მთავარი,სიახლეები

სასაზღვრო პოლიცია 3 შვეულმფრენს იყიდის, რაშიც 26,5 მილიონ ევროს გადაიხდის

27.11.2022 • 1576
სასაზღვრო პოლიცია 3 შვეულმფრენს იყიდის, რაშიც 26,5 მილიონ ევროს გადაიხდის

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია 3 ახალ შვეულმფრენს იყიდის, ხოლო  მის ბალანსზე არსებულ 1 შვეულმფრენს გაყიდის. შვეულმფრენების შეძენას სასაზღვრო პოლიცია გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე გეგმავს და თანხმობის მისაღებად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა.

სასაზღვრო პოლიცია მის ბალანსზე რიცხულ AS-332 L1e ტიპის შვეულმფრენს 5,5 მილიონ ევროდ გაყიდის, ხოლო 3 ერთეულ H145 ტიპის შვეულმფრენში 26,5 მილიონ ევროს გადაიხდის.

 

სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, კომპანია Airbus Helicopters S.A.S-მა მოლაპარაკების პროცესში „გამოთქვა მზაობა პრივატიზების გზით შეიძინოს მისივე წარმოებული აღნიშნული საფრენი აპარატი [AS-332 L1e ტიპის შვეულმფრენი], მასზე დამონტაჟებული სხვადასხვა აღჭურვილობით, რომლის საპრივატიზებო თანხად განსაზღვრა 5 500 000 ევრო (რომელიც ჩაერიცხება შსს მომსახურების სააგენტოს)…

ამასთან, AIRBUS-მა გამოთქვა მზაობა საერთო პროექტის განხორციელების შემთხვევაში შეღავათიან ფასად (საერთო ღირებულება 26 500 000 ევრო) შევისყიდოთ 3 ერთეული H 145 ტიპის შვეულმფრენი (რომლის გამოყენებაც შეიძლება როგორც საპოლიციო ასევე სამაშველო მისიებში) და შესაბამისი სხვადასხვა სათადარიგო ნაწილები.“

პოლიციისვე ინფორმაციით, AIRBUS-ი უსასყიდლოდ უზრუნველყოფს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს შესაბამისი თანამშრომლების ტრენენგებს“.

პოლიციის განაცხადის მიხედვით, 3 ერთეული H145-ის ტიპის შვეულმფრენის (სათადარიგო ნაწილების გათვალისწინებით) ჯამური ღირებულების – 26 500 000 ევროს, გადახდა განხორციელდება შემდეგი წესით:

  • საქართველოს სასაზღვრო პოლიციისათვის 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში 15 700 000 ევროს ექვივალენტი ლარში,
  • 5 500 000 ევროს ექვივალენტი ლარში სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ „Airbus Helicopters SAS“-ის მიერ საპრივატიზებო თანხის ჩარიცხვის შემდგომ,
  • ხოლო დარჩენილი 5 300 000 ევროს ექვივალენტი ლარში საქართველოს სასაზღვრო პოლიციისთვის 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებათა ფარგლებში [ანგარიშსწორება განხორციელდება ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად].

„ვინაიდან ზემოაღნიშნული შვეულმფრენები განკუთვნილია პოლიციური და სამაშველო მისიებისთვის მათი დაკომპლექტება უნდა მოხდეს შესაბამისი აღჭურვილობით, რისი გათვალისწინებითაც მათი მოწოდება განხორციელდება ეტაპობრივად, კერძოდ: პირველი შვეულმფრენის მიღება მოხდება 17 თვის განმავლობაში, მეორე შვეულმფრენის – 19 თვის განმავლობაში, ხოლო, მესამე შვეულმფრენის 20 თვის განმავლობაში.“ – აღნიშნულია სასაზღვრო პოლიციის განაცხადში.

 

H145 / ფოტო: AIRBUS

როგორ ასაბუთებს სასაზღვრო პოლიცია შვეულმფრენების ტენდერის გარეშე შეძენას:

  • „იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველო ახორციელებს საჰაერო უშიშროების და უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ კომპლექსური ამოცანების შესრულებას და საომარი მდგომარეობის გამოცხადების დროს საქართველოს სასაზღვრო პოლიცია გადადის საქართველოს თავდაცვის ძალების შემადგენლობაში, აღნიშნული შესყიდვა ატარებს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების ხასიათს.
  • კომპანია “Airbus Helicopters”-ი და მისი ოფიციალური წარმომადგენლები, “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერებში მონაწილეობას არ იღებენ. შესყიდვის ობიექტების ელექტრონული ტენდერის ან კონკურსის პროცედურების მეშვეობით შესყიდვა გამოიწვევს ამ ღონისძიების არსებითი შეფერხებით ჩატარებას და ჩაშლას.“

ამავე თემაზე

8 ადამიანი დაიღუპა ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად – საქართველოში გლოვის დღეა

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: