ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას ქანდაკების – „სიყვარული მძიმეა“ დამზადება-მონტაჟისთვის 25 ათასი ლარის ტენდერის გარეშე დახარჯვაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ თანხმობა არ მისცა.

სააგენტოს ბულვარმა 2022 წლის 2 ნოემბერს მიმართა და ტენდერის გარეშე გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობა ექსკლუზიური უფლებამოსილების საფუძვლით მოითხოვა. ქანდაკების ესკიზის ავტორი გელა წულაძეა.

სააგენტომ ბულვარს 2022 წლის 4 ნოემბერს მოსთხოვა – დაეზუსტებინა წარმოდგენილი ინფორმაცია.

„ბულვარის ადმინისტრაციის დაზუსტება არასრულყოფილია და, შესაბამისად, სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს მომართვაში დასმულ საკითხზე“, – აღნიშნულია სააგენტოს დირექტორის განკარგულებაში.

ამავე განკარგულებაში ასევე აღნიშნულია: „განუხილველი დარჩეს სსიპ „ბათუმის ბულვარის“ მომართვა გამარტივებული შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის გაცემის შესახებ.“

რას აპირებს ბულვარი?

ბულვარის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, ლაშა მიქელაძეს, 2022 წლის 2 ნოემბერს გამოცემული აქვს ბრძანება, რომლის მიხედვითაც:

  • ბულვარის ფინანსებისა და შესყიდვების სამსახურს დაევალა, შესყიდვის „გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელება 25 000 ლარის ფარგლებში შეათანხმოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან და უზრუნველყოს შესყიდვებისთვის აუცილებელი სხვა პროცედურების განხორციელება“;
  • იმავე სამსახურს ასევე დაევალა „ზემოაღნიშნული თანხმობის მიღების შემდგომ განახორციელოს ქანდაკება – „სიყვარული ძნელიას“ დამზადება-მონტაჟისათვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.“

გელა წულაძემ ბულვარს შესთავაზა ესკიზი ქანდაკების, რომელსაც ჰქვია „სიყვარული მძიმეა“; ბულვარის ადმინისტრაციაც შესყიდვების სააგენტოდან ითხოვდა თანხმობას ქანდაკების – „სიყვარული მძიმეა“ მონტაჟზე, გამარტივებული წესით;

ლაშა მიქელაძის ბრძანებაში კი, „სიყვარული“ ხან „ძნელია“, ხან „მძიმეა“:

ბულვარის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ლაშა მიქელაძის, 2022 წლის 2 ნოემბერს გამოცემული ბრძანებიდან

საბოლოოდ, ბულვარისთვის „ძნელი“ აღმოჩნდა შესყიდვების სააგენტოდან მიეღო თანხმობა გამარტივებულ შესყიდვაზე.

ბულვარის ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აღნიშნულ საკითხზე მიდის მსჯელობა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება, რა გზით წავლენ – კონკურსის თუ ტენდერის, ჯერ მიღებული არ არის.

„ესკიზს, რომელიც უკვე არსებობს, აქვს ექსკლუზიური საავტორო უფლება, ჩვენ სწორედ ამიტომ მივმართეთ პირდაპირ შესყიდვაზე, მაგრამ, როგორც ჩანს, [ქანდაკების] დადგმაზე ეს არ იყო საკმარისი. ახლა ვმსჯელობთ, წავალთ კონკურსის თუ ტენდერის კუთხით. ჯერ გადაწყვეტილი არ არის და ეს გადადის უკვე მომავალი წლის ბიუჯეტში. ახლა თანხმობა რომ ყოფილიყო, ქანდაკების დადგმა წელს ესწრებოდა“, – გვითხრეს ბულვარის ადმინისტრაციაში.

