3 მაისს, გამთენიისას, რუსეთის ჯარებმა უკრაინაში 26 ირანული დრონი – „შაჰედი“ გაუშვეს. უკრაინის თავდაცვის ძალებმა მათგან 21 გაანადგურეს – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა ავრცელებს.
სარდლობის ცნობით, დრონები გაუშვეს რუსეთის ფედერაციის ბრიანსკის რეგიონიდან, ასევე სამხრეთიდან – აზოვის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან.
დრონების თავდასხმის სამიზნე იყო დნეპროპეტროვსკი, სადაც ჩამოაგდეს 7 ირანული დრონი, მაგრამ ერთი დრონი ადმინისტრაციულ შენობას მოხვდა და ხანძარი გაჩნდა.
3 ირანული „შაჰედი“ მოხვდა კროპივნიცკის ნავთობის საცავს, რასაც აფეთქება და ხანძარი მოჰყვა, ასევე, ნიკოლაევში, დრონის დარტყმის შედეგად, კერძო სახლში ხანძარი გაჩნდა.
აღნიშნული შემთხვევების შედეგად მსხვერპლის და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
დრონების სამიზნე იყო ქალაქი კიევიც, სადაც ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ყველა „შაჰიდი“ გაანადგურეს.
________________
ფოტო: უკრაინის საჰაერო ძალები/facebook






