მთავარი,სიახლეები

„რუსეთს ქალაქებისა და ოლქების დათმობაც კი მოუწევს“ – ISW ყოველდღიური ანგარიში

20.12.2022 • 1262
„რუსეთს ქალაქებისა და ოლქების დათმობაც კი მოუწევს“ – ISW ყოველდღიური ანგარიში

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) თავის დღევანდელ ანგარიშში იმის შესახებ წერს, ჩაერთვება თუ არა უკრაინის ომში ბელარუსი.

ინსტიტუტის ექსპერტების მოსაზრებით,  უშედეგოდ დასრულდა ვლადიმერ პუტინის მცდელობა, გააღრმაოს რუსეთისა და ბელარუსის სამოკავშირეო ინტეგრაცია. თუმცა მინსკში გამართულ შეხვედრაზე ორმა დიქტატორმა სამხედრო სფეროში მეტი თანამშრომლობა დააანონსა. კერძოდ:

  • პუტინმა გამოაცხადა, რომ შესაძლოა განიხილოს ბელარუსული მფრინავების წვრთნები „სპეციალური რაკეტების“ გამოყენებაში, მოკავშირე სახელმწიფოს საზღვარზე არსებული ვითარების გამო;
  • ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ რუსეთი ბელარუსს მოამარაგებს „C-400“-ის და „ისკანდერის“ საჰაერო თავდაცვის კომპლექსებით.

მიუხედავად ამისა, ინსტიტუტში ამბობენ, რომ ბელარუსის ომში ჩართვა ნაკლებსავარაუდოა. მათი თქმით, ამაზე ლუკაშენკოს რიტორიკაც მიუთითებს.

„ლუკაშენკო იყენებს ნატოსგან ბელარუსის საზღვრების დაცვის რიტორიკას, რათა თავიდან აიცილოს უკრაინაში შეჭრა“, – წერენ ანგარიშის ავტორები.

კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პუტინი არ წასულა მინსკში ბელარუსის ომში ჩასართავად და დაამატა, რომ ასეთი სპეკულაციები „უსაფუძვლო და სულელურია“.

ინსტიტუტში, თავის მხრივ, მიიჩნევენ, რომ პესკოვი ამ უარყოფით ცდილობს დამალოს პუტინის „სასოწარკვეთილი და ყოველ ჯერზე წარუმატებელი მცდელობა, დაარწმუნოს ლუკაშენკო ომში ჩართვაზე“.

„უკრაინელებმა იციან კამიკაძე-დრონებისგან თავდაცვა“

ანგარიშის თანახმად, უკრაინულმა მხარემ რუსეთის გუშინდელი დრონებით დაბომბვისას ირანული წარმოების 30 „კამიკაძე-დრონი“ ჩამოაგდო.

ოლექსი დანილოვის, უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის თქმით, რუსეთს დარჩა რაკეტები სამი ან ოთხი ასეთი დაბომბვისთვის, შემდეგ კი მოსკოვს მეტის ყიდვა მოუწევს თეირანისგან. თუმცა დანილოვმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინელებმა იციან „კამიკაძე-დრონებისგან“ თავდაცვა.

რუსმა ბლოგერებმა, რომლებიც მხარს უჭერენ ომს, სამხედროები უმნიშვნელო მიზნებზე იერიშის მიტანისთვის გააკრიტიკეს.

„რუსეთს ქალაქებისა და ოლქების დათმობაც კი მოუწევს“

იგორ სტრელკოვი [ნამდვილი გვარი – გირკინი], რომელიც 2014 წელს უკრაინის წინააღმდეგ იბრძოდა და იქამდე რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურში [ფსბ] მუშაობდა, აგრძელებს სამხედრო ხელმძღვანელობის კრიტიკას.

კერძოდ, მან წარადგინა რუსი მოხალისის პესიმისტური პროგნოზი ომთან დაკავშირებით:

„რუსულ ძალებს მოუწევთ, დათმონ უფრო და უფრო მეტი ქალაქები და მთელი ოლქებიც კი, რადგანაც ვერ მოახერხებენ შესაძლო კონტრიერიშისგან თავი დაიცვან“.

„ომის შესწავლის ინსტიტუტის“ შეფასებით, ის ფაქტი, რომ სტრელკოვმა ეს პროგნოზი გააჟღერა, მიანიშნებს, რომ იგი მას თავადაც შეიძლება ეთანხმებოდეს.

უთანხმოება საოკუპაციო რეჟიმებში

„გადამზიდავთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, ანატოლი ცურკინმა საჯაროდ მიმართა „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ლიდერს, დენის პუშილინს და სთხოვა, ეგრეთ წოდებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე „სამხედრო, ადმინისტრაციული, სამართალდამცავი და ბიუროკრატიული ორგანოების… უკანონო და უსაფუძვლო ქმედებებს“ რამე მოუხერხოს.

ცურკინის თქმით, სატრანსპორტო ჰაბში, რომელიც ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულს რუსეთთან აკავშირებს (ქერჩის ხიდის დაზიანების შემდეგ), „სამართალდამცავები“ უმიზეზოდ აკავებენ მანქანებს მათი უკანონო კონფისკაციისთვის.

ინსტიტუტში მიიჩნევენ, რომ ცურკინის მიმართვა ნაწილობრივ გამოძახილია ზეწოლისა, რომელიც რუსეთის ხელისუფლებისგან ყირიმთან ალტერნატიული ლოგისტიკური გზის გამონახვას ითხოვს. ამასთან, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მიმართვა აჩვენებს დაპირისპირებას „დონეცკის სახალხო რესპუბლიკასა“ და სხვა პრორუსულ ელემენტებს შორის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: