სიახლეები

როგორ მუშაობს აჭარის რეგიონული ჰაბი

28.02.2023 • 646
როგორ მუშაობს აჭარის რეგიონული ჰაბი

აჭარის რეგიონული ჰაბი შეიქმნა ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტით – „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“.

2021 წლიდან აჭარის რეგიონული ჰაბის ფუნქციას „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ ასრულებს.

  • რა კეთდება აჭარის რეგიონული ჰაბის საშუალებით

აჭარის რეგიონული ჰაბის საშუალებით აჭარაში მოქმედი ან ახალდაარსებული, აგრეთვე ახალგაზრდული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, საინიციატივო და სათემო ჯგუფების, ახალგაზრდების წარმომადგენლებისთვის გამოიყოფა საკონსულტაციო სივრცე და და შესაბამისი დრო, ასევე, ვლინდება მათი საჭიროებები. იდეებისა და ინიციატივების განსახორციელებლად ეს ჯგუფები იღებენ კონსულტაციასა და დახმარებას სხვადასხვა ფორმით: შეხვედრებით, სატელეფონო კავშირით, სოციალური არხებითა და ონლაინპლატფორმით.

ჰაბი დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ფანდრაიზერის მომსახურებას, აწვდის სამოქალაქო და არასამთავრობო ორგანიზაციებს საგრანტო პროგრამების შესახებ ინფორმაციას. ამგვარი მომსახურებით აჭარაში სარგებლობს 80 სამოქალაქო ორგანიზაცია, 7 სათემო და 11 საინიციატივო ჯგუფი. ჰაბი ყოველწლიურად აზუსტებს და ამუშავებს რეგიონში მოქმედი სამოქალაქო და სათემო ორგანიზაციების მონაცემთა ბაზას.

უკვე განხორციელებული პროექტებიდან აღსანიშნავია „მოგზაური ბიბლიოთეკა“, რომლის საშუალებითაც აჭარის მაღალმთიან სოფლებში ახლდება წიგნების ფონდი, ბიბლიოთეკები.

„მოგზაური ბიბლიოთეკის“ ფარგლებში 11 სასკოლო ბიბლიოთეკას შეემატა 10 000-ზე მეტი ლარის ღირებულების მხატვრული ლიტერატურა. ამ სკოლაში გაიმართა შეხვედრები მოსწავლეებსა და მასწავლებლებთან სამოქალაქო აქტივიზმის გასაძლიერებლად.

2022 წელს მომზადდა, დაიბეჭდა და დარიგდა აჭარაში მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ცნობარი. ცნობარი აერთიანებს ყველა საჭირო ინფორმაციას: ორგანიზაციების სამუშაო სფეროს, საკონტაქტო ინფორმაციას და თითოეული მათგანის მიერ შეთავაზებულ სერვისებს.

ცნობარი ვრცელდება მაღალმთიანი აჭარის სოფლებში, რადგან მუნიციპალური ცენტრებიდან ბევრი სოფელია დაშორებული. მსგავსი ინფორმაციის თავმოყრა კი აადვილებს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებთან დაკავშირებას.

2022 წლის განმავლობაში გაიმართა შეხვედრები აჭარის 5 მუნიციპალიტეტში. ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის თვითმმართველობის წარმომადგენლებს მიეწოდათ ინფორმაცია აჭარის რეგიონული ჰაბის პროექტების, მიზნებისა და საქმიანობის შესახებ. ამავე შეხვედრებზე გაიმართა პრეზენტაცია აჭარაში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ.

2022 წლის ოქტომბერში ქალაქ ბათუმში, აჭარის რეგიონულმა ჰაბმა უმასპინძლა კონფერენციას „სოციალური პასუხისმგებლობის გააზრების“ თემაზე.

კონფერენციის მიზანი იყო ინფორმაციის გაცვლა იმ ჯგუფებს შორის, რომლებიც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებზე მუშაობენ ან არიან ბენეფიციარები.

2022 წლის ოქტომბერში ქალაქ ბათუმში აჭარის რეგიონულმა ჰაბმა უმასპინძლა კონფერენციას „სოციალური პასუხისმგებლობის გააზრების“ თემაზე.

კონფერენციას ესწრებოდნენ სოციალურ პოლიტიკაზე პასუხისმგებელი პირები სახელმწიფო სტრუქტურებიდან, აჭარის რეგიონის ბიზნესორგანიზაციები, საკანონმდებლო, საგანმანათლებლო და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, ადვოკატები, პოლიტიკოსები, სოციალური მუშაკები და მედიასაშუალებები, ახალგაზრდები.

ჰაბის გუნდის წევრები მოსახლეობასთან შეხვედრების დროს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სოფლებში მოქმედ საინიციატივო ჯგუფებთან და სოფლის რწმუნებულებთან კომუნიკაციის საფუძველზე, ადგილობრივ საჭიროებებს შეისწავლიან, შემდეგ კი იგეგმება მოსახლეობის შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, რომლებიც გამოვლენილი საჭიროებების თემაზე მუშაობენ.

ორგანიზაცია „შშმ ქალთა ალიანსი“, რომელსაც ხელმძღვანელობს დეა ერემაშვილი, ერთი წელია, რაც ჰაბის მუშაობაში ჩაერთო.

როგორც დეა ამბობს, ჰაბისგან მუდმივად იღებს ინფორმაციას მიმდინარე საგრანტო კონკურსების შესახებ, რაშიც მის ორგანიზაციას შეუძლია მონაწილეობის მიღება:

„ახალბედა ორგანიზაცია ვარ და არ მყავს თანამშრომელი, რომელიც მოიძიებდა დაფინანსების სხვადასხვა წყაროს. ჰაბისგან ვიღებ ამ ინფორმაციას. რეალურად დამეხმარნენ პროექტის წერაშიც, გამიწიეს კონსულტაცია, ქედის მუნიციპალიტეტიდან თანადაფინანსება როგორ უნდა მიმეღო“ – ამბობს დეა ერემაშვილი.

ორგანიზაცია „შშმ ქალთა ალიანსი“, რომელსაც დეა ერემაშვილი ხელმძღვანელობს, ერთი წელია, რაც ჰაბის მუშაობაში ჩაერთო.

მისივე თქმით, ჰაბმა მისცა შესაძლებლობა, აჭარის სოფლებში მცხოვრები შშმ პირებისთვის მიეწვდინა ხმა, რისი შესაძლებლობაც ორგანიზაციას აქამდე არ ჰქონდა:

„ერთი მნიშვნელოვანი დეტალია კიდევ: სხვა დროს შშმ პირთა ორგანიზაციებს მხოლოდ შშმ საკითხებზე გამართულ დისკუსიებში იწვევდნენ, ჰაბთან ერთად კი ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივ შეხვედრაში ვარ ჩართული. ეს ძალიან მნიშვნელოვანია შშმ პირთა ორგანიზაციებისთვის“ – ამბობს შშმ ქალთა ალიანსის ხელმძღვანელი.

დარინა დუმბაძე საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელია. ეს ორგანიზაცია ძირითადად დაუნის სინდრომის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობს, რამაც საბოლოოდ სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ სტერეოტიპები უნდა შეამციროს:

„აქამდე საერთოდ არ გვქონია პროექტები მაღალმთიანი აჭარის სოფლებისთვის. ჰაბის საშუალებით კი ამ სოფლების მცხოვრებლებს შევხვდით, მივაწოდეთ ინფორმაცია ჩვენი ორგანიზაციის, სერვისების შესახებ და დავტოვეთ ჩვენი საკონტაქტო ინფორმაციაც მათთან“ – ამბობს დარინა დუმბაძე.

2021 წლიდან დღემდე აჭარის რეგიონული ჰაბის პროექტების ფარგლებში სხვადასხვა სოფლის მოსახლეობასთან 50 შეხვედრა ჩატარდა, შეხვედრებში მონაწილეობა 1000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

ეს სტატია  შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

გადაბეჭდვის წესი