონტრშეტევას უპირისპირდებიან სამხრეთ უკრაინაში, სავარაუდოდ განლაგებულია აეროდრომზე ბერდიანსკში, ზაპოროჟიეს ოლქში.
____________
ფოტო: უკრაინის არმიის გენერალური შტაბი/facebook






