რუსეთის მოქალაქე, 30 წლის ვალერი ტუტაევი ბათუმში სექტემბრის მეორე ნახევარში ჩამოვიდა, რუსეთში მობილიზაციის გამოცხადებისთანავე. ამბობს, რომ მან ქვეყნიდან გამოღწევა მოასწრო, მაგრამ ბევრი მისი ნაცნობი რუსეთს ვეღარ ტოვებს – საზღვრის კვეთის უფლება არ აქვთ, რადგან ვისაც მობილიზაციის გაწვევა მიუვა, მათ შესახებ ინფორმაცია საზღვარზეც აქვთ. ვალერის მონათხრობის მიხედვით, არის შემთხვევები, როცა თვითმფრინავის ბილეთები უუქმდებათ რუსეთის დატოვების მსურველებს.
- რატომაა მობილიზაცია თქვენთვის მიუღებელი – რუსეთმა ომი წამოიწყო უკრაინაში და ახლა თქვენი არმია დახმარებას საჭიროებს. რატომ გამოიქეცით?
პირდაპირ არმიაში ვერავინ წაგიყვანს. შეგიძლია, უბრალოდ, ხელი არ მოაწერო გაწვევის საბუთს, მაგრამ ეს მერე ბევრ პრობლემას გიქმნის: თუ გაწვევა მოგივიდა შენს შესახებ ინფორმაცია აქვთ საზღვარზეც და რუსეთის დატოვების შანსიც აღარ გაქვს.
ყველა ომი საშინელებაა. ვფიქრობ, პუტინი 21 საუკუნის ყველაზე ხმაურიანი პრეზიდენტია, როგორც არ უნდა უწოდოს მან ამ ყველაფერს სპეცოპერაცია. ფაქტია, რომ ეს ომია. ერთმა ქვეყანამ შეიყვანა მეორე ქვეყანაში ჯარები და ბომბავს.
ეს ტრაგედია და კოშმარია. ალბათ მომავალი თაობის რუსებს, რუსეთს ამ ყველაფრისთვის გადახდა მოუწევთ. არ აქვს მნიშვნელობა უჭერ თუ არა პუტინს მხარს. ამის საფასურს ყველა გადავიხდით, რადგან ჩვენი ქვეყანა დაესხა თავს უკრაინას.
დაძაბულობას პუტინის სიკვდილიც კი ვერ განმუხტავს. მისი სიკვდილის შემდეგ მსოფლიო საზოგადოება ნამდვილად არ გვეტყვის: კარგი მეგობრებო, რაც იყო იყო და გავაგრძელეთ ძველებურად ცხოვრებაო. ვფიქრობ, რუსებს მოგვიწევს სამომავლოდ კომპენსაცია გადავუხადოთ არამხოლოდ უკრაინელებს, არამედ ევროპასაც ენერგორესურსების შეზღუდვის და ზარალის მიყენების გამო.
გამოვიქეცი, რადგან არ ვიცი, ეს სიგიჟე როდის დამთავრდება. არ ვიცი პუტინი ხვალ მოკვდება თუ 10 წლის შემდეგ. მერე კიდევ ახალი კინკლაობები დაიწყება ძალაუფლებისთვის და არავინ იცის ეს რამდენ ხანს გაგრძელდება.
- თქვენი შეფასებით ვისია ყირიმი, დონეცკი და ლუგანსკი?
რა თქმა უნდა, უკრაინისაა. ვფიქრობ ტერიტორიების ამ ფორმით მიტაცება, რასაც ახლა პუტინი აკეთებს, მოძველებული მეთოდია.
რომ გაძლიერდე და შენთან უნდოდეთ, ამისთვის ეკონომიკა უნდა განავითარო, ნიჭიერ ხალხს უნდა შეუწყო ხელი, ტექნოლოგიების განვითარებაზე უნდა იზრუნო, ეს არის ის, რასაც თანამედროვე სამყაროში ცვლილებები მოაქვს.
