მთავარი,სიახლეები

არმიის დაბალი მორალური განწყობის გამო შესაძლოა რუსეთმა დონეცკში შეტევა შეაჩეროს – ISW

14.10.2022
არმიის დაბალი მორალური განწყობის გამო შესაძლოა რუსეთმა დონეცკში შეტევა შეაჩეროს – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, უკრაინის დაბომბვით რუსეთი თავის მომხრეებსა და რუს ნაციონალისტებს „ამშვიდებს“, რუსული არმიის დაბალი მორალური განწყობა და ბრძოლისუნარიანობა კი სარდლობას არჩევანის წინაშე აყენებს – გააგრძელოს თუ არა შეტევები დონეცკის ოლქში.

როგორც ინსტიტუტის უახლეს ანგარიშშია ნათქვამი, ინფორმაციამ ახალმობილიზებულ და ცუდად მომზადებულ სამხედროებში პირველი მსხვერპლის შესახებ რუსულ საზოგადოებაში სამხედრო სარდლობისადმი კრიტიკის ახალი ტალღა გამოიწვია.

კრემლისტური მედია იუწყებოდა, რომ ხუთი მობილიზებული ჩელიაბინსკიდან მობილიზაციის გამოცხადებიდან სამ კვირაში უკრაინაში დაიღუპა. ამ ინფორმაციის საფუძველზე ბევრი რუსი ნაციონალისტი სამხედრო ბლოგერი ამტკიცებდა, რომ მობილიზებულს შორის მსხვერპლი გაცილებით დიდია, რადგან რუსეთის სარდლობამ ვერ შეძლო მათი დაპირებული წვრთნით, აღჭურვილობითა და მეთაურებით უზრუნველყოფა.

ISW-ის შეფასებით, ამ შემთხვევამ კვლავაც წამოწია წინ მობილიზაციის ხარვეზები და გაამძაფრა ის უკმაყოფილება, რომელიც მასთან დაკავშირებით უკვე არსებობდა.

ინსტიტუტის ანალიტიკოსების ვარაუდით, უკრაინაში სარაკეტო დარტყმებით კრემლი ცდილობს, კრიტიკულად განწყობილი საზოგადოების ყურადღება მობილიზაციიდან და სამხედრო მარცხიდან სხვა საკითხებზე გადაიტანოს და ნაციონალისტები „სხვა წარმატებებით“ დაამშვიდოს.

ISW-ის ცნობით, რუსეთის არმია 13 ოქტომბერსაც განაგრძობდა სარაკეტო დარტყმებს უკრაინის კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე და ამ თავდასხმებში ირანულ უპილოტო საფრენ აპარატებს „შაჰედებსაც“ იყენებდა.

როგორც ISW-ი მიუთითებს, რუსეთის არმიის მორალური განწყობა და ბრძოლისუნარიანობის ხარისხი კვლავაც ძალიან დაბალია, რამაც შესაძლოა, რუსეთი აიძულოს, დროებით შეწყვიტოს შეტევები ფრონტის ხაზის ცალკეულ მონაკვეთებზე.

„ამასთან, შეტევების შეჩერება დონეცკის ოლქში (ფაქტობრივად, ერთადერთ რაიონში უკრაინაში, სადაც რუსეთის ძალები დღემდე განაგრძობენ შეტევით ოპერაციებს), კიდევ უფრო გაართულებს რუსეთის მცდელობას, დაიკავოს დამატებითი ტერიტორიები და სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს რუსი სამხედროების მორალური განწყობის კიდევ უფრო დაქვეითებას და სამხედრო პოტენციალის გამოფიტვას,“ – მიუთითებენ ინსტიტუტის ანალიტიკოსები.

ISW-ის ანგარიშის მთავარი მიგნებები მოკლედ:

  • ინფორმაციამ პირველი მსხვერპლის შესახებ ახალმობილიზებულ სამხედროებში რუსეთის სარდლობისადმი კრიტიკის ახალი ტალღა გამოიწვია;
  • რუსეთის არმია 13 ოქტომბერსაც განაგრძობდა სარაკეტო დარტყმებს უკრაინის ინფრასტრუქტურაზე;
  • რუსი სამხედროების დაბალმა მორალურმა განწყობამ და ბრძოლისუნარიანობის ხარისხმა შესაძლოა აიძულოს რუსეთი, შეწყვიტოს შეტევები ცალკეულ მონაკვეთებზე;
  • უკრაინის ძალებმა გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს სვატოვოს ჩრდილო-დასავლეთით;
  • უკრაინელთა შეტევის მოლოდინში მყოფი რუსეთის ძალები განაგრძობენ თავდაცვით ოპერაციებს კრემენაიას მიმართულებაზე;
  • უკრაინული და რუსული წყაროები იუწყებიან, რომ რუსეთის ძალები ცდილობენ, დაიბრუნონ პოზიციები ხერსონის ოლქის ჩრდილოეთით და ჩრდილო-დასავლეთით;
  • ყირიმის ხიდის დაზიანებული მონაკვეთები კვლავაც ხელს უშლის რუსეთის ტვირთების გადაადგილებას და პირადი შემადგენლობის გადაყვანას უკრაინის სამხრეთში;
  • რუსეთის ძალები განაგრძობდნენ სახმელეთო შეტევებს დონეცკის ოლქში და აცხადებდნენ ბახმუტის სამხრეთით მცირედ წინსვლაზე;
  • რუსეთის საოკუპაციო ადმინისტრაციების ჩინოვნიკებმა ოკუპირებული ხერსონის ოლქის მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდეს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: