ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გამოვლინდა დიდი ოდენობით, არადეკლარირებული სხვადასხვა სახის სამკაულის და ოქროს ნაკეთობის შემოტანის ორი ფაქტი.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში ლიბანის მოქალაქემ, ბათუმის აეროპორტის გავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, გადმოიტანა დაახლოებით 11 კილოგრამი ვერცხლისა და მარგალიტისგან დამზადებული სამკაულები, ხოლო მეორე შემთხვევაში საბაჟო გამშვები პუნქტი სადახლოს გავლით, სომხეთის რესპუბლიკიდან საქართველოში, ავტომობილში მოწყობილი სამალავით, სარეალიზაციოდ შემოტანილ იქნა 217 გრამის
ოდენობის ოქროს ნაკეთობები.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამში ამოღებული ძვირფასეულობის ჯამური საბაჟო ღირებულება შეადგენს 42 383 ლარს.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.


