მთავარი,სიახლეები

რა მოხდება, თუ რუსეთი კახოვკის ჰესზე აფეთქებას მოაწყობს

20.10.2022 • 3741
რა მოხდება, თუ რუსეთი კახოვკის ჰესზე აფეთქებას მოაწყობს

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ დღეს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე თავდასხმის საფრთხეზე იმსჯელა. საბჭოს მდივნის ოლექსი დანილოვის თქმით, შეხვედრაზე რამდენიმე სცენარი განიხილეს.

თუ რუსეთი კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის დამბას ააფეთქებს, ეს უზარმაზარი მასშტაბის კატასტროფა იქნება, რომელიც უდიდეს მსხვერპლს და დამანგრეველ შედეგებს გამოიწვევს. თუმცა, როგორც დანილოვმა უკრაინის 24-ე არხს უთხრა, შესაძლებელია რუსეთმა ჰესზე სხვა ტიპის ქმედებებიც ჩაიდინოს, მაგალითად, გაანადგუროს სადგურის აგრეგატები, რომლებიც უკრაინისთვის ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.

უსაფრთხოებისა და თავდაცვის მდივანი დასძენს, რომ კახოვკის ჰესის დაზიანების შემთხვევაში, უახლოესი წლების განმავლობაში მთლიანად უწყლოდ დარჩება ყირიმი, რომელიც ახლა სწორედ კახოვკიდან მარაგდება.

„ყირიმის წყალმომარაგება მათთვის მნიშვნელოვანია, ამიტომაც ამას დღის წესრიგში აყენებენ, როგორც აუცილებელ რამეს. იმ მოლაპარაკებებზე, რომელთა გამართვაც მათ თავის დროზე უნდოდათ, ეს პუნქტიც არსებობდა. თუ ისინი კახოვკის სადგურის აფეთქებაზე წავლენ, უნდა იცოდნენ, რომ ვერანაირი წყალი ყირიმს ვეღარ ექნება,“ – ამბობს დანილოვი. – „სხვა საკითხია, რომ მათ ასევე შეუძლიათ გაანადგურონ იქ არსებული აგრეგატები, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. ამის გაკეთება მათ შეუძლიათ და ჩვენ ამის შესახებ ინფორმაცია გვაქვს.“

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის დღევანდელ ანგარიშშიც ნათქვამი იყო, რომ ბოლო დღეებში რუსები აქტიურად ამზადებენ საინფორმაციო სივრცეს პროვოკაციისთვის, ე.წ. False Flag ოპერაციისთვის, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე, რათა ამით საკუთარი უკან დახევა და მნიშვნელოვანი ტერიტორიის „დაკარგვა“ გაამართლონ და უკრაინელთა წინსვლა შეაფერხონ.

„რუსი სამხედროები შესაძლოა ფიქრობენ, რომ დამბის გარღვევა დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან მათ უკან დახევას გადაფარავს და შეაჩერებს ან შეაფერხებს მაინც უკრაინელთა წინსვლას. სუროვიკინმა განაცხადა, რომ აქვს ინფორმაცია, თითქოს კიევი კახოვკის სადგურზე დარტყმას აპირებს, რაც მისივე თქმით, ხერსონის ოლქში დამანგრეველ წყალდიდობას გამოიწვევს. ეს განცხადება სალდომაც გაიმეორა,“ – წერენ ISW-ის ანალიტიკოსები და ვარაუდობენ, რომ ასეთი თავდასხმა კრემლმა შესაძლოა გამოიყენოს თავისი პროპაგანდისთვისაც, რომლის თანახმადაც ის უკრაინის ტერორისტულ სახელმწიფოდ წარმოჩენას ცდილობს.

კახოვკის ჰესი ხერსონის ოლქის ქალაქ ნოვა კახოვკადან 5 კილომეტრში მდებარეობს. ის დნეპრის ჰიდროელექტროსადგურების ჯაჭვში მეექვსე და ყველაზე ქვედა საფეხურია.

ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა 1950 წელს დაიწყო, 1964 წელს კი ოფიციალურად გაიხსნა და ამუშავდა ჩრდილოეთ ყირიმის არხი, რომლის გავლითაც წყალი კახოვკის წყალსაცავიდან ყირიმში და ხერსონის ოლქის რაიონებში მიედინება.

კახოვკის ჰიდროელექტროსადგური რუსებმა ჯერ კიდევ 2022 წლის თებერვალში, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების პირველივე დღეებში დაიკავეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: