მთავარი,სიახლეები

ხალხი ტანკებს არ ჭამს: რუსეთის ეკონომიკის პროგნოზი – BBC

19.12.2022 • 965
ხალხი ტანკებს არ ჭამს: რუსეთის ეკონომიკის პროგნოზი – BBC

გამოცემა BBC ვრცელ სტატიას აქვეყნებს რუსეთის ეკონომიკის სამომავლო პერსპექტივებზე. რუსეთში სანქციები ამოქმედების, მობილიზაციის გამოცხადების და ხალხის მასობრივი გადინების ფონზე BBC შეეცადა გაერკვია რა ელის რუსეთის ეკონომიკას 2023 წელს.

თავად რუსეთის ეკონომიკის კვლევის ცენტრის დირექტორის, ოლეგ ბუკლემიშევის თქმით, ეკონომიკაზე ცუდად აისახება იანვრის მობილიზაციის დიდი შიში. ეკონომისტის თქმით, რუსეთში შიშობენ, რომ იანვრიდან სამხედრო მობილიზაციის მეორე ტალღა დაიწყება. თუმცა საჯაროდ კრემლი და სხვა რუსი ჩინოვნიკები ამას უარყოფენ.

კვლევითი ცენტრის დირექტორი გამოცემასთან ამბობს, რომ მობილიზაციაზე ჭორებიც კი დამაზიანებელია ეკონომიკისთვის და ძირს უთხრის მომხმარებლის ნდობას ბიზნესის მიმართ, შედეგად კი მომხმარებლები ხარჯავენ ნაკლებ ფინანსურ რესურსს, ბიზნესს კი თანხის ინვესტირების ეშინია, რომელიც განვითარებაში უნდა დააბანდოს.

ეკონომიკის კვლევის ინსტიტუტის დირექტორი განმარტავს, რომ ინფლაცია რუსეთში ნოემბრის ბოლისთვის 12 % იყო. საცალო ვაჭრობის ბრუნვა კი 10%-ით შემცირდა წლის განმავლობაში.

ზოგიერთი ბიზნესის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა რუსეთში, მაგალითად ხალხი ნაკლებად ყიდულობს უძრავ ქონებას, ბინებს, მცირდება საავტომობილო ბაზარიც.

რუსები ნაკლებად დადიან საყიდლებზე, ვიდრე ომამდე დადიოდნენ, თუმცა მობილიზაციამდეც მათი ხარჯები მკვეთრად შემცირდა.

BBC-თვის მიცემულ ინტერვიუში Loko-Invest-ის საინვესტიციო დირექტორი, დიმიტრი პოლევოი ადასტურებს, რომ რუსეთში შემცირდა სამომხმარებლო აქტივობები, შემცირდა მოთხოვნა იპოთეკურ სესხებზე და გაუარესდა ბიზნესის განწყობა.

BBC წერს, რომ მიუხედავად ზემოთმოყვანილი შეფასებებისა, გასათვალისწინებელია, რომ სტატისტიკური მონაცემების ბაზები რუსეთში თანდათან იხურება. შესაბამისად, გამოცემისავე შეფასებით სრული სურათი ჯერ არ ჩანს და ეკონომისტებიც ამ დასკვნებს მხოლოდ მათ ხელთ არსებული, ფრაგმენტული მონაცემების საფუძველზე აკეთებენ.

„საერთო ტენდენცია ასეთია – ეს ხანგრძლივი და შეუქცევადი დაცემის დასაწყისია“, – ასე აღწერს რუსეთის ეკონომიკის ახლანდელ მდგომარეობას BBC-თან ეკონომისტი რუბენ ენიკოლოპოვი.

„რუსი ჩინოვნიკები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ რუსეთის ეკონომიკა 2022-2023 წლებში მკვეთრად გაუარესდება“ – წერს BBC.

სანქცირებული ალფა ბანკის ეკონომისტების შეფასებით კი, რუსეთის ეკონომიკა 2023 წლისთვის 6,5 %-ით დაეცემა.

ამავე ბანკის ეკონომისტებს მიაჩნიათ, რომ რუსეთი ომისა და სამხედრო მობილიზაციის გამო უკვე დატოვა ქვეყანა მთელი სამუშაო ძალის 1,5 პროცენტმა, ძირითადად საშუალო ფენამ.

გამოცემის შეფასებით, ქვეყნიდან წასულმა რუსებმა გაიტანეს რუსეთიდან ფულიც: თუ 2022 წლის დასაწყისამდე რუსები უცხოურ ბანკებში დაახლოებით 30 მილიარდ დოლარს ინახავდნენ, 2022 წლის სექტემბერში ეს თანხა 66 მილიარდ დოლარამდეა გაზრდილი.

