მთავარი,სიახლეები

რუს მეთაურებს უჭირთ თავდაცვითი და შეტევითი ოპერაციების ერთად წარმოება – ბრიტანეთის დაზვერვა

21.11.2022
რუს მეთაურებს უჭირთ თავდაცვითი და შეტევითი ოპერაციების ერთად წარმოება – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, ლუგანსკის ოლქის ერთ-ერთი მსხვილი დასახლებული პუნქტის, სვატოვოს შენარჩუნებამ რუსეთისთვის პოლიტიკური მნიშვნელობა შეიძინა.

უწყების ცნობით, ბოლო შვიდი დღის განმავლობაში სვატოვოს სექტორში არ შეწყვეტილა საარტილერიო ბრძოლები. რაც შეეხება ფრონტის სხვა მონაკვეთებს, იქ რუსეთი თავდაცვითი პოზიციების მოწყობას განაგრძობს და ამის გაკეთებას ცუდად აღჭურვილი და ასევე ცუდად მომზადებული მობილიზებულების ხარჯზე ცდილობს.

„ახლა, როდესაც რუსეთისთვის უფრო იოლია დნეპრის აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ ფრონტის სამხრეთ-დასავლეთ ხაზის დაცვა, სვატოვოს სექტორი რუსეთის ძალებისთვის ყველაზე დაუცველ ოპერატიულ ფლანგად რჩება,“ – წერს დაზვერვა 21 ნოემბრის რელიზში. – „როგორც ჩანს, რუსეთის სარდლობა სვატოვოზე კონტროლის შენარჩუნებას პოლიტიკურ პრიორიტეტს ანიჭებს.“

თუმცა უწყების შეფასებით, რუს მეთაურებს უჭირთ ერთდროულად თავდაცვითი და შეტევითი ოპერაციების წარმოება – საიმედო თავდაცვითი პოზიციების შექმნა სვატოვოს სექტორში და საკმარისი რესურსის უზრუნველყოფა დონეცკის შეტევებისთვის.

„რუსეთის თავდაცვისა და თავდასხმის შესაძლებლობებს კვალიფიციური პერსონალისა და საბრძოლო მასალების მწვავე ნაკლებობა ამცირებს,“ – ასკვნის დაზვერვა.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ რელიზში უწყება აღნიშნავდა, რომ სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით, ხერსონის დასავლეთ ნაწილიდან უკან დახევა რუსეთმა შედარებით ორგანიზებულებად და მცირე დანაკარგებით მოახერხა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: