მთავარი,სიახლეები

ირანი ცდილობს, რუსეთთან სიახლოვე საერთაშორისო აუდიტორიას დაანახოს – ISW

09.11.2022
ირანი ცდილობს, რუსეთთან სიახლოვე საერთაშორისო აუდიტორიას დაანახოს – ISW

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) მიიჩნევს, რომ ირანი განგებ ცდილობს რუსეთთან თავისი ურთიერთობების დემონსტრირებას.

ინსტიტუტის დღევანდელ ანგარიშში ნათქვამია, რომ ირანულმა სახელმწიფო სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, ნიკოლაი პატრუშევის თეირანში ვიზიტის შესახებ ისე, რომ ეს ინფორმაცია რუსულ მხარეს არ დაუდასტურებია. სააგენტოს ცნობით, ვიზიტის მიზანი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებაა.

ინფორმაცია სააგენტომ „ტვიტერზე“ ინგლისურენოვანი შეტყობინებით გაავრცელა, რაც ანალიტიკოსებს აძლევს საფუძველს ივარაუდონ, რომ ირანი ცდილობს, მოსკოვსა და თეირანს შორის ურთიერთობების გაღრმავება საერთაშორისო აუდიტორიას დაანახოს და ასევე ირიბად მიანიშნოს ისიც, რომ მოსკოვი თეირანს უკრაინის ომში დახმარებისთვის მიმართავს.

„კრემლი განაგრძობს საბრძოლო მასალების ფარულად შესყიდვას უკრაინაში გამოსაყენებლად, რათა როგორმე შეამციროს სანქციების გავლენა თავის სამხედრო წარმოებაზე და მარაგები შეავსოს,“ – წერს ISW.

ინსტიტუტის დღევანდელი ანგარიშის კიდევ ერთი მთავარი თემა „ვაგნერია“, რომელიც ანალიტიკოსების თქმით, ძალიან ცდილობს დონბასში თავისი ტერიტორიული მიღწევები გადაჭარბებულად წარმოაჩინოს და საკუთარი თავი რუსეთის რეგულარულ არმიაზე მაღლა დააყენოს. ISW-ის თქმით, „ვაგნერმა“ ბახმუტის გარშემო რუსების ყველა წარმატება მიისაკუთრა.

ISW-ის ანგარიშის სხვა მთავარი მიგნებები:

  • უკრაინის ძალებმა, სავარაუდოდ, მცირე წინსვლას მიაღწიეს სვტაოვოს ჩრდილო-დასავლეთით;
  • რუსეთის ძალები განაგრძობდნენ შეტევებს ბახმუტისა და ავდეევკის გარშემო და დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში;
  • უკრაინის ხელისუფლება ცდილობს წინ აღუდგეს რუსეთის მცდელობას, გააძლიეროს კონტროლი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე;
  • ფინანსური და ბიუროკრატიული პრობლემები ხელს უშლის რუსეთს შეავსოს და აღადგინოს ყოფილი ელიტური დანაყოფები, რომლებიც ფრონტის კრიტიკულად მნიშვნელოვან მონაკვეთებს იცავდნენ;
  • რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხერსონის ოლქის დასავლეთ ნაწილს საკომუნიკაციო საშუალებები გადაუკეტეს და ამით, სავარაუდოდ, ცდილობენ, მოსახლეობას ევაკუაცია აიძულონ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: