მთავარი,სიახლეები • •

რუსი და ბელარუსი სამხედროები წარმატებით ვერ დაესხმიან თავს უკრაინას – ბრიტანეთის დაზვერვა

15.12.2022
რუსი და ბელარუსი სამხედროები წარმატებით ვერ დაესხმიან თავს უკრაინას – ბრიტანეთის დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 15 დეკემბრის მონაცემები, ბელარუსში მიმდინარე ვადამდელ სამხედრო წვრთნებს ეხება. ბრიტანული დაზვერვა „ნაკლებ სავარაუდოდ“ აფასებს წვრთნებში მონაწილე რუსი და ბელარუსი სამხედროების პოტენციურ შესაძლებლობას, ჩრდილო უკრაინაზე წარმატებული ახალი თავდასხმის განხორციელებისთვის.

ბელარუსმა, ქვეყნის სამხედრო მზადყოფნის ინსპექტირებისთვის ვადამდელი წვრთნები 13 დეკემბერს გამოაცხადა. როგორც გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის ანგარიშში ვკითხულობთ, გავრცელებული ინფორმაციით, წვრთნები ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, უკრაინის საზღვრიდან მოშორებით მიმდინარეობს.

ამავდროულად, დაზვერვა ხაზს უსვამს ფაქტს, რომ ახლახან, რუსეთმა ბელარუსში მობილიზებული რეზერვისტების დამატებით ქვედანაყოფი განათავსა. აღსანიშნავია, რომ სწორედ უკრაინის მეზობელი ბელარუსის ტერიტორიას იყენებს რუსეთი და მიუხედავად იმისა, რომ ბელარუსის არმია პირდაპირ არ ჩართული უკრაინაში რუსეთის ომში, ბელარუსმა მაინც კრიტიკულად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პირველივე დღიდან.

ბელარუსის ტერიტორიას იყენებდა რუსეთი თავისი ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის განსათავსებლად. ასევე, კიევმა არაერთხელ მიუთითა, რომ მოსკოვი საჰაერო თავდასხმისთვის ბელარუსის ტერიტორიას იყენებს.

ბრიტანული დაზვერვა 3 ნოემბერს წერდა, რომ საკუთარი შეიარაღების ნაკლებობის გამო რუსეთმა სულ მცირე 100 ტანკისა და დამატებითი ჯავშანმანქანებისთვის ბელარუსის სამხედრო მარაგებს მიმართა.

მიუხედავად ამისა, გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახურის შეფასებით, ამჟამად ნაკლებად სავარაუდოა, რომ წვრთნებში მონაწილე ბელორუსის ჯარისკაცები და რუსული ქვედანაყოფები წარმოადგენენ ძალას, რომელსაც შეუძლია განახორციელოს წარმატებული ახალი თავდასხმა ჩრდილოეთ უკრაინაში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: