მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

544 პირი დააკავეს გამაყუჩებლების, კიბოს და სხვა მედიკამენტების გაყალბებისთვის – ევროპოლი

19.12.2022 • 888
544 პირი დააკავეს გამაყუჩებლების, კიბოს და სხვა მედიკამენტების გაყალბებისთვის – ევროპოლი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ევროპოლის კოორდინაციით ჩატარებულ მედიკამენტების ფალსიფიკაციასა და დოპინგ ნივთიერებებით ვაჭრობასთან დაკავშირებულ ოპერაციაში, Shield II-ში  მიიღო მონაწილეობა.

ოპერაციის შედეგად, სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავმა ორგანოებმა ჯამში 25 მილიონ ერთეულზე მეტი მედიკამენტი ამოიღეს, გამოავლინეს 59 დანაშაულებრივი ჯგუფი, დააკავეს 544 პირი, დახურეს 5 საიდუმლო ლაბორატორია და ამოიღეს 63 მილიონი ევროს ღირებულების ფალსიფიცირებული ან ყალბი მედიკამენტი, დოპინგ პროდუქტი და ნივთიერება, არალეგალური საკვები და სპორტული დანამატი, ყალბი COVID-თან დაკავშირებული, სანიტარული პროდუქტი და სამედიცინო მოწყობილობა.

„მედიკამენტების ბოროტად გამოყენება სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისთვის, თუმცა კიდევ უფრო დიდია ზიანი ყალბი მედიკამენტების ბოროტად გამოყენების შემთხვევაში. მიწისქვეშა ლაბორატორიებში, ჰიგიენის ან უსაფრთხოების ნორმების გარეშე შექმნილი ეს პროდუქტები ხშირად შეიცავენ მავნე ინგრედიენტებს.

COVID-19-ის პანდემიის დაწყებიდან კრიმინალებმა დამატებითი ძალისხმევა გასწიეს იმ მედიკამენტების გაყალბებისთვის, რომლებიც ყველაზე მოთხოვნადია. მეტი მოგებისთვის, კრიმინალური ქსელები ფოკუსირდნენ კორონავირუსის სამკურნალო ყალბი საშუალებების გავრცელებაზე, ასევე სამედიცინო მოწყობილობებისა და სადეზინფექციო საშუალებების გაყალბებაზე, რომლებიც შემდეგ ონლაინ იყიდება“ – იუწყება ევროპილი.

ოპერაცია Shield II-ის დროს სამართალდამცავების სამიზნეს წარმოადგენდნენ კრიმინალური ჯგუფები, რომლებიც ვაჭრობდნენ დოპინგ ნივთიერებებით (ჰორმონები და მეტაბოლური რეგულატორები) და სხვადასხვა მედიკამენტით, ისეთიც, როგორიცაა კიბოს საწინააღმდეგო საშუალებები, ერექციული დისფუნქციის სამკურნალო საშუალებები, ფსევდოეფედრინი, ტკივილგამაყუჩებლები, ანტიესტროგენები, ანტივირუსული მედიკამენტები, ჰიპნოტიკები, ანტიჰისტამინური საშუალებები და ტრანკვილიზატორები (ანქსიოლიტიკები).

ევროპოლის ცნობით, ამოღებულია: 3 მილიონი ერთეული COVID-19-ის მკურნალობასთან დაკავშირებული მოწყობილობა; 3,5 მილიონი შეფუთვა მედიკამენტი; 18,5 მილიონი ტაბლეტი, 600 000 ფლაკონი/ამპულა; 2 500 ლიტრი ნედლეული, 47 ტონა მყარი ნედლეული.

საერთაშორისო ოპერაციაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები: ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ირლანდია, იტალია, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი.

ოპერაციაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ჩართული იყო, როგორც მესამე მხარის ქვეყანა ბოსნია ჰერცეგოვინასთან, კოლუმბიასთან, ჩრდილოეთ მაკედონიასთან, ნორვეგიასთან, შვეიცარიასა და შეერთებული შტატებთან ერთად.

წყარო: europol

ოპერაციას კოორდინირებას უწევდა ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისი (OLAF), ხოლო ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ოფისმა (EUIPO) უზრუნველყო მისი ფინანსური მხარდაჭერა. ოპერაცია 2022 წლის აპრილ-ოქტომბრის პერიოდში ჩატარდა. მასში ასევე ჩართული იყო ფრონტექსი, მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტო (WADA), მსოფლიო საბაჟო ორგანიზაცია (WCO) და მედიცინის ეროვნული სააგენტოები.

ტრეფიკერები ძირითადად არაპროფესიონალ სპორტსმენებს უმიზნებენ, უკანონო დოპინგ ნივთიერებებს ძირითადად სოციალური მედიის საშუალებით ან პირადად ყიდიან.

ეფექტურობის გამაძლიერებელი ნარკოტიკების არალეგალური ბაზარი შედარებით უცვლელი დარჩა, ხოლო COVID-19-თან დაკავშირებული საშუალებების გაყალბების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. სამართალდამცავმა ორგანოებმა დააფიქსირეს თაღლითობის რამდენიმე მცდელობა, რომლებიც მიმართული იყო ეროვნული ორგანოების მიმართ, სთავაზობდნენ მედიკამენტებს და სამედიცინო მოწყობილობებს, როგორიცაა პირბადეები და სადეზინფექციო საშუალებები.

გადაბეჭდვის წესი