 

[toggle title=„ბულვარის დაზუსტებული პასუხების სანახავად დააწკაპუნეთ აქ”]

ბულვარის დაზუსტებული პასუხები

„გთხოვთ, ერთი სამუშაო დღის ვადაში დააზუსტოთ სისტემის SMP მოდულში გენერირებული კითხვარის მე-3, მე-4 და მე-6 ველებში წარმოდგენილი ინფორმაცია, კერძოდ, რა მეთოდით დადგინდა პირის ექსკლუზიური უფლებამოსილება და რა მეთოდით დადგინდა, რომ არ არსებობს მიზანშეწონილი ალტერნატივა შესყიდვის ობიექტის ჩასანაცვლებლად, ასევე, რა მეთოდით დადგინდა, რომ ქვეყნის შიგნით ხომ არ არსებობს სხვა პირი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს იმავე მომსახურების გაწევა.“ – მისწერეს ბულვარის ადმინისტრაციას შესყიდვების სააგენტოდან 2022 წლის 4 ნოემბერს.

აღნიშნული ველები ბულვარმა დააზუსტა [გთავაზობთ დაზუსტებულ პასუხებს კითხვარზე]:

3. რა მეთოდით დადგინდა პირის ექსკლუზიური უფლებამოსილება?

ბულვარის პასუხი: ქანდაკების ესკიზზე „სიყვარული მძიმეა“ ავტორის გელა წულაძის მიერ წარმოდგენილია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის საქპატენტის მიერ გაცემული დეპონირების მოწმობა N8756. მოწმობის თანახმად განმცხადებელს წარმოადგენს გელა წულაძე, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9-1 მუხლის (ნაწარმოების დეპონირება) თანახმად: – ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს უფლება აქვს, ნაწარმოების ორიგინალის ან ასლის დეპონირება განახორციელოს „საქპატენტში“. დეპონირების დამადასტურებელ მოწმობაში მითითებული პირი მიიჩნევა ნაწარმოების ავტორად /საავტორო უფლების მფლობელად, თუ არ არსებობს საწინააღმდეგო დასაბუთება. ასევე გელა წულაძის მიერ წარმოდგენილია ხელშეკრულება, რომლის მხარეებსაც წარმოადგენენ, ერთი მხრივ, გელა წულაძე, ხოლო მეორე მხრივ შპს „ლიბერტე“, დირექტორი გელა წულაძე. ხელშეკრულების 1-ელი პუნქტის 1.1 ქვეპუნქტის თანახმად: საქპატენტის დეპონირებით გაცემული მოწმობის N8756 მიხედვით მიღებული საავტორო უფლება ქანდაკება „სიყვარული მძიმეა“, ხელშეკრულების თანახმად, საავტორო უფლება გადაეცა შპს „ლიბერტეს“. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის საქპატენტის მიერ გაცემული დეპონირების მოწმობით N8756 დგინდება, რომ „სიყვარული მძიმეა“ – ქანდაკების ესკიზზე ექსკლუზიური უფლებამოსილება გააჩნია გელა წულაძეს, რომელმაც აღნიშნული უფლება ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა შპს „ლიბერტეს“.

4. რა მეთოდით დადგინდა, რომ არ არსებობს მიზანშეწონილი ალტერნატივა შესყიდვის ობიექტის ჩასანაცვლებლად?

ბულვარის პასუხი: ახალი ქანდაკება „სიყვარული მძიმეა“ წარმოადგენს ერთგვარ გაგრძელებას ბათუმის ბულვარში განთვასებული მოქანდაკე გელა წულაძის „სიყვარულის სერიად“ წოდებული რამდენიმე თანამედროვე სკულპტურისა, როგორიცაა „ვარიაცია სიყვარულზე 1“; „ვარიაცია სიყვარულზე 2“; „ვარიაცია სიყვარულზე 3“; „ყირამალა“, რომლებიც ბულვარის სიმბოლოდ და სავიზიტო ბარათადაა ქცეული უკვე ათწლეულზე მეტია, უფრო მეტიც, ისინი არა მარტო ბულვარის, მთლიანად ბათუმის სიმბოლოებად იქცნენ და ხშირად გვხდებიან სხვადასხვა ტურისტული გზამკვლევისა და რუკის გარეკანზე. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, გვეთანამშრომლა იმავე ავტორისგან შექმნილი ახალი ქანდაკების „სიყვარული მძიმეას“ შესყიდვაზე, რაც მოგვცემს საშუალებას, ბათუმის ბულვარში გელა წულაძის ავტორობით უკვე არსებული ქანდაკებების ანსამბლი კიდევ უფრო გამდიდრდეს და შეიქმნას ახალი მიმზიდველი ატრაქცია.

ვინაიდან საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის საქპატენტის მიერ გაცემული დეპონირების მოწმობით N8756 დადგინდა, რომ გელა წულაძე წარმოადგენს „სიყვარული მძიმეას“ ქანდაკების ესკიზის ავტორს, ხოლო წარმოდგენილი ხელშეკრულებით გელა წულაძემ საქპატენტის დეპონირებით გაცემული მოწმობის N8756 საფუძველზე საავტორო უფლება ქანდაკება „სიყვარული მძიმეა“, ორმხრივად გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა შპს ლიბერტეს, რომლის დირექტორი თავად „სიყვარული მძიმეას“ ქანდაკების ესკიზის ავტორი გელა წულაძეა. ქანდაკება „სიყვარული მძიმეა“ წარმოადგენს ავტორის ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს და მხოლოდ მას გააჩნია ექსკლუზიური უფლებამოსილება, განახორციელოს ახალი ქანდაკების ესკიზის მიხედვით შესაბამისი მოწყობის სამუშაოები. ასევე „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში კანონი) მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი ვრცელდება მეცნიერების, ლიტერატურის და ხელოვნების ნაწარმოებზე, შესრულებაზე, ფონოგრამაზე, ვიდეოგრამასა და მონაცემთა ბაზაზე, რომლებზედაც უფლებათა მფლობელია საქართველოს მოქალაქე, ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე, და იურიდიული პირი, რომელსაც აქვს ადგილსამყოფელი საქართველოს ტერიტორიაზე, ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საავტორო უფლება ვრცელდება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, რომლებიც წარმოადგენს ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს, განურჩევლად ნაწარმოების დანიშნულებისა, ავკარგიანობისა, ჟანრისა, მოცულობისა, გამოხატვის ფორმისა და საშუალებისა, ხოლო ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებს წარმოადგენს: სკულპტურის, ფერწერის, გრაფიკის, ლითოგრაფიის, სახვითი ხელოვნებისა და მსგავსი ნაწარმოები. კანონი განსაზღვრავს ნაწარმოების ავტორის პირად არაქონებრივ უფლებებს, მათ შორის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ქვეპუნქტით ანიჭებს ავტორს ნაწარმოების ხელშეუხებლობის უფლებას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით არ არსებობს მიზანშეწონილი ალტერნატივა შესყიდვის ობიექტის ჩასანაცვლებლად. ქანდაკების ესკიზის ავტორი და შესაბამისად ექსკლუზიური პირი, მიიჩნევს, რომ ქანდაკება, უნდა შესრულდეს და მოეწყოს პირადად მის მიერ და ამ მოსაზრებას ასაბუთებს იმით, რომ ესკიზი წარმოადგენს მის ნამუშევარს და ინტელექტუალურ საკუთრებას, ამიტომაც სხვა პირის მიერ ქანდაკების მოწყობა ვერ იქნება მართებული.

6. აღემატება თუ არა შესასყიდი საქონლის ან მომსახურების ღირებულება 2 000 000 ლარს, ხოლო სამშენებლო სამუშაოსი – 4 000 000 ლარს? (კი/არა)

ბულვარის პასუხი:  არა

* [თუ არ აღემატება] ქვეყნის შიგნით ხომ არ არსებობს სხვა პირი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს იმავე საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან სამშენებლო სამუშაოს შესრულება?

ბულვარის პასუხი:“სიყვარული მძიმეა”-ს ქანდაკების ესკიზის მიხედვით ქანდაკების დამზადების შესრულების ექსკლუზიურ უფლებას საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის საქპატენტის მიერ გაცემული დეპონირების მოწმობისა და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9-1 მუხლის (ნაწარმოების დეპონირება) შესაბამისად ფლობს ქანდაკების ავტორი – გელა წულაძე, რომელმაც შპს “ლიბერტე”-სთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად აღნიშნული უფლებამოსილება გადასცა შპს “ლიბერტე”-ს, რომლის დირექტორსაც წარმოადგენს “სიყვარული მძიმეა”-ს ქანდაკების ესკიზის ავტორი გელა წულაძე, რომლის ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს და ექსკლუზიურ უფლებამოსილებას წარმოადგენს, როგორც ახალი ქანდაკება “სიყვარული მძიმეა” ესკიზის შექმნა ასევე მისი მოწყობის სამუშაოს განხორციელება. აღნიშნულიდან გამომდინარე ქვეყნის შიგნით არ არსებობს სხვა პირი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს იმავე საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან სამშენებლო სამუშაოს შესრულება.

* [თუ არ აღემატება] რა მეთოდით დადგინდა, რომ ქვეყნის შიგნით არ არსებობს სხვა პირი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს იმავე საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან სამშენებლო სამუშაოს შესრულება?

ბულვარის პასუხი: საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის საქპატენტის მიერ გაცემული დეპონირების მოწმობის N8756 მიხედვით და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ამავდროულად, სხვა პირის მიერ მოწოდებული შესყიდვის ობიექტი ვერ იქნება იმ საავტორო ქანდაკებების გაგრძელება (ე.წ. „სიყვარულის სერიის“ ქანდაკებები) რომლებიც ბულვარში არსებობენ უკვე ათწლეულზე მეტია, არ დაუკარგავთ აქტუალურობა და დღემდე აღფრთოვანებაში მოყავთ ბაღის ვიზიტორები. რაც შეეხება ქანდაკების სამუშაოების შესრულებას, რადგანაც ქანდაკების ესკიზი წარმოადგენს ავტორის ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს, რომლითაც ავტორი გადმოსცემს თავის სუბიექტურ ხედვას შესაბამისად, სხვა პირის მიერ შემოთავაზებული ნებისმიერი მომსახურება აცდენილი იქნება ქანდაკების საავტორო ხასიათთან.

დაზუსტების შემდეგ:

„სააგენტო განმარტავს, რომ წარმოდგენილი დაზუსტებით კვლავ გაურკვეველია სამუშაოების განხორციელებაზე რა მეთოდით დადგინდა პირის ექსკლუზიური უფლებამოსილება და რა მეთოდით დადგინდა, რომ არ არსებობს მიზანშეწონილი ალტერნატივა შესყიდვის ობიექტის ჩასანაცვლებლად.

ამასთან, ვერ დგინდება რა მეთოდით დადგინდა, რომ ქვეყნის შიგნით არ არსებობს სხვა პირი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს იმავე სამუშაოების შესრულება.

ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განხორციელებული დაზუსტება არასრულყოფილია და შესაბამისად, სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მომართვაში დასმულ საკითხზე.“ – აღნიშნულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 8 ნოემბრის განკარგულებაში.

წყარო: შესყიდვების პორტალი

[/toggle]

მთავარი ფოტო: „სიყვარული მძიმეა“ / ფოტომონტაჟი / გელა წულაძის ესკიზიდან

 

გელა წულაძის მიერ ბულვარის ადმინისტრაციაში გაგზავნილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სკულპტურის დადგმა სასურველია „ბულვარის შიდა ხეივანში, კერძოდ, ნინოშვილის ქუჩის გასწვრივ მდებარე ერთ-ერთ მწვანე სივრცეში“.

ამ თემაზე:

რატომ აიღეს „ყირამალა“ ბათუმის ბულვარიდან

Published by თედო ჯორბენაძე

თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com

Exit mobile version