დიდი ხანია ხალხს ტვინს ურეცხავენ პროპაგანდით, რომ ჩვენ გამორჩეული ერი ვართ და ყველაფერი შეგვიძლია.
მე კი მიმაჩნია, რომ ყირიმი უკრაინისაა, მაგრამ 2014 წლის ყირიმის ომის დროს ხალხს პროტესტი ომზე არ ჰქონია, რადგან რუსეთში საქმე ცუდად არ ყოფილა: დოლარის კურსი იგივე იყო, ეკონომიკური მდგომარეობა არ გაუარესებულა, ამიტომ ხალხს ბევრი კითხვები არ ჰქონია ყირიმთან დაკავშირებით. ახლა კი ამ ომმა ყველაფერი გააუარესა ქვეყანაში.
უკრაინა სლავური ქვეყანაა, ვერც კი გაარჩევ გარეგნობით უკრაინელს რუსისგან, აბსოლუტურად ერთი და იგივე ერია, მოძმე ერია, მე ასე მიმაჩნია. თუმცა არ მეგონა, რომ რუსეთი თავს დაესხმებოდა უკრაინას, ველოდი ეკონომიკურ ომს.
არ მგონია ამ ომის შემდეგ რუსეთში კარგად წავიდეს საქმე. ხალხი გარბის, შემოსავლები მცირდება, ამუშავდება სანქციები და ქვეყნის ეკონომიკა განადგურდება.
- რა წინააღმდეგობებს აწყდებით საქართველოში საბანკო მომსახურებისას, ბინის დაქირავებისას, მაღაზიებსა და კაფე-რესტორნებში, გექმნებათ დისკომფორტი?
ბათუმში თითქმის ერთი წელია ცხოვრობენ ჩემი ახლობლები. მათ ყველაფრის შესახებ ჰქონდათ ინფორმაცია და ჩვენც გაგვარკვიეს. ჩემმა მეგობარმა გოგომ გაზაფხულზევე გახსნა საბანკო ბარათი ბათუმში, სადაც ომის დაწყებისთანავე გადმოვრიცხეთ მთელი ჩვენი დანაზოგი, ამიტომ განსაკუთრებული პრობლემები არ გვქონია.
მე დისტანციური სამსახური მაქვს და შემიძლია სახლიდან კვირაობით არ გავიდე, ისე ვიმუშაო, ასე ვცხოვრობდი მოსკოვში. იქ შეგიძლია ყველაფერი გამოიძახო, რაც გსურს, ბევრად უფრო იაფი და სწრაფია ასე ყველაფრის ყიდვა. მიტანის სერვისი მოსკოვში იდეალურადაა აწყობილი. ასე ზოგავ ფულსაც და დროსაც.
ფრჩხილების მაკრატლით დაწყებული და ავტომობილით დამთავრებული – მოსკოვში ყველაფერს უსწრაფესად გამოიწერ და მოგიტანენ. აქ ასე არაა. იძულებული ვარ ბათუმში სახლიდან გამოვიდე და ვიარო მაღაზიებში.
ბათუმში რომ დავდივარ, ამდენი კარგა ხანია ფეხით და გარეთ არ მივლია. ჩემი ნაცნობების და ახლობლების უმრავლესობა საქართველოში მოდის ძირითადად, არ ვიცი აქ დავრჩებით თუ წავალთ, ჯერ ვაკვირდებით ყველაფერს. ბინის დაქირავებისას ბათუმში არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია. სამოთახიან ბინაში 900 დოლარს ვიხდით თვეში.
არანაირი დისკომფორტი არ გვაქვს რუსებს საქართველოში. რუსოფობია მე არ შემინიშნავს. მხოლოდ ერთგან მითხრეს მესაუბრა ინგლისურად და არა რუსულად, მაგრამ რას ვიზამ, ეს იმ დაწესებულების გადაწყვეტილებაა.
- სექტემბრის დასაწყისში პუტინის ადმინისტრაცია ალაპარაკდა საქართველოში რუსულენოვანთა უფლებების დაცვაზე. ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელშიც წერია, რომ მოლდოვასა და საქართველოში საჭიროა იმ საკითხების გათვალისწინება, რომელიც ამ ქვეყნებში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვას ეხება“. უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზეც ამავე რიტორიკით საუბროს პუტინი ოფიციალური გამოსვლებისას, რომ იქ რუსეთი „საკუთარი ხალხის უფლებებს იცავს“. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როგორ ფიქრობთ, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების ამ ინტენსივობით შემოსვლა, არ წარმოადგენს საფრთხეს საქართველოსთვის? რა გარანტია გვაქვს, რომ თქვენი პრეზიდენტი ერთ დღეს დასაცავად ჯარით არ ჩამოგაკითხავთ?
მე არ მსმენია თქვენს მიერ ნახსენები დოკუმენტის შესახებ, მაგრამ მგონია, რომ ჩვენ არანაირ საფრთხეს არ ვქმნით. ყველა, ვინც ახლა გამორბის საქართველოში, გაურბის პუტინის რეჟიმს. ამ ხალხის მხარდაჭერა პუტინს არ აქვს.
რუსეთს ახლა არც ფინანსური და არც ადამიანური რესურსი არ აქვს ახალი ომის წამოსაწყებად საქართველოში ან სადმე.
უკრაინაში მებრძოლ რუს ჯარისკაცებს, განსაკუთრებით მობილიზებულებს ცუდი სიტუაცია აქვთ და ნაწილს საკვებით და ჩაფხუტებითაც კი ვერ უზრუნველყოფენ.
პირიქით, კარგია რუსების აქ ყოფნა ქართველებისთვის. აქ განათლებული, მდიდარი რუსები გამორბიან. ამ ფულს ხომ საქართველოში ხარჯავენ? ლტოლვილია ეს ხალხი, ჩვენ რუსი ლტოლვილები ვართ.
თქვენ უნდა განასხვაოთ ერთმანეთისგან პუტინი და რუსები. მე ხომ თქვენს ეკონომიკას ვეხმარები ჩემი ფულის აქ ხარჯვით? პროფესიონალი IT სპეციალისტი ვარ და შემიძლია ჩემი კომპანიის გარდა, ვისთვისაც დისტანციურად ვმუშაობ, აქაც გავუწიო დახმარება ადგილობრივებს. აქაურობის განვითარებაში მეც შემიძლია შევიტანო წვლილი.
ის, რომ მთელი რუსეთი აქ არის, ეს საქართველოზე დადებითად აისახება. ბევრი ნიჭიერი და ჭკვიანი ადამიანი განავითარებს თქვენს ეკონომიკას.
- საქართველოს ტერიტორიების 20%-ზე მეტი რუსი სამხედროების მიერაა ოკუპირებული. იცით, რომ რუსეთი 2008 წელს რუსეთი საქართველოს ბომბავდა? გაქვთ ინფორმაცია აფხაზეთის ომის შესახებ? ამ ომის შედეგად რუსეთის წყალობით საქართველოში ათიათასობით ქართველი იქცა საკუთარ ქვეყანაში დევნილად.
ვიცი, რომ აფხაზეთს სურდა საქართველოსგან გამოყოფა. არ ვიცი აფხაზეთი ვისი ტერიტორიაა, ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. ვიცი ასევე, რომ თავიდან აფხაზეთის კონფლიქტში რუსეთი საქართველოსკენ იყო, მერე კი აფხაზების მხარე დაიჭირა.
ვიცი ასევე, რომ განვითარებული მსოფლიო აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ აღიარებს, აღიარებს მხოლოდ რუსეთი და რამდენიმე სახელმწიფო, ეს კარგად მიანიშნებს, რომ აფხაზეთში რუსეთმა რაღაც ბინძური თამაში ითამაშა.
მე განვითარებული მსოფლიოს პოზიციას ვიზიარებ.