„საქონლის იმპორტის შეზღუდვისა და დასავლური კომპანიების გაყვანის პირობებში, ბიზნესინვესტიციები და ექსპორტი შემცირდება – ეს ყველაფერი კი ერთად ღრმა რეცესიას გამოიწვევს“, – წერს BBC ეკონომისტების შეფასებებზე დაყრდნობით.

რუსეთის ცენტრალური ბანკი წელს ქვეყნის ეკონომიკის 2,9%-ით და მომავალ წელს 2,4%-ით დაცემას ელის.

ეკონომისტი პოლევოი ყურადღებას ამახვილებს კომპანიებზე. მისი ინფორმაციით, სექტემბერში კორპორაციული მოგებების შემცირებამ, რაც ზაფხულში დაიწყო, 730 მილიარდ რუბლს მიაღწია. ასეთ პირობებში კი, მისი გათვლით საეჭვოა, რომ კომპანიებმა რუსეთში განვითარებისთვის რესურსი გაიღონ ან ფართომასშტაბიანი, გრძელვადიანი სამომავლო პროექტები დაგეგმონ.

ბიზნესისგან ეკონომიკის მხარდაჭერას არც Bloomberg Economics-ის ეკონომისტი ალექსანდრ ისაკოვი ელის. ის დარწმუნებულია, რომ დასავლური კომპანიების ახალი მფლობელები არ დააბანდებენ დიდ თანხებს განვითარებისთვის მხოლოდ იმ იმედით, რომ ამ კომპანიებს წინა მფლობელები სრულად არ ტოვებენ და შესაძლოა რამდენიმე წლის შემდეგ დაბრუნდნენ კიდეც.

Bloomberg Economics-ის ეკონომისტი მიიჩნევს, რომ ეკონომიკის ვარდნა 2022 წელს რუსეთში 2,6% იქნება, მომავალ წელს 1,5%.

BBC-ის შეფასებით, ომის მიმდინარეობისას რუსეთის სახელმწიფოს როლი ეკონომიკაში დიდია და კვლავ იზრდება.

გასულ კვირას მაგალითად რუსეთის სტატისტიკის სამსახურმა მესამე კვარტალში მშპ-ს 3.7%-იანი ვარდნის შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია, მაგრამ დაწინაურდა ზოგიერთი სექტორი: სოფლის მეურნეობა, მშენებლობა და ყველაფერი, რაც სახელმწიფო ადმინისტრაციასთან, სამხედრო უსაფრთხოებასთანაა დაკავშირებული.

ბიუჯეტი, რომელიც სულ უფრო და უფრო მეტად ასაიდუმლოებენ, ითვალისწინებს მნიშვნელოვან ხარჯებს უშიშროების სხვადასხვა ძალაზე – ჯარზე, პოლიციაზე, ეროვნულ გვარდიაზე და სხვა.

ცუდია თუ კარგი ეს ეკონომიკისთვის? ამაზე ეკონომისტებს საერთო აზრი არ აქვთ.

„მშპ ნამდვილად უჭერს მხარს სამხედრო სექტორს და მომავალშიც ასე იქნება, მაგრამ ხალხი ტანკებს არ ჭამს“, – ასე აღწერს მდგომარეობას ეკონომისტი ენიკოპოლოვი.

კრიზისის ფონზე ხალხი ნაკლებ ფულს ხარჯავს, ბიზნესი ინვესტიციას არ ეწევა, სახელმწიფო მზადაა დახარჯოს ბიუჯეტიდან რესურსი, მაგრამ ეს ხარჯები სპეციფიკურია: სამხედრო ტექნიკის წარმოება და უშიშროების ძალები, რაც ეკონომიკას არ აუმჯობესებს, არ აუმჯობესებს არც ადამიანების ცხოვრებას – წერს BBC.

გამოცემის შეფასებით, სანქციები რუსეთის ტექნოლოგიურ ჩამორჩენის მიზეზიც გახდება: ქვეყანაში უახლესი ტექნოლოგიების შემოტანა გართულდება, მაგრამ  გაურკვეველია სერიოზულად იმოქმედებს თუ არა სანქციები ეკონომიკური ზრდის ტემპზე.

„მომდევნო ორი წლის კრიზისი, ეკონომისტების აზრით, რუსეთის ეკონომიკას ხუთი ან 10 წლით უკან დახევს“, – წერს გამოცემა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: