მთავარი,სიახლეები

ვიყიდოთ 100 გენერატორი უშუქოდ დარჩენილი უკრაინელებისთვის – კამპანია „გაუზიარე სინათლე“ 

29.11.2022
ვიყიდოთ 100 გენერატორი უშუქოდ დარჩენილი უკრაინელებისთვის – კამპანია „გაუზიარე სინათლე“ 

„გაუზიარე სინათლე, Поділися Світлом!“ – ასე ჰქვია კამპანიას, რომელიც ომში მყოფი უკრაინის დენის გენერატორებით დახმარებას ითვალისწინებს. რუსეთი უკრაინაში მიზანმიმართულად ანადგურებს ელექტროენერგიისა და წყლის ინფრასტრუქტურას, რის შედეგადაც უკრაინის მოსახლეობის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

„ჩვენ, 90-იანებს გამოვლილ ადამიანებს, ძალიან კარგად გვესმის, რა მდგომარეობაშია ახლა უკრაინა. თუმცა 90-იანებისგან განსხვავებით, დღეს გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ მათ დავეხმაროთ.

გაჩნდა იდეა, შევაგროვოთ ფული და ვიყიდოთ თუნდაც 100 გენერატორი უშუქოდ დარჩენილი უკრაინელებისთვის.

სულ ცოტა ხნის წინ ლიეტუვის მოსახლეობამ, ჩვენზე პატარა ქვეყანამ, ბაირახტარისთვის საჭირო ფული – 5 მლნ დოლარი შეუგროვა უკრაინას, შემდეგ კი ჩეხებმა სამ დღეში შეაგროვეს ძალიან ბევრი თანხა.

ვიფიქრეთ, რომ ეს ჩვენც შეგვიძლია,“ – ამბობენ კამპანიის ინიციატორები – ლანა ღვინჯილია, ლევან ბუთხუზი, ეკა ასათიანი და დათო სიხარულიძე. მათ ვიდეორგოლიც ჩაწერეს სპეციალურად ამ კამპანიისთვის.

მათივე ინფორმაციით, შეძენილ გენერატორებს უკრაინაში ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია მიიღებს, რომელიც ყველაზე დაზარალებული უბნის 100 სადარბაზოს მიაწოდებს დენის წყაროს.

„გაუზიარე სინათლე“ კამპანიის ინიციატორები: ლანა ღვინჯილია, ლევან ბუთხუზი, ეკა ასათიანი.

„გვინდა, რომ 12 დეკემბრამდე შემოუერთდნენ ადამიანები ამ კამპანიას, რადგან 25 დეკემბერს უკრაინაში არის შობა და ეს არა მარტო სიმბოლური ამბავია მათთვის, არამედ ზამთრის პიკიცაა.

ყველაზე დიდი მოტივატორი დღეს საკუთარი მაგალითია. ყველას, ვინც მონაწილეობას მიიღებს ამ აქციაში – „გააზიარე სინათლე, Share Light Поділися Світлом!“, ვთხოვთ, ამაზე ღიად თქვას, დაწეროს ან გადაიღოს ვიდეო და ატვირთოს ნებისმიერ სოციალურ პლატფორმაზე“, – ამბობენ კამპანიის ინიციატორები.

მსურველებს თანხის გადარიცხვა შეუძლიათ „თიბისი ბანკის“ ანგარიშზე:

GE07TB7163836070100002

მიმღები – „პოპულუს რეი“. დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითეთ: „შემოწირულობა“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: