დღეს, 16 მარტს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, ბათუმში მყოფმა უკრაინელმა დევნილებმა რუსეთის მიერ მარიუპოლის თეატრის დაბომბვის დროს დაღუპულ ბავშვებს პატივი მიაგეს.

ბათუმში გაიხსენეს მარიუპოლში რუსების მიერ თეატრის დაბომბვის შედეგად დაღუპული ბავშვები.
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

მარიუპოლის თეატრის წინა და უკანა მხარეს დიდი თეთრი ასოებით ეწერა სიტყვა – „ბავშვები“. ამის მიუხედავად, რუსულმა ძალებმა თეატრის შენობა დაბომბეს, სადაც, არსებული ინფორმაციით, 1000-ზე მეტი ადამიანი აფარებდა თავს, მათ შორის იყვნენ ბავშვები.

მარიუპოლში დაღუპული ბავშვების მოსაგონებლად ბათუმში, ევროპის მოედანზე, სანთლები დაანთეს
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები
ბათუმში მყოფი უკრაინელები ომის წლისთავზე კიდევ ერთხელ ახსენებენ ადამიანებს რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის სისასტიკეს.

აქციაზე მყოფნა უკრაინელებმა გააჟღერეს საქართველოსა და უკრაინის ჰიმნები.

„მარიუპოლი ისევ უკრაინა იქნება, აფხაზეთი და სამაჩაბლო – საქართველო იქნება“ – ამბობდნენ უკრაინელები.

რუსული აგრესიის შედეგად მიწასთან გასწორებული მარიუპოლის ფოტოები ევროპის მოედანზე გამოფინეს.
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები
დაღუპულთა ფოტოების ქვეშ უკრაინელებმა სანთლები დაანთეს და ქაღალდის თეთრი ანგელოზები გამოფინეს
მარიუპოლის თეატრი რუსების მიერ დაბომბვის შემდეგ.
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

უკრაინის ქალაქი მარიუპოლი 2022 წლის გაზაფხულიდან ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ქალაქი, ფაქტობრივად, ნანგრევებად იქცა. უცნობია, რამდენი ადამიანი დაიღუპა მარიუპოლში, რადგან ოკუპირებულ ქალაქში ინფორმაციის გადამოწმება ვერ ხერხდება.

ამავე თემაზე:

20 დღე მარიუპოლში: ჟურნალისტები აგონიაში მყოფ ქალაქში – AP

Published by ლელა დუმბაძე

ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com

Exit mobile version