მთავარი,სიახლეები

რუსეთი 2023 წელს შეტევითი ოპერაციების მხარდაჭერას ვერ შეძლებს – ISW მიზეზებს ასახელებს

12.01.2023 • 1205
რუსეთი 2023 წელს შეტევითი ოპერაციების მხარდაჭერას ვერ შეძლებს – ISW მიზეზებს ასახელებს

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის [ISW] დღევანდელი ანგარიში განიხილავს ფრონტის ხაზზე რუსების მიერ ცეცხლის შენელების ინტენსივობას და ამის მიზეზებს ასახელებს.

ომის კვლევის ინსტიტუტის ანალიტიკოსების მონაცემების თანახმად, რაც უკრაინელი და ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებებს ეფუძნება, ოკუპანტების საარტილერიო ცეცხლის ყოველდღიური ინტენსივობა უკვე 75%-ით შემცირდა. ეს 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ ყველაზე მინიმალური მაჩვენებელია.

რუსეთის სამხედრო-სამრეწველო ბაზა ვერ აღმოფხვრის საბრძოლო მასალების ნაკლებობას. ეს შეაფერხებს 2023 წელს საოკუპაციო ძალების შესაძლებლობას მხარი დაუჭირონ შეტევითი ოპერაციების აღმოსავლეთ უკრაინაში.

ექსპერტების აზრით, სავარაუდოდ, რუსულმა ჯარებმა დაბომბვა შეამცირეს მარაგების შემცირების გამო, ან აპირებენ გადახედონ საბრძოლო ტაქტიკას. ISW-ს განცხადებით, რუსებმა 122 მმ და 152 მმ კალიბრის მარაგები და ასევე სხვა რეზერვები 2022 წლის ზაფხულში ამოწურეს. ისინი ელოდნენ, რომ მასირებული საარტილერიო თავდასხმები შედეგს უფრო სწრაფად გამოიღებდა.

„რუსეთის ფედერაცია ახლა იძულებულია საბრძოლო ჭურვები წამოიღოს ზურგის რაიონებიდან და შეიძინოს დამატებითი საბრძოლო მასალები უცხო ქვეყნებში, რათა აღმოფხვრას დეფიციტი, რამაც გამოიწვია ცეცხლის ტემპის შენელება. რუსეთში სულ უფრო ხშირად აღიარებენ, რომ შეტევითი ოპერაციების განხორციელებას სერიოზულად აფერხებს ისეთი ფუნდამენტური პრობლემები, როგორიცაა უუნარობა უზრუნველყონ ჯარი და საბრძოლო მასალების დეფიციტი“, – განმარტავენ ანალიტიკოსები.

  • „ჭურვების შიმშილი“ რუსეთში

სამხედრო ექსპერტები ჯერ კიდევ 2022 წლის დეკემბერში აცხადებდნენ, რომ რუსეთში „ჭურვების შიმშილი“ დაიწყო. მათი გათვლებით, გასულ ზაფხულში საარტილერიო ცეცხლსასროლი იარაღიდან დღეში დაახლოებით 60-80 ათას ჭურვს ისროდნენ. ამ ეტაპზე კი ოკუპანტები ყოველდღიურად იყენებენ დღეში 18-20 ათას ჭურვს, ანუ თითქმის სამჯერ ნაკლებს.

უკრაინის დაზვერვის სამსახურის შეფასებით, რუსულ არმიაში, კონკრეტულად კი არტილერიაში 2023 წლის მარტამდე საბრძოლო მასალების პრობლემები ძალია შესამჩნევი იქნება.

წლის დასაწყისში ISW-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის არმიას საარტილერიო საბრძოლო მასალები ეწურება. შედეგად, ოკუპანტებს უჭირთ უკრაინის ფრონტის ხაზის გარკვეულ მონაკვეთებზე ოპერაციების ამჟამინდელი ტემპის შენარჩუნება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: