ნეტგაზეთი • RU

ისევ სამუშაოს ეძებს 23 სტუდენტი, რომლებიც საკრუიზო ლაინერზე უნდა დასაქმებულიყვნენ

ისევ დასაქმებას ელის 23 კურსდამთავრებული, ვისაც საკრუიზო გემზე მიმტანად უნდა ემუშავა.

ახალგაზრდებმა პროფესიული მომზადების პროგრამის სრული კურსი ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში გაიარეს და უკვე მესამე თვეა დასაქმებას ელიან.

პროფესიული მომზადების პროგრამის – „სამგზავრო გემის მიმტანი“ კურსდამთავრებულების დასაქმების ვალდებულება შესაბამისი მემორანდუმით საკრუინგო კომპანია Columbia Shipmanagement Georgia-ს ჰქონდა აღებული. 23 სტუდენტი მას საკრუიზო ლაინერზე უნდა დაესაქმებინა.

„ბათუმელებს“ არაოფიციალურად უთხრეს, რომ საკრუინგო კომპანიამ უნივერსიტეტიც და დასაქმების სააგენტოც „გადააგდო“ და ახლა ორივე უწყება საკუთარი ძალებით ცდილობს შექმნილი პრობლემის გამოსწორებას.

პროფესიული მომზადების პროგრამა ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტმა დასაქმების სააგენტოსთან ერთად გასული წლის სექტემბერში აამოქმედა. პროგრამას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა აფინანსებს. პროგრამა ორი თანაბარმნიშვნელოვანი კომპონენტისგან შედგება, რომლის პირველი ეტაპი სწავლებაა, მეორე ეტაპი კი – საკრუიზო ლაინერზე დასაქმება.

იმის გამო, რომ პროგრამის პირველი ნაკადის კურსდამთავრებულთა დასაქმება ამ დრომდე ვერ მოხერხდა, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტმა სასწავლო კურსზე მიღება დროებით შეაჩერა.

პრობლემებს პროგრამაში ჩართული ყველა მხარე აღიარებს და შეძლებისდაგვარად მალე მისი მოგვარების პირობას დებს.

ნათია მიქელთაძე, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ პროგრამის ყველა კურსდამთავრებული აუცილებლად დასაქმდება. მიქელთაძის თქმით, პრობლემა საკრუინგო კომპანიამ შეიქმნა, რის გამოც „ყველანი არასასიამოვნოდ განცვიფრებულები“ დარჩნენ.

ნაწილმა გაიარა გასაუბრება სხვა კომპანიაში და გარკვეულ ნაწილს უკვე მოსდის დასაქმების შეთავაზებები. ამ პროგრამის კურსდამთავრებულებს დამსაქმებელი ეყოლება. სამი თვეა  ჩვენ გვაქვს ყოველდღიური კომუნიკაცია კომპანიასთან, ყოველდღე ვითხოვთ  ახსნა-განმარტებას ჩვენი ბავშვების დასაქმებასთან დაკავშირებით. ჩვენ გვყავდა შემდეგ ნაკადზე ჩარიცხვის მსურველები, მაგრამ საკუთარი ზარალის ფასად შევაჩერეთ მიღება პროგრამაზე მანამ, სანამ ეს პირველი 23 კაცი რეალურად არ დასაქმდება. სწავლის ძალიან ბევრი მსურველი გვყავს, მაგრამ სანამ არ მივიღებთ გარანტიას, ნავიგაციის უნივერსიტეტს არ მიაჩნია შესაძლებლად ახალი ნაკადის მიღება. მთავარი იდეა ამ პროგრამის არის სრული ციკლი, არამხოლოდ პროფესიული მომზადება, არამედ დასაქმების კომპონენტიც აუცილებლად.

ჩვენ ვუშვებთ წლების განმავლობაში კურსდამთავრებულებს, რომლებიც საქმდებიან. ბოლო 10 წლის განმავლობაში უნივერსიტეტს ნავიგაციის კურსდამთავრებულების 82 % გვყავს დასაქმებული, მექანიკის – 78 %. ეს არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი, თუკი მას შეადარებთ სხვა უნივერსიტეტების მაჩვენებელს. თამასაა, რომელსაც ვერ დავაგდებთ და არ დავაგდებთ.

ამიტომ ჩვენთვის თავმოყვარეობის და პროფესიონალიზმის საკითხია, არ გაგრძელდეს ამ პროგრამაზე მონაწილეთა მიღება მანამ, პირველი ნაკადი სრულყოფილად არ დასაქმდება,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ნათია მიქელთაძემ.

„სამგზავრო გემის მიმტანი“ – ამ კურსდამთავრებულების დასაქმების პირობას დებს აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელი, თემურ კახიძეც.

თემურ კახიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ის ბოლო სამი კვირაა აქტიურად ჩაერთო შექმნილი პრობლემის მოგვარებაში.

„კოლუმბია შიფმენეჯმენტს“ მემორანდუმი ჰქონდა უნივერსიტეტთან. ამიტომ სხვა კომპანიებთან არ დაგვიწყია ურთიერთობა, არ იქნებოდა არც პარტნიორული, არც კოლეგიალური, როცა მოლაპარაკებული ხარ ერთ კომპანიასთან სხვასთან არ უნდა დაიჭირო საქმე.

ახლა უკვე ვაწარმოებთ რამდენიმე კომპანიასთან მოლაპარაკებებს. ერთ-ერთ ამერიკულ კომპანიაში კურსდამთავრებულებს უკვე გავლილი აქვთ გასაუბრება და დადებითი პასუხი მოუვიდათ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ თემურ კახიძემ.

„ბათუმელების“ კითხვაზე, ახალი კომპანია რამდენად შეძლებს ყველა კურსდამთავრებულის დასაქმებას, თემურ კახიძე ამბობს, რომ კომპანიას, რომელთანაც მოლაპარაკებას აწარმოებენ, „დაახლოებით 50-ჯერ მეტი სამუშაო ადგილი აქვს, ვიდრე ქართულ მხარეს შეუძლია მიწოდება“.

„ბათუმელები“ კომენტარისთვის დაუკავშირდა „კოლუმბია შიფმენეჯმენტს“. საკრუინგო კომპანიის ხელმძღვანელი ვლადიმერ შელია „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ „თანდათან ყველა დასაქმდება“.

„ჯერ ერთი, ჩვენ არ გვქონდა განსაზღვრული, რამდენ ხანში უნდა დავასაქმოთ. მეორე, ჩვენ მანამდე ასეთი სპეციალობის ხალხი, სადღაც 50-60 კაცი დავასაქმეთ. მესამე – რატომ გვქონდა ჩვენ იმედი: იღებდნენ ორ ახალ გემს, სადაც უნდა დაგვესაქმებინა ეს ხალხი, რისი მიღებაც შეჩერდა და იგვიანებს. ახლა მგონი ორი კაცი მაგ ჯგუფიდან ჩვენ გავუშვით და თანდათან ისინი, ყველა დასაქმდება,“ – ამბობს ვლადიმერ შელია „ბათუმელებთან“.

„ბათუმელებმა“ ვლადიმერ შელიას დაზუსტება სთხოვა, დასაქმდებოდა თუ არა სასწავლო პროგრამის ყველა კურსდამთავრებული.

„კურსდამთავრებული არ ნიშნავს… მაგენი მერე ხელმეორედ გადიან მენეჯერთან ინტერვიუს.

მიუხედავად იმისა, რომ გადამზადება გაიარეს, ჩვენ ისინი მანამდე არ შეგვიმოწმებია. ამიტომ ისინი გადიან ინტერვიუს. მე მგონი ათ კაცს გავლილი აქვს ინტერვიუ ამ 23-დან, მაგრამ 23-ივე იქნება თუ არა დასაქმებული, მაგის გარანტიას ვერ მოგცემთ, რადგან ისინი გადიან ინტერვიუს თავად გემთმფლობელთან,“ – თქვა ვლადიმერ შელიამ.

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი