მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

ყველაფერი ცხვირის ძგიდის გამრუდებასა და გართულებებზე – ექიმის რჩევები

04.05.2023 •
ყველაფერი ცხვირის ძგიდის გამრუდებასა და გართულებებზე – ექიმის რჩევები

ცხვირის ძგიდის გამრუდება ერთ-ერთი ხშირი პათოლოგიაა, რომელსაც, „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ყელ-ყურ-ცხვირის ექიმის, პროფესორ გიორგი გოგნიაშვილის თქმით, საკმაოდ სერიოზული გართულებების გამოწვევა შეუძლია, განსაკუთრებით ბავშვებში. 

გიორგი გოგნიაშვილს „ბათუმელები“ სწორედ ამ თემაზე ესაუბრა.

  • ბატონო გიორგი, რას ნიშნავს ცხვირის ძგიდის გამრუდება?

ხშირად ჩემთან მოსული პაციენტები გარეთა ცხვირს რომ უყურებენ, რომელიც გამრუდებულია ერთ ან მეორე მხარეს, ამბობენ, რომ ძგიდე გამრუდებული აქვთ და სუნთქვა უჭირთ. ეს არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან გარეთა ცხვირი შეიძლება გამრუდებული იყოს, ანუ ვიზუალურად ირიბად მიდიოდეს არასწორ ხაზზე, თუმცა ძგიდე იყოს სწორი, ან პირიქით – ძგიდე იყოს გამრუდებული და გარეთა ცხვირი იყოს სწორი. 

ძგიდე არის ცხვირის ხრტილოვანი და ძვლოვანი ნაწილი, რომლის გამრუდებასაც გარედან, ვიზუალურად, ვერ შევაფასებთ. ძგიდე არის ცხვირის შიგნითა ნაწილი, გარედან არ ჩანს, შესაბამისად პროფესიონალმა ექიმმა თუ არ შეიხედა ცხვირის ღრუში, ძგიდე გამრუდებული არის თუ არა, ამას ვერანაირად ვერ შეაფასებს. 

  • გამრუდების მიზეზი მხოლოდ ტრავმაა?

მიზეზი ძირითადად არის ტრავმული, თუმცა გამრუდება შესაძლებელია იყოს თანდაყოლილი და შეძენილიც. თანდაყოლილი არის მუცლადყოფნის პერიოდიდან, მაგალითად, სამშობიარო გზებში გასვლის დროს შეიძლება ჩვილი ბავშვის ცხვირმა მიიღოს ტრავმა, რადგან ამ დროს მხოლოდ ხრტილოვანი ნაწილი არის ძგიდის, რომელიც ძალიან მგრძნობიარეა და შესაბამისად, მრუდდება ძალიან ადვილად. 

ან შეიძლება მცირე ასაკში მიიღოს ბავშვმა ტრავმა, შეძენილი ტრავმა/გამრუდება ჰქვია ამას; ცხვირის გამრუდება არც გენეტიკურად გადაეცემა.

  • როცა ტრავმას ვიღებთ ბავშვობაში, პრობლემები მყისიერად ჩნდება, თუ დროთა განმავლობაში უარესდება მდგომარეობა?

ადრე იყო ასეთი მოსაზრება, ბავშვი 2-4 წლის ასაკში რომ მიიღებდა ტრავმას, ამ ტრავმაზე ხელი არ უნდა გვეხლო და გარდატეხის ასაკამდე, ანუ გოგონებში სადღაც 14-15 წლამდე, ბიჭებში – 16-17 წლამდე უნდა მოგვეცადა, სანამ არ გაიზრდებოდა და ჩამოყალიბდებოდა ქალა-ძვლები და შემდგომ გაგვეკეთებინა ძგიდის კორექცია, ანუ სეპტოპლასტიკა და სუნთქვა აღგვედგინა.

წარმოიდგინეთ, 2-3 წლის ასაკში ბავშვი რომ ტრავმას მიიღებს, ძგიდე გამრუდებული აქვს და 10-14 წელი ელოდება, რომ გარდატეხის ასაკს მიაღწიოს და სუნთქვა გამოუსწორდეს… ეს არის კატასტროფა, ამდენი წელი ბავშვი არის ჰიპოქსიაში; აქ წინა პლანზე გამოდის ბავშვის გონებრივად ჩამორჩენა, იმიტომ, რომ მუდმივად დაღლილია ბავშვი, მუდმივად ჰიპოქსიაშია და სწავლა, საგნების ათვისება უჭირს ხოლმე.

ჩვენს გერმანელ კოლეგებთან ერთად ძალიან ბევრი ვიფიქრეთ იმაზე, თუ რისი გამოსწორება შეიძლებოდა. ეს დაახლოებით 15-20 წლის წინ, როცა აუცილებლად უნდა დაგვეცადა გარდატეხის ასაკამდე და  ძალიან ბევრი ობიექტური კვლევების შემდეგ დავადგინეთ, რომ აუცილებელია ასეთი ბავშვების შველა. ჩვენ გერმანელებთან ერთად დავწერეთ რინოლოგიაზე, ანუ ცხვირის ანატომიაზე, ფიზიოლოგიაზე, ჩარევებზე ცალკე წიგნი ექიმებისა და რეზიდენტებისთვის, რომელიც გამოიცა დაახლოებით წლინახევრის წინ, გერმანულ ენაზეა და ვთარგმნით ახლა ქართულად და ინგლისურად. ამ წიგნში ცალკე თავი არის გამოყოფილი ბავშვთა ცხვირის ქირურგიაზე.

ამით იმის თქმა მინდა, რომ ნებისმიერ ასაკში ჩვენ შეგვიძლია ბავშვს დავეხმაროთ სუნთქვის გაუმჯობესებაში და არ დაველოდოთ გარდატეხის ასაკს.

  • რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ცხვირის ძგიდის გამრუდებას იმ შემთხვევაში, თუ არ იმკურნალა პაციენტმა?

ბავშვთა ასაკიდან რომ დავიწყოთ, ძგიდის გამრუდებამ და არასწორმა სუნთქვამ შეიძლება გამოიწვიოს თანკბილვის დარღვევა.

ავხსნათ, რატომ? – როცა პაციენტი (განსაკუთრებით ბავშვი) ცხვირიდან ვერ სუნთქავს, ძალაუნებურად აღებს პირს, პირით სუნთქვა კი არ არის ნორმალური; ნორმალურად, ფიზიოლოგიურად, ადამიანი უნდა სუნთქავდეს ცხვირით – შეისუნთქოს ცხვირით, ამოისუნთქოს პირით. როდესაც ადამიანს მუდმივად სძინავს პირღია, ამ დროს ირღვევა თანკბილვა, ნიკაპი  იწევა შიგნით და ზედა ყბა მოდის გარეთ. აი, ბავშვებს ბრეკეტები რომ უკეთიათ, ეს თანკბილვის გამოსასწორებელი საშუალებაა, შესაბამისად აუცილებელია, რომ ნებისმიერ ასაკში ადამიანს მოვუწესრიგოთ სწორი სუნთქვა, რომ არ მივიდეს გართულება აქამდე.

ცხვირის არასწორმა ვენტილაციამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული პრობლემები ყურზე, რადგან ყური დაკავშირებულია ცხვირ-ხახასთან, ცხვირ-ხახის მილის საშუალებით და იქ დისფუნქცია, ანუ ამ მილის ბლოკირება, იწვევს ყურის პრობლემებს და მერე სერიოზული გართულებები აქვთ პაციენტებს ყურზე, სმენის დაქვეითების და სხვა სახის.

  • რა ნიშნები ახასიათებს ძგიდის გამრუდებას?

როგორც წესი, პაციენტები მოდიან ჩივილებით, რომ ვერ სუნთქავენ. მაგრამ ეს ჩივილები არის სუბიექტური, პაციენტის მიერ აღქმული, ჩვენ ხომ არ ვიცით ზუსტად რის გამო ვერ სუნთქავს ის. ასევე, ექიმის გასინჯვაც არის სუბიექტური, ექიმი შეიძლება ცდებოდეს და პაციენტს ეუბნებოდეს, რომ ძგიდე გამრუდებულია და საოპერაციოა.

ჩვენ გერმანელ კოლეგებთან ერთად ძალიან ბევრი ვიფიქრეთ, თუ რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა იმისთვის, რომ ობიექტურად შეგვეფასებინა ეს სუბიექტური ნიშნები და გამოგონილ იქნა აპარატი, რომლითაც ხდება ცხვირის ფუნქციური დიაგნოსტიკა.

