მთავარი,სიახლეები

ამ ორ რამეს ვერავინ წაგვართმევს – ზელენსკიმ უკრაინას ღირსებისა და თავისუფლების დღე მიულოცა

21.11.2022
ამ ორ რამეს ვერავინ წაგვართმევს – ზელენსკიმ უკრაინას ღირსებისა და თავისუფლების დღე მიულოცა

21 ნოემბერს უკრაინა ღირსებისა და თავისუფლების დღეს აღნიშნავს. ეს დღე უკრაინის მოქალაქეებს პრეზიდენტმაც მიულოცა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დღეს ხალხი კიევის მთავარ მოედანზე შეიკრიბება, იმ ადგილას, სადაც წლების წინ „ნარინჯისფერი“ და „ღირსების რევოლუციები“ დაიწყო და იმავე ადგილას, სადაც მშვიდობიანი უკრაინა ერთ დღეს აუცილებლად იზეიმებს გამარჯვებას.

„დღეს ჩვენ ღირსებისა და თავისუფლების დღეს აღვნიშნავთ. დღესასწაულს, რომელიც აჩვენებს, რას ნიშნავს ჩვენთვის ღირსება და თავისუფლება – ეს დღესასწაულია.

მე ეს სიტყვები ვთქვი ამავე ადგილას და ამავე დღეს ზუსტად ერთი წლის წინ. რა შეიცვალა მას შემდეგ? ძალიან ბევრი რამ – ჩვენს ქვეყანაში, ევროპაში და მთელ მსოფლიოში. მაგრამ რაღაც მაინც უცვლელი დარჩა და ეს არის პასუხი კითხვაზე, ვინ არიან უკრაინელები და რა არის მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ორი ფასეულობა – ერთმანეთისგან განუყრელი, როგორც მდინარე დნეპრის მარჯვენა და მარცხენა სანაპირო“, – ასე დაიწყო თავისი მიმართვა ზელენსკიმ.

და საკუთარ კითხვას, რა შეიცვალა გასული წლის შემდეგ, უპასუხა იმის აღწერით, როგორ იცავენ უკრაინელები ამ ორ ფასეულობას – ღირსებასა და თავისუფლებას რუსეთთან ომში.

ზელენსკის თქმით, წელს ყველამ დაინახა, რა შეუძლიათ უკრაინელებს, მეგობრებმაც და მტრებმაც. ყველამ დაინახა, როგორი თავდადებული დამცველები, უშიშარი მოქალაქეები, დაუღალავი მოხალისეები, პასუხისმგებლიანი ბიზნესმენები და მამაცი ბავშვები ჰყავს უკრაინას.

„ყველამ დაინახა როგორი დამცველები გვყავს. როგორ იბრძვიან მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი არმიის წინააღმდეგ და როგორ იქცნენ თავადაც მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო არმიად. ვინმე იტყვის, რომ ეს ძალიან ხმამაღლა ჟღერს. დიახ. ჩვენი არმია ხმამაღლა ჟღერს ბოლო რვა წელია და ბოლო 9 თვეა,“ – ამბობს ზელენსკი და დასძენს, რომ სწორედ მოქალაქეებისა და მთელი უკრაინის ძალისხმევით, დღეს უკრაინელი მეომარი გამოიყურება ღირსეულად, იბრძვის ღირსეულად და იმარჯვებს ღირსეულად.

„ყველამ დაინახა, როგორი ხალხიც გვყავს! ხალხი, რომელიც მზადაა უკანასკნელი გასცეს. რომელიც მზადაა უკანასკნელ წუთამდე იდგეს. მათ არ დაკარგეს ღირსება. სიმამაცე. საკუთარი თავის რწმენა. ისინი გაერთიანდნენ. რათა თავისუფლება არ დაკარგონ. არ დაკარგონ დამოუკიდებლობა. არ დაკარგონ უკრაინა.

ჩვენ შეიძლება დავრჩეთ ფულის გარეშე. ბენზინის გარეშე. ცხელი წყლის გარეშე. დენის გარეშე. მაგრამ არა თავისუფლების გარეშე. ეს უცვლელია“.

პრეზიდენტის თქმით, უკრაინა, რომელიც ძალიან მაღალ ფასს იხდიდა და დღესაც იხდის თავისუფლებისთვის, არასოდეს დაივიწყებს იმ ადამიანებს, ვინც ქვეყნისთვის თავი გასწირა და არასდროს აპატიებს მათ, ვინც უკრაინას მათი სიცოცხლე წაართვა და თავისუფლების წართმევაც სურს:

„მაგრამ მათ ეს არ გამოუვიდათ და არც მომავალში გამოუვათ. ეს უცვლელია. ჩვენ ყველაფერს გადავიტანთ. გავუძლებთ. გადავრჩებით. გავიმარჯვებთ!

და მთავარი, რაც უცვლელი დარჩა და ყოველთვის უცვლელი დარჩება – Слава Україні!“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: