უკრაინული 24tv.ua წერს, რომ რუსულ სატელევიზიო გადაცემებში სულ უფრო ხშირად ჩნდებიან ექსტრასენსები, ნათელმხილველები და ჯადოქრები. რუსულ ტელევიზიებზე დაკვირვებით არხი წერს, რომ ეს „ჯადოქრები“ შემოიფარგლებიან პუტინის სადიდებელი ოდებით და ასევე იმით, რომ „ამერიკის შეერთებული შტატები დაიშლება“.

თოქშოუებს, რომლებშიც „ნათელმხილველები“ ​​რუსეთის „გამარჯვებას“ და უკრაინის განადგურებას წინასწარმეტყველებენ, რუსეთის მილიონობით მოქალაქე უყურებს. „ეს მიუთითებს იმაზე, რომ ოკუპანტი ქვეყნის საზოგადოების დეგრადაციის დონე კვლავ იზრდება“, – წერს 24tv.ua.

მაგალითად, 12 დეკემბერს, თოქშოუში „მალახოვი“ მოწვეული ჰყავდათ სამხედრო „ნათელმხილველი“, რომელიც თითქოს საბჭოთა დაზვერვაში მუშაობდა. ექსტრასენსმა გენერალ-ლეიტენანტმა ალექსეი სავინმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი მსოფლიოს ყველა ლიდერზე მაღლა დგას.

„უნდა გვიხაროდეს, რადგან ჩვენი ლიდერი ვლადიმერ ვლადიმიროვიჩი ძლიერია ინტელექტუალურად, სულიერად უფრო ძლიერია (ვიდრე ევროპისა და აშშ-ის ლიდერები). ჩვენ ღმერთმა მოგვცა ასეთი ლიდერი“, – განაცხადა მან.

2023 წლის 25 იანვრის ეთერში კი, „ასტროლოგმა“ თამარ გლობამ იწინასწარმეტყველა, რომ წლების შემდეგ, მუხლჩაუხრელი მუშაობის შედეგად რუსეთი მაინც „წარმატებული იქნება“. მისივე თქმით, ახლა დასავლეთი ცდილობს მოსკოვი დააჩოქოს.

მიუხედავად იმისა, რომ ახლა სხვა ქვეყნები რუსეთის განადგურებას ცდილობდნენ, ეს ჩვენთვის მაინც სასარგებლოა. ამის წყალობით, ჩვენ ვფხიზლდებით. რუსეთში მცხოვრები ადამიანის ხასიათი – ეს პროტესტის ფორმაა. და ახლა როგორც არ უნდა გვკრან ხელი, ბოლოს ძალიან ბევრი ისევ მოგვაწყდება უკან: ბიზნესისთვის და იმისთვისაც, რომ იცხოვრონ რუსეთში – ამტკიცებს ქალი.

ამავე გადაცემაში მოწვეული ჰყავდათ კიდევ ერთი მჩხიბავი – ჩეჩენი აიზენი, რომლის გამოჩენაც „ამ სამყაროში თვით ნოსტრადამუსმა იწინასწარმეტყველა“. ის პირდაპირ ამტკიცებს, რომ „რუსეთი – ეს არის არა მხოლოდ სახელმწიფო, არამედ მესია, ის და ამ ქვეყანაში მცხოვრები ხალხები კი კაცობრიობის მხსნელები“.

ის მოუწოდებს რუსებს, გაერთიანდნენ პუტინის გარშემო, რათა ერთობლივი ძალისხმევით შეებრძოლონ სატანას.

უბედურება მოვა იქიდან, საიდანაც არ ელი. ეს რომ არ მოხდეს, ჩვენ ყველა უნდა გავერთიანდეთ სატანისტური ბოროტების წინააღმდეგ. ჩვენ, მრავალეროვანი რუსეთის ხალხებს, ბედმა გვარგუნა გადავარჩინოთ კაცობრიობა ჩვენი მთავრობის ხელმძღვანელობით – აცხადებს ჩეჩენი „წინასწარმეტყველი“.

აიზენის ავღანელი კოლეგა – „მათემატიკოს-წინასწარმეტყველი“ სიდიკ აფგანი კი სხვა ტელეარხის ეთერში ამტკიცებდა, რომ ზელენსკი გააგრძელებს კაცობრიობის ბირთვული იარაღით შანტაჟის ტაქტიკას. თუმცა მას არ უთქვამს, სად იპოვის უკრაინა ამ შეიარაღებას.

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის თანახმად, „უკრაინის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენება“ კრემლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროპაგანდისტული მესიჯია.

ჯადოქრებს და ექსტრასენსებს რუსული მედია ხშირად იწვევს ეთერში. რუსეთი მათი ჩართულობით ცდილობს, გავლენა მოახდინოს არამხოლოდ თავის მოსახლეობაზე, არამედ მის საზღვრებს გარეთ აუდიტორიაზეც.

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Exit mobile version