ისევე, როგორც სმენის გამოკვლევის აპარატია – აუდიომეტრი, ისევე არის ცხვირის აუდიომეტრი, რომელიც ზუსტად ადგენს, ესა თუ ის ცხვირი პათოლოგიურად არის გამრუდებული, რასაც სჭირდება ოპერაციული მკურნალობა, თუ ფიზიოლოგიურად არის გამრუდებული, რასაც სჭირდება მხოლოდ მედიკამენტური კურსი. უკვე 15 წელია ეს აპარატი გვაქვს საქართველოში. ამ ობიექტური კვლევის გარეშე პაციენტი არ გამყავს ოპერაციაზე.

ჩივილები ასევე შეიძლება მოიცავდეს ზოგ შემთხვევაში ხვრინვას, იმიტომ, რომ ცხვირიდან სუნთქვის გაძნელებამ შეიძლება 30-40 პროცენტში ხვრინვა გამოიწვიოს, მაგრამ მკითხველს მინდა ვუთხრა, რომ ცხვირით სუნთქვის გაძნელება  აუცილებლად ხვრინვის მიზეზი არ არის, მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს ამას.

ასევე, ჩივილია მუდმივი დაღლილობა, იმიტომ, რომ როცა ცხვირით სუნთქვა უჭირთ ღამით, ეღვიძებათ ხშირად, კარგი ძილი კი მნიშვნელოვანია ორგანიზმის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის, შესაბამისად, პაციენტები დილიდანვე დაღლილები არიან; ასევე, შესაძლებელია ზოგჯერ წნევის მომატება, რადგან არასწორმა სუნთქვამ, ჰიპოქსიაში ყოფნამ, შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში შეუქცევადი პროცესები: ჰიპერტონიული პრობლემები, ჰიპერტონიული დაავადებები და ა.შ;

ცხვირის ძგიდის გამრუდებამ ასევე შესაძლოა გამოიწვიოს ქვემო სასუნთქი გზების დაავადებები – როდესაც ზემო სასუნთქი გზა არ არის ვენტილირებული კარგად, ეს პრობლემები ქვემო სასუნთქ გზებშიც გადადის; ასევე შეიძლება გამოიწვიოს სინუსიტები, ჰაიმორიტი, ფრონტიტი და ა.შ., რადგან  სინუსებში არ ხდება ვენტილაცია.

  • რა შეღავათი შეიძლება მისცეს გამრუდებული ძგიდის მქონე ადამიანს მედიკამენტურმა მკურნალობამ?

ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა.

ჩვენ ვთქვით, რომ კვლევა გვაძლევს ძგიდის გამრუდების ობიექტივაციის საშუალებას. კერძოდ, ეს აპარატი გვეუბნება, გამრუდება არის ფიზიოლოგიური, რომელსაც სჭირდება კონსერვატიული ანუ წამლისმიერი მკურნალობა, თუ პათოლოგიური, რომელსაც სჭირდება ოპერაციული მკურნალობა.

თუ არის ფიზიოლოგიური, მაშინ არის შესაძლებლობები, მაგრამ არა ე.წ. ცხვირის გამხსნელები, რომელთაც ზიანი მოაქვთ როგორც ცხვირისთვის, ისე მთელი ორგანიზმისთვის (მათ შორის კარდიოვასკულარული სისტემისთვის), არამედ სხვა წამლები, რომლებიც, საბედნიეროდ, არსებობს და არეგულირებენ ამ პრობლემას.

ავხსნათ, როგორ დაეხმარება წამალი გამრუდებას – როდესაც ჩვენ გვაქვს ფიზიოლოგიური გამრუდება, ამ დროს ლორწოვანი გარსი პატარავდება და შესაბამისად, ძგიდესა და გვერდითა კედელს შორის ადგილი გვაქვს უფრო მეტი, სადაც ჰაერი გადის. თუ ეს პაციენტისთვის კომპენსაციას მოახდენს იმ ჩივილების, რაც მას მკურნალობამდე ჰქონდა, ეს იმას ნიშნავს, რომ კონსერვატიულმა მკურნალობამ შედეგი გამოიღო.

  • როდის ხდება საჭირო ქირურგიული ჩარევა?

თუ მედიკამენტური მკურნალობა შედეგს არ გამოიღებს, ალტერნატივად შეგვიძლია განვიხილოთ ოპერაციული ჩარევა.

ოპერაციული ჩარევები მრავალმხრივია, არსებობს სხვადასხვა სკოლა, მაგალითად, გერმანული სკოლა – ეს ძალიან დამზოგველი მეთოდებია, რომ მინიმალურად მოხდეს კორექცია და პაციენტმა ისუნთქოს ნორმალურად ხანგრძლივი დროის განმავლობაში;  არსებობს ლაზერული ჩარევა ძგიდზე – გააჩნია როგორი ხარისხისაა გამრუდება. ეს ოპერაციები საკმაოდ წარმატებულია.

მნიშვნელოვანია, ჩვენმა მკითხველმა იცოდეს, რომ ძგიდის ყველა გამრუდება არ ნიშნავს აუცილებლად სუნთქვის გაძნელებას, ანუ ოპერაციის ჩვენებას. არსებობს  ძგიდის ფიზიოლოგიური გამრუდება, რომელსაც არ სჭირდება ოპერაცია – ფიზიოლოგიურად არის გამრუდებული, იქ ჰაერი გადის, შესაბამისად პაციენტს არ უნდა ჩაუტარდეს ოპერაცია ძგიდზე; მაგრამ არსებობს პათოლოგიური გამრუდებები, რომელთა დროსაც აუცილებლად უნდა ჩატარდეს ოპერაცია, რომ პაციენტმა შეძლოს ნორმალური სუნთქვა.

  • უშუალოდ პროცედურა რამდენი ხანი გძელდება?

გამოცდილ ქირურგებთან, ვინც ხშირად აკეთებს, ეს ქირურგიული პროცედურა გრძელდება 15 წუთიდან მაქსიმუმ 45 წუთამდე.

ხშირად გამრუდებული ძგიდის პათოლოგია კომბინაციაშია ნიჟარების პათოლოგიასთან. მხოლოდ ძგიდის გამრუდება არ არის მიზეზი ცხვირიდან სუნთქვის გაძნელების.

ძირითადად ძგიდე და ნიჟარები ერთდროულად კეთდება. რა თქმა უნდა, სხვა პათოლოგიაც შეიძლება იყოს, რომელსაც სხვა დიაგნოსტიკა სჭირდება კომპიუტერული ტომოგრაფიის სახით. თუ არ ჩატარდა ეს გამოკვლევა და იქ რაღაც პათოლოგია დატოვე, მაშინ შეიძლება ძგიდე და ნიჟარა გააკეთო, მაგრამ რამდენიმე თვეში პაციენტი ისევ საოპერაციო გახდეს, უკვე სხვა, მაგალითად, წიაღების პრობლემის გამო. ამიტომ სჯობს გამოირიცხოს ეს ყველაფერი და თუ რაიმე პრობლემაა ცხვირში ან დანამატ წიაღებში, ერთიანად მოხდეს მისი ლიკვიდაცია.

  • ძგიდის ოპერაციასთან ერთად პაციენტები ხშირად იკეთებენ ცხვირის პლასტიკურ ოპერაციასაც. ეს რაზეა დამოკიდებული? 

შეიძლება გარეთა ცხვირი გამრუდებული იყოს თუმცა ძგიდე არ იყოს ან პირიქით. ხშირად არის ხოლმე, როდესაც ორივე ერთად არის გამრუდებული, ანუ პაციენტს სუნთქვაც უჭირს და გარეთა, ვიზუალური ფორმაც აწუხებს – აქვს კეხი, ან ჩავარდნილი ცხვირი, ან გვერდზე წასული ცხვირი.

რა თქმა უნდა, ოპერაცია შესაძლებელია გაკეთდეს ერთობლივად, რაც ადრე არ კეთდებოდა. ადრე ჯერ აკეთებდნენ ქირურგიულ ოპერაციას ანუ აღადგენდნენ სუნთქვას და რაღაც პერიოდის მერე კეთდებოდა  პლასტიკური ოპერაცია ცხვირზე. ახლა უკვე თანამედროვე ინსტრუმენტები და გამოცდილება ქირურგების, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ეს ერთობლივად გაკეთდეს – როგორც ესთეტიკური, ისე ქირურგიული, სუნთქვის აღმდგენი ოპერაცია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: