მთავარი,სიახლეები

რუსებმა უკრაინაში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინსტრუქტორები ჩაიყვანეს – ISW

13.10.2022 • 1066
რუსებმა უკრაინაში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინსტრუქტორები ჩაიყვანეს – ISW

რუსებმა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სავარაუდოდ, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან დაკავშირებული ირანელი სამხედროები ჩაიყვანეს, რათა რუს ჯარისკაცებს „შაჰედ 136-ების“ გამოყენება ასწავლონ – ინფორმაციას ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) უკრაინის ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

ISW-ის ცნობით, რუსმა სამხედროებმა ირანელი ინსტრუქტორების დაუდგენელი რაოდენობა ყირიმსა და ხერსონის ოლქში ჩაიყვანეს – მათ რუსებს ირანული დრონების, „შაჰედების“ გაშვება და კონტროლი უნდა შეასწავლონ.

წინააღმდეგობის ცენტრი ასევე აცხადებს, რომ სწორედ ირანელი ინსტრუქტორები აკონტროლებენ „შაჰედების“ გაშვებას უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე, მათ შორის, ნიკოლაევისა და ოდესის ოლქებში.

ინსტიტუტის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ გუშაგთა კორპუსი ირანული უპილოტო საფრენი აპარატების მთავარი ოპერატორია, ამიტომაც ირანელი ინსტრუქტორები შესაძლოა, მისი თანამშრომლები ან მასთან დაკავშირებული პირები იყვნენ.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ირანის შეიარაღებული ძალების ნაწილია, რომელიც 1979 წელს, ირანული რევოლუციის შემდეგ, აიათოლა ხომეინის ბრძანებით დაარსდა. თუ ირანის არმია ირანის საზღვრებს და ქვეყანაში შიდა წესრიგს იცავს, ირანის კონსტიტუციით, გუშაგთა კორპუსის ამოცანა ქვეყნის ისლამური პოლიტიკური სისტემის დაცვა და უცხოური ჩარევისა და სამხედრო გადატრიალების თავიდან არიდებაა. გუშაგთა კორპუსი ტერორისტულ ორგანიზაციადაა აღიარებული ბაჰრეინის, საუდის არაბეთისა და შეერთებული შტატების მიერ.

დღევანდელ ანგარიშში ომის კვლევის ინსტიტუტი ასევე წერს, რომ რუსეთმა გააძლიერა თავისი პროპაგანდა, რათა უკრაინა ტერორისტულ სახელმწიფოდ წარმოაჩინოს. ეს, სავარაუდოდ, რუსეთის ტერორისტის სპონსორად აღიარების შესახებ დაწყებული უკრაინული კამპანიის პასუხია.

ISW-ი იუწყება, რომ რამდენიმე რუსული წყაროს ცნობით, რუსეთის ეფესბემ დააკავა უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც, მათი მტკიცებით, 12 ოქტომბერს ტერაქტებს გეგმავდნენ სვერდლოვსკში, მოსკოვსა და ბრიანსკის ოლქში.

როგორც ინსტიტუტის ანალიტიკოსები მიუთითებენ, რუსეთის საინფორმაციო სივრცე შესაძლოა ამზადებდეს წინაპირობებს უკრაინაზე მომდევნო მასობრივი დარტყმების გასამართლებლად, ხოლო რუსეთის ხელისუფლება გეგმავდეს პროვოკაციულ, ე.წ. false-flag თავდასხმას რუსეთის წინააღმდეგ, რათა შემდეგ „ტერაქტი“ უკრაინას დააბრალოს.

ISW-ის ანგარიშის სხვა მთავარი მიგნებები:

  • რუსული წყაროების ცნობით, უკრაინის ჯარები განაგრძობდნენ კონტრშეტევას სვატოვოსა და კრემენაიას მიმართულებით, რუსეთის არმია კი განაგრძობდა ამ რაიონში დაცვითი პოზიციების გამაგრებას;
  • რუსული წყაროები იუწყებიან, რომ უკრაინის ძალებმა სახმელეთო შეტევა მიიტანეს ხერსონის ოლქის დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში;
  • რუსეთის ძალები განაგრძობდნენ სახმელეთო შეტევას ბახმუტსა და ავდეევკაში;
  • რუსეთის ძალები ამაგრებდნენ ფრონტის ხაზს ზაპოროჟიეს ოლქის დასავლეთში;
  • რუსეთის არმიისთვის კვლავაც სერიოზულ პრობლემად რჩება სამხედროების ძირითადი პერსონალური აღჭურვილობით უზრუნველყოფა.

მთავარ ფოტოზე: ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წევრები თეირანში, რევოლუციის 40 წლისთავზე/ფოტო: Abedin Taherkenareh/EPA-EFE/REX

გადაბეჭდვის წესი


ასევე: