მთავარი,სიახლეები

რუს ქალზე, რომელიც ქმარს უკრაინელების გაუპატიურებას მოუწოდებდა, ძებნა გამოაცხადეს

23.12.2022
რუს ქალზე, რომელიც ქმარს უკრაინელების გაუპატიურებას მოუწოდებდა, ძებნა გამოაცხადეს

უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურმა დაამთავრა გამოძიება და ბრალდება წარუდგინა რუსეთის მოქალაქე ოლგა ბიკოვსკაიას, რომელიც მეუღლეს, რუს ჯარისკაცს, უკრაინელი ქალების გაუპატიურებისკენ მოუწოდებდა.

„რადიო თავისუფლების“ უკრაინული ბიუროს ცნობით, ბიკოვსკაიას უკვე შეატყობინეს ბრალდების შესახებ და საერთაშორისო ძებნა გამოაცხადეს.

მედიის ცნობით, ჯერ არ არის დადგენილი, ცოცხალია თუ არა ოლგა ბიკოვსკაიას ქმარი.

უკრაინელი სამართალდამცავების ვერსიით, ბიკოვსკაია ქმარს დანაშაულის ჩადენისკენ „უკრაინული საზოგადოებისა და ქალების მიმართ პირადი აუტანლობის ნიადაგზე მოუწოდებდა“.

გამოძიების ცნობით, მისი ქმედებები არღვევს ჟენევის კონვენციის 27-ე მუხლის მეორე ნაწილს, ომის დროს სამოქალაქო პირების დაცვის შესახებ.

გარდა ამისა, გამოძიება მიმდინარეობს უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლის პირველი ნაწილით – ომის კანონების დარღვევა. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, ბიკოვსკაიას, რომელსაც დაუსწრებლად მიუსაჯეს წინასწარი პატიმრობა, 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ჩანაწერი, რომელშიც ქალი მეუღლეს უკრაინელი ქალების გაუპატიურებისკენ მოუწოდებდა, ჯერ კიდევ თებერვალში გავრცელდა. „უნიანის“ ცნობით, მისი მონაწილე პირები უკრაინელმა ჟურნალისტებმა ამოიცნეს.

  • რომან ბიკოვსკი [27 წლის]: ჟურნალისტების ცნობით, მონაწილეობდა ყირიმის ანექსიის ოპერაციაში, ასევე მსახურობდა რუსეთის ეროვნულ გვარდიაში („როსგვარდია“);
  • ოლგა ბიკოვსკაია [ჯარისკაცის მეუღლე], ჟურნალისტების ინფორმაციით, ოკუპირებულ ყირიმში შვილთან ერთად ცხოვრობს.

წყვილის სატელეფონო ჩანაწერში ოლგა ბიკოვსკაია მეუღლეს ეუბნება, რომ „უკრაინელი ქალები გააუპატიუროს და მას არაფერი უთხრას“. ქმრის კითხვაზე, აძლევს თუ არა ასე მოქცევის ნებართვას, ბიკოვსკაია დადებითად პასუხობს და [გაუპატიურების დროს] „თავდაცვის“ რეკომენდაციას აძლევს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: